საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

როგორ აზიანებს ნამახვანჰესის ხელშეკრულება სახელმწიფო ინტერესებს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

12:06 - 03 მარტი 2021 hits 10048
ფოტო - სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის
გარემოს დაცვა
ფოტო - სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის

ნამახვანჰესთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით, სახელმწიფო ვალდებულია, 15 წლის განმავლობაში გარანტირებულად შეისყიდოს ელექტროენერგია 6.2 ცენტად, რომელიც ყოველწლიურად 3%-ით გაიზრდება. ელექტროენერგიის საფასური იმაზე მაღალი იქნება, ვიდრე ენერგობაზარზე სხვა მომწოდებლების მიერ უზრუნველყოფილი ენერგია. კომპანიისთვის გადაცემული მიწის გარდა, დაახლოებით დამატებით 600 ჰექტრამდე ტერიტორიაზე, მთავრობა ვალდებულია „ენკა რინიუებლზს“ 1 ლარად გადასცეს სხვა „საჭირო მიწის ნაკვეთებიც“. მიწის „საჭიროებას“კომპანია ადგენს, მისი განსაზღვრებები კი იმდენად ფართოა, რომ მოიცავს რიონის ხეობას, რაჭა-ლეჩხუმსა და იმერეთს. იმ შესაძლო გარემოებების სია, რა შემთხვევაშიც კომპანია სახელმწიფოსგან ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს, განუსაზღვრელად დიდია. ყველა შესაძლო ბიზნეს რისკი, კომპანიის სასარგებლოდ სახელმწიფო ბიუჯეტითაა დაზღვეული.

ეკონომიკის სამინისტრო ნამახვანჰესთან დადებულ ამ ხელშეკრულებას დიდი ხნის განმავლობაში არ ასაჯაროებდა. დოკუმენტი 2021 წლის 7 თებერვალს გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება ifact-მა მოიპოვა და გამოაქვეყნა. ხელშეკრულება ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) შეისწავლა და კრიტიკულად მიმოხილავს.

ნამახვანჰესი ვერ უზრუნველყოფს ქვეყნისთვის უკეთეს ენერგოტარიფს და ენერგოუსაფრთხოებას

ხელშეკრულების მიხედვით, სახელმწიფო ვალდებულია, 15 წლის განმავლობაში გარანტირებულად შეისყიდოს ელექტროენერგია 6.2 ცენტად, რომელიც ყოველწლიურად 3%-ით გაიზრდება. ელექტროენერგიის საფასური იმაზე მაღალი იქნება, ვიდრე ენერგობაზარზე სხვა მომწოდებლების მიერ უზრუნველყოფილი ენერგია.

ხელშეკრულების მიხედვით, გარანტირებული შესყიდვის შეთანხმება ვრცელდება წელიწადის 8 თვეზე (სექტემბერი - აპრილის პერიოდი) 15 წლის მანძილზე, 4 თვის განმავლობაში კი კომპანია თავისუფლად განკარგავს ენერგიას. გარდა ამისა, მთავრობა ვალდებულია, რომ 2022 წლის 1 იანვრამდე თურქეთის მიმართულებით ელექტროენერგიის  გადამცემი ხაზის სიმძლავრე გაზარდოს.

15 წლის შემდგომ კომპანია არ არის ვალდებული ელექტროენერგია საქართველოს ბაზარზე გაყიდოს. რაც აბათილებს არგუმენტს, რომ ნამახვანჰესი საქართველოს გაზრდილ ენერგო-საჭიროებებს მოემსახურება გრძელვადიან პერსპექტივაში.

ასევე, Გადამცემი ხაზების გაძლიერება საქართველოს ფინანსური ვალდებულებაა, ხოლო თუ სახელმწიფომ დროულად არ შეასრულა ეს ვალდებულება, კომპანიას კომპენსაცია სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს ქვეყნის ბიუჯეტიდან.

 

კომპანიის შეუზღუდავი უფლებები ბუნებრივ რესურსებზე

ხელშეკრულების მიხედვით, კომპანისათვის გადაცემული მიწის გარდა, დაახლოებით დამატებით 600 ჰა-მდე მიწის ტერიტორიაზე, მთავრობა ვალდებულია 1 ლარად გადასცეს კომპანიას სხვა „საჭირო მიწის ნაკვეთებიც“, მაშინაც კი თუ მიწას აქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სტატუსი.

ხელშეკრულებაში ტერმინი „საჭირო მიწა“ განმარტებულია მეტისმეტად ფართოდ და მოიცავს იმ ნაკვეთებს, რომლებიც საჭიროა არა მხოლოდ მშენებლობისთვის, არამედ წიაღისეული რესურსების (მათ შორის, ქვიშა-ხრეში) მოსაპოვებლად. ამასთან, მიწის „საჭიროებას“ ადგენს კომპანია, მისი განსაზღვრებები კი იმდენად ფართოა, რომ შეეხება რიონის ხეობას, რაჭა-ლეჩხუმსა და იმერეთს. თუ „საჭირო მიწა“ იქნება ისეთი კერძო პირის საკუთრებაში რაჭა-ლეჩხუმის ან იმერეთის ტერიტორიაზე და რიონის ხეობის ფარგლებში ნებისმიერ ტერიტორიაზე, რომელიც გასხვისებაზე უარს იტყვის, სახელმწიფო ვალდებულია, ამ მიწის ექსპროპრიაციის/ჩამორთმევის გზით მოპოვებაშიც დაეხმაროს კომპანიას.

ხელშეკრულების მიხედვით,

კომპანიას უფლება აქვს გამოიყენოს არამხოლოდ რიონის და მისი შენაკადების, არამედ ასევე მდინარე ცხენისწყალის წყლის რესურსი.

ამასთან, ხელშეკრულება შეიცავს ბუნდოვან ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც, ცხენისწყლიდან კომპანიისთვის წყლის მიწოდების უზრუნველყოფა მთავრობის ვალდებულებაა. ასევე, მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას, რომ რიონის ზედა წელის გამოყენებით საფრთხე არ შეექმნება ნამახვანის გამომუშავებას. ინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო აანაზღაურებს ყველა დანაკარგს. კომპანიას არანაირი ფინანსური ვალდებულება არ ეკისრება საქართველოს წყლის რესურსის გამოყენებისთვის. მეტიც, სახელმწიფოს დასჭირდება დამატებითი საბიუჯეტო დანახარჯების გაწევა იმისთვის, რომ ჰესს საკმარისი ჰიდრორესურსი ჰქონდეს  მაქსიმალური გამომუშავების მისაღწევად სხვა მდინარის დახმარებით.

ხელშეკრულების მიხედვით, მთავრობა კომპანიას ათავისუფლებს კარიერებიდან ბუნებრივი რესურსების ან სხვა ნებისმიერი ბუნებრივი რესურსებისთვის საჭირო ლიცენზიის მოპოვების ვალდებულებისგან. ასევე, მთავრობა იღებს ვალდებულებას, დაეხმაროს კომპანიას მოჭრილი ხის მასალის დასაწყობების პროცესში. კომპანია უფლებამოსილია, შესაბამისი დასაბუთებით, ნებისმიერი ბუნებრივი რესურსი მოიპოვოს ლიცენზიის გარეშე. Ასევე, უნდა ვივარაუდოთ, რომ კომპანიას შეუძლია, თავის სარგებლობა/საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებზე მოჭრას ხე-ტყე. კანონმდებლობის, გადასახადისა და ბაზრის წესების ცვლილებით გამოწვეულ ფინანსურ ხარჯებს მთლიანად სახელმწიფო ანაზღაურებს

 

კანონმდებლობის და ბაზრის ცვლილება

ხელშეკრულების მიხედვით, თუ კანონმდებლობაში განხორციელდება ცვლილება, რომელიც კომპანიის ეკონომიკურ ან ფინანსურ მდგომარეობაზე მოახდენს არსებითად უარყოფით გავლენას, ან შეიცვლება ელექტროენერგის სისტემის ოპერირების ან/და ელექტროენერგიით ვაჭრობის წესები, მხარეებმა უნდა მოილაპარაკონ, რომ ეს ცვლილებები აისახოს ხელშეკრულებაში (მაგალითად: ელექტროენერგიის რეალიზაციის პირობებში) ისე, რომ კომპანიის ეკონომიკური და ფინანსური პოზიცია, რაც ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული, შენარჩუნდეს. ეუთანხმებლობის შემთხვევაში, ფისკალურ ტვირთებს მხოლოდ სახელმწიფო იღებს საკუთარ თავზე. იმ პირობებში, როდესაც საქართველო, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აქტიურად მუშაობს ეროვნული კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებაზე, მოსალოდნელია არსებითი საკანონმდებლო ცვლილებები, მათ შორის, ენერგეტიკის დარგში. შესაბამისად, მაღალი ალბათობით, შეთანხმების ეს პუნქტი  უახლოეს მომავალში სახელმწიფოსთვის მძიმე ფისკალურ ვალდებულებებს დააკისრებს.

 

გადასახადების ცვლილება

ხელშეკრულების მიხედვით, კომპანია და „პროექტის მონაწილეები“ უფლებამოსილი არიან, მოითხოვონ მთავრობისგან ნებისმიერი ზიანის კომპენსირება, რომელიც მიადგებათ გადასახადის ზრდით, ან ნებისმიერი იმგვარი რეგულაციის შემოღებით, რაც გაზრდის მათ საგადასახადო ტვირთს. მთავრობა არამხოლოდ ვალდებულია, კომპანიას აუნაზღაუროს გადასახადების ზრდით გამოწვეული შემცირებული შემოსავალი ან გაზრდილი ხარჯი, არამედ ასევე დამატებით „დანაკარგი”, ანუ ზიანი. დანაკარგი კი ხელშეკრულებით მაქსიმალურად ფართოდაა განმარტებული და პირდაპირ ზიანთან ერთად, მოიცავს შემოსავალსა და მოგებას, რომელიც კომპანიამ ვერ მიიღო და ასევე, დაკარგულ შესაძლებლობასაც კი. ამასთან, მთავრობა ვალდებულია, კომპენსაცია გადაუხადოს არამხოლოდ კომპანიას, არამედ პროექტის სხვა მონაწილეებსაც.

 

შეთანხმება არ ქმნის საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების გარანტიებს

ხელშეკრულების მიხედვით, კომპანია მიმართავს ყველა კომერციულად გონივრულ მცდელობას, რომ დასაქმებულების საშუალოდ 70/50/70/80% (დამოკიდებულია პროექტის სტადიაზე) იყოს საქართველოს მოქალაქე. ამასთან, ეს პირობა შესრულდება იმ შემთვევაში, თუ კომპანია შეძლებს საკმარისი კვალიფიკაციის მქონე საქართველოს მოქალაქეების პოვნას, რომლებიც კომერციულად იმავე პირობებით იმუშავებდნენ, როგორც უცხოელები.

ჩანაწერი, რომელიც საქართველოს მოქალაქეების დასასაქმებლად „ყველა კომერციულად გონივრულ მცდელობაზე“ საუბრობს, პროცესზეა ორიენტირებული და არა შედეგზე, რაც დადგენილი პირობების გათვალისწინებით, არ გულისხმობს კომპანიის ვალდებულებას, საქართველოს მოქალაქეების დასაქმების ნაწილში. იმ პირობებში, როდესაც კომპანიას ხელშეკრულებით საქართველოს მოქალაქეების გადამზადების ვალდებულება არ აკისრია,  ძალიან მცირეა იმის ალბათობა, რომ ადგილზე ელექტროსადგურის მშენებლობისთვის საჭირო კვალიფიკაციის კადრები აღმოჩნდებიან. ამიტომაც, ადგილობრივების უმრავლესობა, სავარაუდოდ, ე.წ. შავ სამუშაოზე დასაქმდება. შესაბამისად, თუ კომპანია იაფ და მათი შეფასებით „კვალიფიციურ“ მუშახელს ადგილზე ვერ მოიძიებს, სრულებით თავისუფალია, ასეთ მუშახელად უცხოელები გამოიყენოს.

 

ფორს-მაჟორული გარემოებებისას ყველა სახის ზიანისა და დანაკარგის ანაზღაურება სახელმწიფოს ვალდებულებაა

ხელშეკრულების მიხედვით, ხელშეკრულებით გამიჯნულია ფიზიკური და არაფიზიკური (პოლიტიკური) ფორს-მაჟორული გარემოებები და მათ მიერ გამოწვეული შედეგები განსხვავებულად რეგულირდება. ფიზიკურ, იგივე არაპოლიტიკურ ფორს-მაჟორს მიეკუთვნება ისეთი მოვლენები, როგორიცაა ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა, ეპიდემია და სხვა. პოლიტიკურ ფორს-მაჟორულ გარემოებებს განეკუთვნება ნებისმიერი საომარი მოქმედება, შეიარაღებული კონფლიქტი, რევოლუცია, აჯანყება, სამოქალაქო არეულობა, ბლოკადა, ემბარგო და სხვა. ასევე, ნებისმიერი საჯარო აგიტაცია ან პროტესტი, რომელიც ხელს უშლის მშენებლობას ან პროექტის ოპერირებას. ხელშეკრულებით, ამგვარი ფორს-მაჟორული სიტუაციების დროს მთავრობა ვალდებულია, კომპანიას, კონკრეტულ დანახარჯებთან ერთად, აუნაზღაუროს მიყენებული ზიანიც, იგივე „დანაკარგი“, რომელიც ხელშეკრულებით უკიდურესად ფართოდ განმარტებული ტერმინია.

ხელშეკრულების მიხედვით, სახელმწიფო არამხოლოდ არ თავისუფლდება პოლიტიკური ფორსმაჟორის დროს ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებისგან (მაგ. ელექტროენერგიის საფასურის შეუფერხებლად გადახდა), არამედ უფრო მეტიც, თუ კომპანიას ამ სახელმწიფოს კონტროლს მიღმა არსებული გარემოებებით მიადგება ზიანი, მთავრობა ვალდებულია, კომპანიას ზიანიც აუნაზღაუროს. მეორე მხრივ, პოლიტური ფორსმაჟორის დროს, თუ კომპანიამ ვერ შეასრულა ვალდებულებები, ეს საპატიოდ ითვლება.

ამ თემაზე:

რა საფრთხეს უქმნის ნამოხვანის კასკადი ტვიშის მიკროზონას

რატომ ითხოვს „მწვანე ალტერნატივა“ ნამოხვანის ჰესების მშენებლობაზე ნებართვის გაუქმებას

რიონის ხეობის დარაჯები

ჩემი საქციელი უღირსი იქნება, თუ ნამოხვანის ჰესებზე ხმამაღლა არ ვისაუბრებ - მეუფე სტეფანე

576 ჰექტარი 16 ლარად, 99 წლით - რიონის ხეობა ნამახვანჰესის კომპანიას გადასცეს

როგორ (ვერ) ჭყლეტს რიონის ხეობის დარაჯებს სახელმწიფო

რა პირობებს არღვევს ნამახვანჰესის მშენებელი კომპანია და რატომ მალავდა დარღვევებს მთავრობა

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში