საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ევროპული ბანკების დასკვნით, ნენსკრა ჰესი საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება

21:42 - 09 სექტემბერი 2020 hits 2195

ორწლიანი გამოძიების შემდეგ, ორი უმსხვილესი ევროპული ბანკის გასაჩივრების მექანიზმმა სვანეთში დაგეგმილი ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტი საერთაშორისო სტანდარტებისთვის შეუსაბამოდ მიიჩნია. პროექტი ამავე საფინანსო ინსტიტუტების უსაფრთხოების პოლიტიკას და სტანდარტებს არღვევს.

საქმე ეხება ნენსკრა ჰესის დამფინანსებლების - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მოთხოვნებს, რომელთა მნიშვნელოვან ნაწილს პროექტი ვერ აკმაყოფილებს.

კერძოდ, ნენსკრა ჰესი ბანკების სტანდარტებს არ შეესაბამება ისეთ ფუნდამენტურ საკითხებში, როგორებიცაა: ძირძველი მოსახლეობის უფლებები, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, პროექტის ალტერნატივების შესწავლა, გენდერული საკითხები, ინფორმაციის გამჭვირვალობა, ნენსკრა ჰესის პროექტის განმახორციელებელი კომპანიის წარმომადგენელთა კომპეტენცია. 

EBRD-ისა და EIB-ის გასაჩივრების ორგანოებს, გამოძიების მოთხოვნით 2018 წელს, სვანეთის მცხოვრებლებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა „მწვანე ალტენრატივამ“ და CEE Bankwatch Network-მა მიმართეს.

„გასაჩივრების მექანიზმების დასკვნები ცალსახად აღიარებს იმ დარღვევებს და შეუსაბამობებს, რასაც ადგილი ჰქონდა პროექტის მომზადების პროცესში და რის შესახებაც დიდი ხნის განმავლობაში საუბრობდნენ ადგილობრივები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმასაც, რომ

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მონაწილეობა, სამწუხაროდ, არ არის პროექტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელების გარანტი.

ამის ნათელი მაგალითებია შუახევისა და დარიალის ჰესები, მწარე გამოცდილებით, სადაც ასევე მონაწილეობდნენ საერთაშორისო ბანკები, თუმცა ამან პროექტების საიმედოობა ვერ უზრუნველყო.

ნენსკრა ჰესის ირგვლივ ამდენი დამტკიცებული დარღვევის ფონზე, მიგვაჩნია, რომ პროექტი არ უნდა განხორციელდეს“, - აღნიშნავს დათო ჭიპაშვილი, „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელი.

„ეს დასკვნები, რაც ჩვენს საჩივრებსა და გამოძიებას მოჰყვა, კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ბრძოლა შეიძლება იყოს ხანგრძლივი და რთული, მაგრამ მას ყოველთვის აქვს აზრი. ჩვენ ჩვენი გარემო მცირე ზიანისთვისაც კი არ გვემეტება, არა თუ იმ რისკებისთვის, რაც საერთაშორისო ბანკების გასაჩივრების ორგანოების დასკვნებში წერია. მოსახლეობის თვალწინ ბევრი რამ მომხდარა, ამ საფრთხეებს ჩვენ ისედაც ვხედავთ ყოველდღიურად, რაც არ უნდა შელამაზებულად იყოს ისინი ჩაწერილი საპროექტო დოკუმენტებში“, - ამბობს ლილე ჩხეტიანი, სვანეთის მკვიდრი და საჩივრების ერთ-ერთი ავტორი.

გასაჩივრების მექანიზმების დასკვნებში აღნიშნულია, რომ EBRD-ის და EIB-ის ხელმძღვანელობამ ნენსკრა ჰესის პროექტი ბანკების დირექტორთა საბჭოებს დასამტკიცებლად ისე წარუდგინა, რომ ის გარემოსდაცვით და სოციალურ სტანდარტებს არ შეესაბამებოდა.  

მას შემდეგ, რაც მნიშვნელოვანი შეუსაბამობები დადგინდა, EBRD-ის და EIB-ის გასაჩივრების მექანიზმები ბანკების მენეჯმენტისგან შეცდომების გამოსწორებას ითხოვენ და მათთვის რეკომენდაციები მოამზადეს, მათ შორის:

ხელახლა გამოიკვლიონ სვანების ძირძველი მოსახლეობის სტატუსთან შესაბამისობის საკითხი, შეიმუშავონ პროექტის ალტერნატივები, სრულად შეისწავლონ ჰესისა და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული და დაგეგმილი პროექტების კუმულაციური (ერთობლივი) ზემოქმედება, პროექტის სოციალური და გენდერული ზემოქმედება, აგრეთვე ზეგავლენა არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობაზე;

გაიზარდოს ნენსკრას მმართველი კომპანიის გარემოსდაცვითი და სოციალური გუნდის თანამშრომელთა ცოდნა, კომპეტენცია და უნარები.

ნენსკრას პროექტში ოთხი საერთაშორისო ბანკი მონაწილეობს. EIB ჰესისთივს 150 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას აპირებს, EBRD კი 214 მილიონი აშშ დოლარის. პროექტში ჩართულები არიან აზიის განვითარებისა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკებიც.

280 მეგავატის სიმძლავრის ნენსკრა ჰესი საქართველოში ერთ-ერთი მასშტაბური იქნება. დამოუკიდებელ ექსპერტთა შეფასებით, პროექტი თუ განხორციელდა, ის გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს მთისა და მდინარეების ეკოსისტემებს, გააუარესებს საცხოვრებელ გარემოს და ეკონომიკურ პრობლემებს შეუქმნის სვანეთის მოსახლეობას.

ადგილობრივი მოსახლეობა წლებია ნენსკრა ჰესის მშენებლობის პროექტს აპროტესტებს. მის ფინანსურ რისკებზე სხვადასხვა დროს მიუთითებდნენ მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი. ორი წლის წინ, ნენსკრა ჰესი მოულოდნელად დატოვა მთავარმა კონტრაქტორმა - საერთაშორისო სამშენებლო კომპანია Salini Impregilo-მ. 2019 წელს მედიაში გაჟონა ნენსკრას შესახებ მთავრობასა და პროექტის მშენებლებს შორის დადებული, იქამდე გასაიდუმლოებული ხელშეკრულების დეტალებმა, რომლის მიხედვითაც აღმოჩნდა, რომ პროექტი ქვეყნის ბიუჯეტს 60 მილიონით აზარალებს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში