საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

„ჯარას“ ჩვენება 20 აპრილს კინოს სახლში გაიმართება

13:23 - 15 აპრილი 2017 hits 5235

ქართულ ტრადიციულ მეფუტკრეობაზე სტუდია EcoFilms-ის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის „ჯარას“ ჩვენება 20 აპრილს, 19:00 საათზე, თბილისში, კინოს სახლში გაიმართება. უახლოეს დღეებში ფილმის ჩვენება დაგეგმილია ბათუმში, კინოთეატრ „აპოლოში“.

ფილმი მთიანი აჭარის ველურ ბუნებაშია გადაღებული და ნაჩვენებია ადამიანისა და ველური ბუნების ურთიერთობა. ოდესღაც, სანამ მოაშინაურებდნენ, ფუტკარი თაფლს ხის ფუღუროში აგროვებდა. ადამიანმაც უკვე მოშინაურებული ფუტკარი ხის დიდი მორებისგან გაკეთებულ ფუღუროში დააბინავა. ამ ფუღუროს კი ჯარა, ანუ გეჯა უწოდა. ფუტკრებიან ჯარას მაღალი ხის ტოტებზე, მოუწვდომელ ადგილას ან კლდეზე ათავსებდნენ. ასეთ დროს ადამიანი ნაკლებად ერეოდა ფუტკრის საქმიანობაში და თაფლიც, დღევანდელი სკისგან განსხვავებით, უფრო ბუნებრივი გამოდიოდა. მეფუტკრეობის ასეთი უძველესი ტრადიცია დღეს საქართველოში მხოლოდ მთიან აჭარაშია შემორჩენილი.

ფილმში ასევე ნაჩვენებია კავკასიური მურა დათვისა და მგლების შებრძოლება, როჭოების საქორწინო რიტუალები, მამალი როჭოები როგორც ცდილობენ დედალ როჭოებს თავი მოაწონონ, ბათუმის ძაბრი და გადამფრენი ფრინველები, წარმოჩენილია ეკოტურიზმი, ადგილობრივი მოსახლეობის ყოფა-ცხოვრება, ტრადიციები.

ფილმის რეჟისორი ნიკა წიკლაურია. ის ჰელენ ბრედბერისთან ერთად არის პროდიუსერიც, დამდგმელი ოპერატორია გია ვაწაძე, ოპერატორი - ნიკა ქერდიყოშვილი, მემონტაჟე - ელენე ასათიანი, კომპოზიტორი - დავით მალაზონია.

ფილმის მხარდამჭერები არიან შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო, არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორფსი“ (Mercy Corps), ველური ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF), გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში