საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

კობი გუდაურის საბაგირო გზით ყაზბეგში ტურისტების რაოდენობის ზრდას ელოდებიან

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:35 - 04 მარტი 2018 hits 15086

კობი-გუდაურის დამაკავშირებელი ახალი საბაგირო გზის მშენებლობა 2018 წლის დეკემბერში დასრულდება. 7.5 კილომეტრიანი გზის გავლა 15 წუთში იქნება შესაძლებელი. ზამთარში, დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების დროს, როცა ჯვრის უღელტეხილზე გამავალი საავტომობილო გზა ჩაკეტილია, მსურველები ყაზბეგიდან გუდაურში გადასვლას საბაგიროთი შეძლებენ.

კობი-გუდაურის საბაგირო გზა რეგიონში ყველაზე გრძელი იქნება. საბაგირო გზის მშენებლობისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 81 მილიონი ლარია გამოყოფილი. სამშენებლო სამუშაოებს შპს „ფერი“ ახორციელებს.

მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორის, სანდრო ონოფრიშვილის განცხადებით, ახალი საბაგირო გზა ხელს შეუწყობს, კობი კურორტად განვითარდეს.

კობი-გუდაურის საბაგირო გზა ხეობის განვითარების იმედს აძლევს ივა წიკლაურს, რომელიც პროფესიონალი მოთხილამურეა: „კარგია, რომ კურორტი ფართოვდება. ეს აუცილებელი იყო. ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ახალი საბაგირო გზა მეორე ხეობასაც განავითარებს, სადაც აქამდე არაფერი ხდებოდა“.

მისივე თქმით, ახალი საბაგირო გზის მშენებლობის შედეგად, ჩრდილოეთ ფერდობზე სრიალი გვიან გაზაფხულამდე იქნება შესაძლებელი.

კომპანია „ჯეოველო რისერჩის“ მიერ, 2016 წელს ჩატარებული კვლევის (გუდაურის კვლევა ყაზბეგის მუნიციპილატიტეტის განვითარების კუთხით) მიხედვით, კობი-გუდაურის სათხილამურო ინფრასტრუქტურის დაკავშირება, რუსეთიდან ყაზბეგში ტურისტების დიდი ნაკადის შემოდინებას გამოიწვევს.

გუდაურში ძალიან ბევრი სასტუმრო და საოჯახო სასტუმრო ზამთარში გადატვირთულია და ამის გამო, განსაკუთრებით ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან შემოსული ტურისტები, ყაზბეგში ბინავდებიან. ერთი სირთულე, რაც ამ სიტუაციაში გვხდება, არის ის, რომ დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო, კობის უღელტეხილის სიახლოვეს მდებარე გზა პერიოდულად იკეტება.

შესაძლოა, ერთ სეზონზე თოვლის გამო გზა 10-ჯერ ჩაიხერგოს და ასეთი ვითარება 20-25 დღე გაგრძელდეს. ამ რისკების თავიდან ასაცილებლად ტურისტები გუდაურში დაბინავებას ამჯობინებენ, რაც ბევრად ძვირი უჯდებათ.

გუდაურის ყველაზე იაფ საოჯახო სასტუმროში ერთი ღამის გათევის ფასი 30-40 ლარიდან იწყება, ხოლო ისეთ სასტუმროებში, როგორიცაა „მარკო პოლო“, აქტიურ სეზონზე სტანდარტული ნომერი 450 ლარი ღირს. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დანარჩენ ნაწილში, საოჯახო სასტუმროებში ფასები ზამთარში 15-20 ლარიდან იწყება, თუმცა ზამთრის პერიოდში ფაქტობრივად ტურისტები არ ჰყავთ, თუ არ ჩავთვლით სატვირთო ავტომობილების მძღოლებს, რომლებიც გზის ჩაკეტვის გამო ღამის გასათევ ადგილს საჭიროებენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გასული წლის ივლისში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სნოში სასტუმროს გახსნისას განაცხადა, რომ კობი და სნოს ხეობა ზამთრის კურორტი გახდება და გუდაურს მიებმება.

მთავრობის მეთაურის თქმით, 2018 წელს დაიწყება მლეთა-კობის გვირაბის მშენებლობაც, რომელიც 2020 წლისთვის დასრულდება.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში