საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

კავკასიაში ხის კენწეროების პირველი ბილიკი შესაძლოა ლაგოდეხში მოეწყოს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:56 - 01 ოქტომბერი 2017 hits 17985

უფრო უკეთ რომ შეიცნოთ ბუნება, აცდეთ ხის კენწეროებს, ფრინველის პერსპექტივიდან გადმოხედოთ ტყეს და დატკბეთ ხედებით – ამის საშუალებას გაძლევთ ხის კენწეროების ბილიკი, რომელიც კავკასიის მასშტაბით პირველად, შესაძლოა, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე მოეწყოს.

„ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის“ (WWF) კავკასიის წარმომადგენლობამ ლაგოდეხის ნაკრძალში ხის კენწეროების ბილიკის პროექტირებაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო განაცხადების მიღების ბოლო ვადა 13 ნოემბერია. პროექტს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო აფინანსებს.

ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა შეისწავლოს ხის კენწეროების ბილიკის პროექტის ტექნიკური განხორციელების შესაძლებლობები, შეიმუშაოს პროექტის დეტალური გეგმა, დიზაინი და სავარაუდო ღირებულება. კვლევა ასევე მოიცავს მომსახურების გაიდლაინების შედგენას, ვიზიტორთა სავარაუდო რაოდენობის, შემოსავლების, საჭირო საოპერაციო, სარემონტო ხარჯების და პროექტის განხორციელებით ეკონომიკაში შეტანილი სავარაუდო წვლილის დაანგარიშებას.

ხის კენწეროების ბილიკები როგორც წესი ხიდებია ხეებს შორის ან პლატფორმა მათ გარშემო. თავდაპირველად ბილიკები ტყის ზედა ნაწილის სამეცნიერო კვლევის მიზნით კეთდებოდა, დღეს კი ეკოტურიზმის შემადგენელი ნაწილიც არის, რომელიც მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება.

ბილიკების საშუალებით დამთვალიერებლები ეცნობიან ტყის კომპლექსურ ეკოსისტემას - ტყის ბინადარ ცხოველებს, ფრინველებს, მწერებს, სოკოებს და მრავალფეროვან ფლორას.

ყველაზე ცნობილი ხის კენწეროების ბილიკები გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, განაში, მალაიზიასა და ავსტრალიაშია.

ხის კენწეროების არცერთი ბილიკი არ არის კავკასიაში, არც თურქეთში.

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორი გიორგი სულამანიძე ამბობს, რომ მსგავსი ბილიკი ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადის, შემოსავლების გაზრდას, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დამატებითი სამუშაო ადგილების გაჩენას.

„ჯამში ბილიკის სიგრძე შეიძლება იყოს დაახლოებით 500 მეტრი. ხის კენწეროების ბილიკი დამთვალიერებლებს შესთავაზებს გასართობ და საგანმანათლებლო გამოცდილებას ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ხეების და წყლის ეკოსისტემის შესახებ. ბილიკი უნდა განთავსდეს ქვედა ხეობაში, ადმინისტრაციის შენობიდან დაახლოებით ნახევარ კილომეტრში, რომელიც ადვილად მისადგომი ადგილია. ბილიკის დასაწყისი იქნება მეტროში შესასვლელის მსგავსად, ბარიერი, სადაც ვიზიტორი მონეტის ჩაგდების შემდგომ შევა. ეს იქნება დამატებითი შემოსავლის მომტანი. მე ვფიქრობ, რომ ბილიკი მოიცავს კოშკურებს, საჰაერო ბილიკს, ხიდებს და საგანმანათლებლო და საინტერპრეტაციო წერტილებს. 1 წლის განმავლობაში ბილიკმა შესაძლოა უმასპინძლოს 60 000 – 100 000 ადამიანს“, – აღნიშნავს გიორგი სულამანიძე და ვარაუდობს, რომ ხის კენწეროების ბილიკის მოწყობა დაახლოებით 2 მილიონი ლარი დაჯდება: „თანხის ნაწილი შესაძლოა ადგილობრივმა ბიუჯეტმა გამოყოს, ნაწილი მუნიციპალური განვითარების ფონდმა“.

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ხის კენწეროების ბილიკის მოწყობის შესახებ გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა 2017 წლის მარტში განაცხადა. მისი თქმით, პროექტის განხორციელების შედეგად ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა რაოდენობა გაორმაგდება.

2017 წლის იანვრიდან დღემდე ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებს 40 600-ზე მეტი ვიზიტორი ეწვია.

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები თბილისიდან 160 კილომეტრშია, სიღნაღიდან და ყვარლიდან 35 კილომეტრში, თელავიდან 80–ში, აზერბაიჯანის საზღვრიდან კი 5 კილომეტრში. ლაგოდეხის ნაკრძალი პირველი დაცული ტერიტორიაა კავკასიაში. ის 1912 წელს დაარსდა. გამორჩეულია მსოფლიოში ერთ-ერთი უკეთესად შემონახული, პირველყოფილი, ველური ბუნებრივი ლანდშაფტებით.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში