საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ამბროლაურში ახალი სასტუმრო აშენდება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

15:40 - 13 მარტი 2017 hits 5200

ამბროლაურში, ყოფილი სანატორიუმის ადგილზე ახალი, 30-ნომრიანი სასტუმრო აშენდება. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე სანატორიუმის ყოფილი შენობა ფიზიკურმა პირმა ბექა ბარსონიძემ 164 000 ლარად იყიდა.

„აუქციონის პირობების მიხედვით, სასტუმროს მშენებლობა 36 თვეში უნდა დასრულდეს. სამშენებლო სამუშაოებს ხელშეკრულების გაფორმებისთანავე დავიწყებთ. სასტუმროში 30 ნომერი იქნება. ნომრის ფასი15 ლარიდან დაიწყება. გვექნება 30-ლარიანი, 40-ლარიანი და 60-ლარიანი ნომრებიც. სასტუმრო ერთდროულად 130 ადამიანის მიღებას შეძლებს. ის გათვლილია როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ტურისტებზეც. აქვე იქნება სპორტულ-საწვრთნელი ბაზაც, რომ სპორტსმენების მიღებაც შევძლოთ. მეორე სართულზე ჰოსტელის ტიპის, 6-საწოლიანი ნომრებიც გვექნება. ვფიქრობთ, რომ ამბროლაურში აეროპორტის გახსნის შემდეგ რაჭაში ტურისტების ნაკადი გაიზრდება. გვინდა, რომ ტურისტებს კარგად გამართული სასტუმრო და მისაღები ფასები შევთავაზოთ. პირველი სტუმრების მიღებას, სავარაუდოდ, ივლისიდან შევძლებთ,“ - უთხრა „მთის ამბებს“ ბექა ბარსონიძემ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ,  პროექტის - „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში ამბროლაურში, ბრატისლავა-რაჭის ქუჩაზე, N1 შესახვევის N11-ში მდებარე 2005 კვადრატული მეტრის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა (საერთო ფართი 2134.24 კვადრატული მეტრი) პირობიან ელექტრონულ აუქციონზე 2017 წლის 23 თებერვალს გამოიტანა.

უძრავ ქონებაზე დაახლოებით 338 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება. სამშენებლო სამუშაოებზე 10 ადამიანი დასაქმდება.

„50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ პროექტის ფარგლებში ეს რაჭაში პრივატიზებული რიგით მეორე ქონებაა. პირველი ქონება - 1691 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი 2016 წელს ელექტრონული აუქციონის ფორმით სოფელ უწერაში გასხვისდა, სადაც 12 ნომრიანი სასტუმროს ასაშენებლად 450 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში