საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

მსურველებს ძვირადღირებული კაკლის - ფისტას ნერგების უფასოდ მიღება შეუძლიათ

20:52 - 05 მარტი 2017 hits 58533

პროექტის „ფისტა ჩვენ ოჯახში“ ფარგლებში დაინტერესებულ პირებს ძვირადღირებული კაკლის - ფისტას ნერგების უსასყიდლოდ მიღება შეუძლიათ. ამისათვის „საქართველოს ფისტას ასოციაციის“ სარეგისტრაციო ფორმა უნდა შეავსოთ, რის შემდეგაც ასოციაცია გადაწყვეტს, ნერგი ვისზე გასცეს.

„საქართველოს ფისტას ასოციაციის“ ინფორმაციით, პრიორიტეტი იმ რეგიონებში მცხოვრებ პირებს ენიჭებათ, სადაც ფისტა ნაკლები რაოდენობითაა დარგული. პროექტის ფარგლებში 3-3 ნერგი გაიცემა. საქართველოში ჯამში ფისტას 10 ათასამდე ნერგი უნდა დარიგდეს. 900-მდე ნერგი უკვე გაცემულია.

ფისტა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული კაკალია, რომელზეც სხვადასხვა ქვეყნებში მზარდი მოთხოვნაა. თბილისის სუპერმარკეტებში 100-გრამიანი „ფისტაშკას“ ფასი დაახლოებით 5-დან 6.50 ლარამდე მერყეობს.

„პირველ მოსავალს 8-12 წლის შუალედში იძლევა. 15 წლის ხე საშუალოდ 10 კილოგრამ ნაყოფს ისხამს. მოსავლის მისაღებად მხოლოდ ხის დარგვა და პერიოდულად მორწყვაა საჭირო“ - ამბობს ფერმერი გიორგი მასურაშვილი, რომელსაც ფსტის ბაღი ქარელის რაიონის სოფელ ზემო ხვედურეთში აქვს.

ფსტის (იგივეა რაც ფისტა) ხე მშრალ ნიადაგზე, ნახევარუდაბნოს პირობებში ხარობს. ვერ იზრდება თიხნარსა და ჭაობიან ნიადაგზე. უძლებს - 40 გრადუს ყინვას და +50 გრადუსამდე სიცხეს. ცოცხლობს 250-300 წელი.

ფსტა (ლათ. Pistacia) - მცენარის გვარი თუთუბოსებრთა ოჯახისაა. გვარში 20 სახეობაა, ბუჩქები და ხეებია. ველურად იზრდება საკმლის ანუ კევის ხე (ლათ. Pistacia mutica), რომელიც საქართველოშიც გვხვდება, დიდი რაოდენობით ვაშლოვანის ნაკრძალში. მრავლდება თესლით მყნობით, საძირედ იყენებენ საკმლის ხის ნერგებს. გვალვაგამძლეა, ძვირფასი ნაყოფი აქვს. მერქანს სახარატო საქმეში იყენებენ. პერსპექტიულია აღმოსავლეთ საქართველოს, თბილისის მშრალ ადგილებში.

„საქართველოს ფისტას ასოციაცია“ 2016 წლის მაისში დაფუძნდა. ასოციაციის მიზანია საქართველოში ფისტას კულტურის დანერგვის ხელშეწყობა და მოსახლეობისთვის მისი მრავალმხრივი უპირატესობის გაცნობა.

 

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში