საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

აბასთუმნის რეაბილიტაციაზე 13 მილიონი ლარი დაიხარჯება

14:03 - 25 იანვარი 2017 hits 13352

აბასთუმნის რეაბილიტაციას 13 300 000 ლარი მოხმარდება. რეაბილიტაციის პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ასრულებს.

როგორც „მთის ამბებს“ მუნიციპალური განვითარების ფონდში განუცხადეს, პროექტით გათვალისწინებულია აბასთუმნის ცენტრში, ისტორიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, რაც გულისხმობს ტროტუარების, გაზონების, გარე განათების და დაზიანებული საქალაქო ინფრასტრუქტურის სრულ აღდგენას. გარდა ამისა, კეთილმოეწყობა ცენტრალური პარკი, განახლდება იქ არსებული ხიდები და მოეწყობა პარკინგი მსუბუქი ავტომანქანებისთვის.

აბასთუმნის რეაბილიტაცია წელს დაიწყება და 2019 წლის მარტში დასრულდება.

სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდს 2017 წელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის 20-ზე მეტი პროექტი აქვს დაგეგმილი. მათი საერთო ღირებულება 66 მილიონ ლარს აჭარბებს. დაგეგმილ პროექტებს შორის ყველაზე ძვირადღირებული აბასთუმნის ურბანული განახლების პროექტია. 

ცნობილი კლიმატურბალნეოლოგიური კურორტი აბასთუმანი მესხეთის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს. მისი კლიმატი რეკომენდებულია ფილტვების დაავადებათა პროფილაქტიკისთვის. განსაკუთრებით სასარგებლოა გაზაფხულის სეზონი, როდესაც ფიჭვი დამტვერვას იწყებს. კურორტის ძირითადი სამკურნალო ფაქტორის - კლიმატის გარდა, აბასთუმანი განთქმულია ჰიპერთერმული, სუსტად მინერალიზებული წყაროებითაც, რომლებიც არაერთი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება.

აბასთუმნის თერმული სამკურნალო წყლების მეცნიერული შესწავლა XIX საუკუნის 70-იანი წლებიდან დაიწყო. პარალელურად, საფუძველი ჩაეყარა ფტიზიატრიული კურორტის მშენებლობას. საკურორტო გეგმის შემუშავებაში დიდი წვლილი მიუძღვის თბილისის გუბერნიის მინერალური წყლების სამმართველოს უფროსს, ექიმ ადოლფ რემერტს.

მე-19 საუკუნის ბოლოს აბასთუმანში ფილტვების მძიმე დაავადების სამკურნალოდ რუსეთის დიდი მთავარი, გიორგი ალექსანდრეს ძე რომანოვი დასახლდა. საგანგებოდ მეფისწულისთვის აშენდა სამკურნალო თერმული წყლების აბანო და სასახლე, სადაც მოგვიანებით სანატორიუმი მესხეთი ფუნქციონირებდა, 1994 წლიდან კი წმ. პანტელეიმონის დედათა მონასტერი.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში