საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

რაჭული თაფლით ბრიტანელი იმპორტიორები დაინტერესდნენ

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:49 - 12 იანვარი 2017 hits 4961

კოოპერატივის - „რაჭის ნატურალური პროდუქტების“ მიერ წარმოებული თაფლის შეძენით ბრიტანელი იმპორტიორები დაინტერესდნენ. კოოპერატივის თავმჯდომარეს, ლაშა გაგოშიძეს იმედი აქვს, რომ დიდ ბრიტანეთში თაფლის ექსპორტს 2017 წლის ბოლოსთვის შეძლებს.

„ჩვენი თაფლის შეძენით ბრიტანელი იმპორტიორი გასულ წელსაც დაინტერესდა. ახლა სხვა ბრიტანელი იმპორტიორისგან უფრო საინტერესო შემოთავაზება გვაქვს, მაგრამ გვაქვს 2 პრობლემა. ამ დროისთვის 1 გრამი გასაყიდი თაფლიც აღარ გვაქვს. 2016 წელი ჩვენთვის ძალიან ცუდმოსავლიანი იყო. თუ 2015 წელს ერთი სკიდან 35-40 კგ თაფლს ვიღებდით, შარშან მხოლოდ 6,5 კგ ამოვიღეთ. სულ 2,2 ტონა თაფლი გვქონდა, მაშინ, როცა 15 ტონა თაფლს ველოდით. მთელი მოსავალი ადგილობრივ ბაზარზე გასულ წელსვე გავყიდეთ და ახლა გასაყიდი აღარაფერი გვაქვს. მეორე პრობლემა ის არის, რომ მყიდველი თაფლის უვნებლობის დამადასტურებელ ლაბორატორიულ დასკვნას ითხოვს. იმპორტიორისგან მივიღე იმ ლაბორატორიული პარამეტრების ჩამონათვალი, რაზეც თაფლი აუცილებლად უნდა შემოწმდეს. ვიყავი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში და მითხრეს, რომ ყველა ამ პარამეტრზე თაფლის შემოწმებას  2017 წლის ბოლოსთვის შეძლებენ. თუ შარშანდელისგან განსხვავებით ამინდი ხელს შეგვიწყობს და კარგი მოსავალი გვექნება, თაფლს ექსპორტზეც გავიტანთ“, - ამბობს mtisambebi.ge-თან საუბარში ლაშა გაგოშიძე.

კოოპერატივში - „რაჭის ნატურალურ პროდუქტები“, რომელიც ამბროლაურშია დაფუძნებული, ამჯამად 11 მეპაიეა. კოოპერატივს 420 ოჯახი ფუტკარი ჰყავს და ძირითადად სამი სახის: ცაცხვის, წაბლის და ალპურ თაფლს აწარმოებს. „იმპორტიორების მთავარი მოთხოვნაა, რომ თაფლი აუცილებლად ეკოლოგიურად სუფთა იყოს და მავნე მინარევებსდა ანტიბიოტიკების ნარჩენებს არ შეიცავდეს. მეხუთე წელია ანტიბიოტიკებს არ ვხმარობთ და შეუძლებელია, ჩვენს თაფლში ანტიბიოტიკების ნარჩენები იყოს. მაგრამ ჩვენი პროდუქტი რომ ხარისხიანია, ეს აუცილებლად ლაბორატორიული დასკვნით უნდა დავამტკიცოთ,“ - აღნიშავს გაგოშიძე.

კოოპერატივმა არასამთავრობო ორგანიზაციის „ადამიანი გაჭირვებაში“ საგრანტო კონკურსში მოპოვებული დაფინანსებით ამბროლაურში ფუტკრის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოც ააშენა და ახლა წარმოების გაზრდას იწყებს. თაფლის წარმოებას დაემატება ფუტკრის რძე, ყვავილის მტვერი, დინდგელი და სანთელი. პირველ ეტაპზე „რაჭის ნატურალურ პროდუქტები“ ფუტკრის რძის წარმოებას დაიწყებს.

ევროკავშირმა საკუთარ ბაზარზე ქართული თაფლი 2016 წლის ბოლოს დაუშვა. 2016 წლის დეკემბრისთვის დასრულდა ყველა ფორმალური პროცედურა და საქართველო შევიდა მესამე ქვეყნების იმ ჩამონათვალში, საიდანაც ევროკავშირის ტერიტორიაზე თაფლის იმპორტია ნებადართული.

ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად, მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ევროპის კანონმდებლობასთან დაახლოებას გულისხმობს. კერძოდ, დამტკიცდა ვეტერინარული პრეპარატების, სხვა დამაბინძურებლებისა და ნარჩენი ნივთიერებების მონიტორინგის გეგმა. 2015 წლის 1 ივლისიდან კი ამოქმედდა თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც თაფლთან დაკავშირებით მოთხოვნებს ადგენს.

ახლა ბიზნესოპერატორი ვალდებულია, რომ თაფლი ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული სტანდარტებით აწარმოოს და ბაზარზეც დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად განათავსოს. თაფლის მწარმოებლებს საშუალება აქვთ, შესაბამისი სტანდარტების დაცვის შემთხვევაში საკუთარი პროდუქცია ევროპის ბაზარზე გაიტანონ.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში