საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ზამთრის ტურისტული სეზონის რეკლამაზე 3 მლნ 460 ათასი ლარი დაიხარჯა

18:21 - 10 იანვარი 2017 hits 1735

2016-2017 წლების საქართველოს ზამთრის ტურისტული სეზონის რეკლამაზე ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 3 მლნ 460 ათას 938 ლარი დახარჯა.

ოფიციალური ინფორმაციით, დახარჯული თანხა 12 მიზნობრივ ბაზარზე გადანაწილდა. მათ შორის არის: რუსეთი (472 400 ლარი), თურქეთი (120 000 ლარი), ბელორუსი (109 325 ლარი), სომხეთი (100 000 ლარი), უკრაინა (809 368 ლარი), ყაზახეთი (509 306 ლარი), აზერბაიჯანი (286 063 ლარი), არაბეთის გაერთიანებული საემიროები (190 205 ლარი), გერმანია (228 836 ლარი), იტალია (195 538 ლარი), ისრაელი (289 015 ლარი) და პოლონეთი (258 882 ლარი).

როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, საქართველოს ზამთრის კურორტების შესახებ სატელევიზიო რეკლამა ტრიალებდა 4 ქვეყანაში, მათ შორის: რუსეთში (Russia 1), ბელორუსში (TNT), უკრაინასა (1+1) და ყაზახეთში (KTK).

“მსოფლიოში ერთერთ ყველაზე პოპულარულ სამოგზაურო პორტალ Tripadvisor-ზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ფართომასშტაბიანი სარეკლამო კამპანია ჩაატარა. კამპანია 10 მიზნობრივ ბაზარს მოიცავდა. მათ შორის: აზერბაიჯანს, გერმანიას, ისრაელს, იტალიას, პოლონეთს, უკრაინას, თურქეთს, სომხეთს, ყაზახეთსა და რუსეთს. საქართველოს შესახებ სარეკლამო ბანერები 6 თვის განმავლობაში, ათივე ქვეყანაში, მილიონობით ადამიანმა იხილა. სარეკლამო კამპანიამ  ხელს შეუწყო საქართველოს ცნობადობის გაზრდას და დამატებითი ტურისტული ნაკადების მოზიდვას. TripAdvisor-ს ყოველთვიურად 340 მილიონი უნიკალური ვიზიტორი ჰყავს. ინტერნეტმომხმარებელს პორტალზე 350 მილიონი შეფასება და კომენტარი აქვს დატოვებული. პორტალზე 6.5 მილიონზე მეტი განთავსების, კვებისა და გართობის ობიექტია წარმოდგენილი. ჩვენს მიერ გადაღებულმა ზამთრის სარეკლამო ვიდეორგოლმა - „Winter in Georgia“ მოიპოვა პრიზები ტურისტული ფილმების ფესტივალებზე აზერბაიჯანში, ხორვატიასა და ლატვიაში,” - აცხადებენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.

ოფიციალური ინფორმაციით, 2016 წელს საქართველომ 6 მლნ საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლა, ქვეყანამ კი ტურიზმიდან 2 მლრდ აშშ დოლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო.

ტურიზმის სტრატეგიის თანახმად, 2025 წლისთვის საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 11 მლნ-მდე უნდა გაიზარდოს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში