საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ბაკურიანის ინფრასტრუქტურა დიდი რაოდენობით დამსვენებელთა მიღებისთვის მზად არ აღმოჩნდა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:51 - 10 იანვარი 2017 hits 18588

„ბოლო 25 წლის განმავლობაში ბაკურიანში ამდენი დამსვენებელი არასოდეს ყოფილა“

დამსვენებელთა ნაწილი ბაკურიანის და კოხტა-მიტარბის ინფრასტრუქტურით უკმაყოფილოა.

„როცა გავიგეთ, რომ კოხტა-მიტარბის კურორტი გაიხსნა, მე და ჩემს მეგობრებს ერთი სული გვქონდა, რომ აქ ჩამოვსულიყავით. ჩამოვედით და იმედები გაგვიცრუვდა,“ - ამბობს www.mtisambebi.ge-სთან საუბარში თბილისელი ნატა შანიძე, - „ულამაზესი ადგილია, მაგრამ ინფრასტრუქტურა მოუწყობელი. მიტარბის საბაგიროსთან მუდმივად რიგია და მანქანების საცობი. ტრასაზე კარგი თოვლი არ არის - ტრასა ქვიანია და გარდა იმისა, რომ თხილამურებს აფუჭებს, არც იქ სრიალია უსაფრთხო. არ არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც საბაგირომდე მიგიყვანს. არ არსებობს პარკინგი მანქანებისთვის. საფეხმავლო ტროტუარები მოყინულია, არ იწმინდება და იმ მოყინულ ტროტუარებზეც მუდმივად მანქანები დგანან. ბაკურიანში ძალიან ბევრი უცხოელი დამსვენებელია და კარგი იქნებოდა, რომ ეს ყველაფერი უკეთ ორგანიზებული ყოფილიყო.“

მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი, სანდრო ონოფრიშვილი კურორტზე პრობლემების არსებობას არ უარყოფს: „მანქანების საცობის და მოყინული ტროტუარების პრობლემას მთის კურორტების განვითარების კომპანია ვერ მოაგვარებს - ეს ჩვენს კომპეტენციას სცდება. საცობი და რიგი ნამდვილად არის, რაც ხალხმრავლობითაა გამოწვეული. ბოლო 25 წლის განმავლობაში ბაკურიანში ამდენი დამსვენებელი არასოდეს ყოფილა. რაც შეეხება ტრასას, ახლა იქ კარგი თოვლი ნამდვილად არ არის, რადგან ახალი წლის შემდეგ თოვლი არ მოსულა. ტრასა სისტემატიურად იწმინდება, მაგრამ სანამ თოვლი არ მოვა, ეს პრობლემა დარჩება, რადგან კოხტა-მიტარბიზე და ბაკურიანში ხელოვნური გათოვლიანების სისტემა ჯერ არ გვაქვს. საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის. კურორტის განვითარების გენერალური გეგმა ახლა მუშავდება და ყველა ეს პრობლემა 2017 წლის ბოლოსთვის აღმოფხვრილი იქნება.“

ბაკურიანში კურორტი მიტარბი 30-წლიანი პაუზის შემდეგ, 2016 წლის 25 დეკემბერს გაიხსნა. „ეს არის სრულიად ახალი მოდელი, რომელსაც ჩვენ სხვა კურორტებზეც გამოვიყენებთ. უახლოეს მომავალში მზად იქნება კოხტა-მიტარბის კურორტის გენერალური გეგმა, რომლის მიხედვითაც, კურორტი კანონზომიერად განვითარდება და არ იქნება ქაოსური განვითარება. ეს კურორტი ჩაფლულია ულამაზეს ლანდშაფტში და ვფიქრობ, ამ ინვესტიციებით, ბორჯომ-ბაკურიანის და კოხტა-მიტარბის ერთიანი კომპლექსი შეიქმნება, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი კურორტი იქნება“, - განაცხადა კურორტის გახსნისას პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

კოხტა-მიტარბის საბაგიროების მშენებლობის პროექტი მთავრობამ 48 მილიონი ლარით დააფინანსა, კერძო ინვესტორმა კი კურორტის განვითარებაში 70 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა ჩადოს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში