საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

თუშეთში ლაშა პაპაშვილის სასტუმროში კანალიზაციის მოწყობას ბიუჯეტი დააფინანსებს

13:46 - 07 იანვარი 2017 hits 3898

მუნიციპალური განვითარების ფონდმა 915 ათასი ლარი გამოყო თუშეთში სოფელ ომალოს წყლის მიწოდების სისტემის გაუმჯობესებისა და სასტუმრო „სამზეო“-ს საკანალიზაციო და წყლის სისტემის მოწყობისათვის. სასტუმრო „სამზეო“, რომლის მშენებლობაც უკვე დასრულებულია, ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის საკუთრებაა.

როგორც „მთის ამბებს“ მუნიციპალური განვითარების ფონდში განუცხადეს, პროექტით გათვალისწინებულია სოფელ ომალოს არსებული წყალსადენის გამტარუნარიანობის გაზრდა ახალი წყლის სათავის და მილსადენის მოწყობით სოფელ ბოჭორმადან, რომელიც დაუერთდება ომალოს არსებულ წყალსადენს.
რაც შეეხება ლაშა პაპაშვილის სასტუმრო „სამზეო“–ში კანალიზაციის და წყლის სისტემის მოწყობას საბიუჯეტო თანხებით, მუნიციპალური განვითარების ფონდის განმარტებით, სამუშაოები კერძო ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით, პროგრამა PPI-ს ფარგლებში ჩატარდება. სამუშაოები 2017 წლის 10 ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს.

PPI-ის მიზანი კერძო ინვესტიციების სტიმულირებაა კომუნალური ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფის მეშვეობით. პოტენციური ინვესტიციების პრიორიტეტული სექტორებია ტურიზმი და აგრობიზნესი. პროექტი მოიცავს ქალაქების აღორძინებისა და ტურისტული მარშრუტების განვითარების პროექტებს, ქვემოთ ჩამოთვლილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გათვალისწინებით: შენობების ფასადებისა და სახურავების, საზოგადოებრივი სივრცეების, მუზეუმების, გზებისა და წყალმომარაგების სისტემების აღდგენა, კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ობიექტებთან მისასვლელი გზების გაუმჯობესება.
პროგრამა PPI-ს ფარგლებში კომპანია „რედიქსის“ (საიდენტ. 205199186) მფლობელმა ლაშა პაპაშვილმა ერთხელ უკვე მიიღო დახმარება. მუნიციპალური განვითარების ფონდმა ყვარლის რაიონის სოფელ კუჭატანში განახორციელა რძის მწარმოებელ ფერმასთან (შპს „ყვარლის ბაგა“) მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, უზრუნველყო წყალმომარაგება, გაზმომარაგება და ტელეკომუნიკაციები. სამუშაოებზე 377 ათასი ლარი დაიხარჯა.

„ყვარლის ბაგა“ 2013 წლის ოქტომბერში გაიხსნა. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილს მის ასაშენებლად 1.32 მილიონი დოლარის სესხი გამოუყო. ფერმამ დაფინანსება მიიღო სოფლის მეურნეობის სამინისტროს „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებშიც, 600 ათასი დოლარის ოდენობის სესხი აიღო და 132 სული ჰოლშტეინის ჯიშის დეკეული შეიძინა. ფერმა საქონლის საკვებ ნედლეულს საკუთარ მიწის ნაკვეთზე აწარმოებს. ხარისხიანი მოსავლის მიღების მიზნით, კომპანიამ სასუქის შესაძენად „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ მე-2 ეტაპის ფარგლებში 100 ათასი ლარის ოდენობის სესხიც მიიღო.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, წელსვე, თუშეთში, სოფელ ზემო ომალოში სანიაღვრე სისტემის მოწყობაა დაგეგმილი, რაზედაც 227 878 ლარია გამოყოფილი. პროექტის მიხედვით, ზემო ომალოში სანიაღვრე სისტემის მოწყობის შედეგად, სოფლის ცენტრიდან მარტივად მოშორდება წვიმის წყლის ნაკადები და აღარ მოხდება ცენტრის დატბორვა და ატალახება. სამუშაოების დასრულება 2017 წლის ოქტომბერშია დაგეგმილი.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში