საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ფერმერთა ასოციაციის ინიციატივით ფერმერთა სათათბირო შეიქმნება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:38 - 01 დეკემბერი 2016 hits 3893

ფერმერთა ინტერესების უკეთ დაცვისა და საკანონმდებლო პროცესებში მათი ჩართულობის მიზნით, ფერმერთა ასოციაციის საბჭომ ფერმერთა სათათბირო ორგანოს შექმნის გადაწყვეტილება მიიღო.

ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელის ნინო ზამბახიძის განცხადებით, სათათბირო ორგანო ანგარიშგასაწევი ძალა გახდება მთავრობის მიერ ინიცირებული ისეთი კანონპროექტების შემუშავების პროცესში, რაც უშუალოდ ეხება ფერმერთა საქმიანობას, მათი როგორც მცირე მეწარმეების მდგომარეობის გაუმჯობესებასა თუ განვითარების ხელშეწყობას.

„ეს ხელს შეუწყობს დამატებითი საკომუნიკაციო პლატფორმის შექმნას, სადაც ერთი მხრივ ფერმერებს ექნებათ საშუალება დააფიქსირონ და სახელმწიფოს მიაწოდონ თავიანთი აზრი, მეორე მხრივ სოფლის მეურნეობის სამინისტროს საშუალება ექნება მიმდინარე პროგრამების და სამომავლო რეფორმებისა თუ გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაცია ფერმერებამდე ეფექტიანად მიიტანოს“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, სამინისტრო ღიაა ნებისმიერი გადაწყვეტილების ფერმერებთან ერთად განხილვისა და მსჯელობისთვის.

„ჩვენ ვეცდებით დაგარწმუნოთ მიღებული გადაწყვეტილებების სისწორეში. ამასთან, თქვენი მხრიდან მივიღებთ არგუმენტებს, მოვისმენთ ინფორმაციას პრობლემებზე და ერთად დავსახავთ მათი გადაჭრის გზებს. ჩვენი პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ხშირ შემთხვევაში პრობლემა მხარეებს შორის კომუნიკაციის ნაკლებობაშია. ამ მიმართულებით პროგრესი რა თქმა უნდა გვაქვს, თუმცა ფერმერთა სათათბიროს ფორმატში შესაძლებელი გახდება ეს კომუნიკაცია კიდევ უფრო ეფექტიანი გავხადოთ“, - აღნიშნა დავითაშვილმა.

ფერმერთა სათათბიროს წევრობის მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს და აუცილებლად მეხუთეს. ეს კრიტერიუმებია:

1. აგრარულ სექტორში მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (ბიზნესზე ორიენტირებული ფერმერი, რომელიც აწარმოებს და ყიდის საკუთარ პროდუქციას);

2. მოქმედი კოოპერატივის წევრი/თავმჯდომარე;

3. აგრო საწარმოს ან დარგობრივი ასოციაციის წევრი/ხელმძღვანელი;

4. წარმომადგენელი უნდა იყოს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დონეზე და ეკონომიკურ (ფერმერულ) საქმიანობას ახორციელებდეს შესაბამის ტერიტორიულ არეალში;

5. სათათბიროს წევრი არ უნდა იყოს პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი.

„ფერმერთა სათათბიროს შემადგენლობაში შევა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული 58 მუნიციპალიტეტის 116 წარმომადგენელი. თითოეული მუნიციპალიტეტი წარმოდგენილი იქნება 2 წევრით. აქედან ერთს დაასახელებს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის საბჭო, მეორეს კი თავად საბჭოს მიერ არჩეული წევრი“, - განაცხადა ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნინო ზამბახიძემ.

როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, გენდერული თანასწორობის პრინციპის დაცვის მიზნით, საბჭოს მიერ სათათბიროს წევრობაზე არჩეულმა პირმა უნდა დაასახელოს საწინააღმდეგო სქესის მეორე წევრი.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში