საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

გაქცეული ტურისტები და ასობით ათასი ლარის ზარალი - რა დაუჯდა მესტიას ენერგოკრიზისი

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

22:29 - 12 იანვარი 2022 hits 29954

ნათია ქურდიანის სასტუმრო „მესტიამ“ ორი კვირით ასული აჭარელი, რუსი და ახალზელანდიელი სტუმრები სამ დღეში დაკარგა. უცხოეული და ქართველი ტურისტები ზემო სვანეთიდან სიცივემ, სიბნელემ და გაჩერებულმა საბაგიროებმა გააქცია. მესტიის სასტუმროების მფლობელები ამბობენ, რომ წინასაახალწლოდ ელექტრომომარაგების კრიზისმა ისინი ათასობით ლარით აზარალა, რადგან ზამთრის კურორტზე, სადაც დამსვენებელთა უმრავლესობა სათხილამუროდ ჩადის, ჯავშნების დიდი ნაწილი გაუქმდა და ზოგიერთი პატარა საოჯახო სასტუმრო მთლიანად დაცარიელდა.

მალხაზ ფალიანი მცირე საოჯახო სასტუმრო „ლეველის“ მფლობელია.  ერთდროულად, სულ ოციოდე სტუმრის მიღება შეუძლია. კოვიდპანდემიის გამო შარშან ჩავარდნილი ზამთრის სეზონის შემდეგ, მალხაზს იმედი ჰქონდა, რომ მისი სასტუმრო წელს მაინც მომგებიანად იმუშავებდა. იმ დროს, როდესაც მესტიაში ელექტროენერგია გაითიშა და საპროტესტო აქციები დაიწყო, „ლეველს“ რამდენიმე რუსი ტურისტი ჰყავდა. 

„ჩემმა ტურისტებმა მითხრეს, გვესმის თქვენი, პროტესტსაც ვიზიარებთ, მაგრამ ვერ დავრჩებითო. 4-5 ათასი ლარის ზარალი მარტო მე ვნახე ჩემს პატარა სასტუმროში“, -  გვიყვება მალხაზ ფალიანი.

სტუმრების 80% პროცენტი დაკარგა სასტუმრო კომპლექსმა „გისტოლამ“, რომელიც პრემიუმ კლასის სასტუმროა და ერთდროულად 90 ადამიანის მიღება შეუძლია. „25 დეკემბრიდან ყველა სასტუმრო ფაქტობრივად მთლიანად დაჯავშნილი იყო საახალწლოდ და შემდეგ 15 იანვრის ჩათვლითაც, მაგრამ სიბნელეში დავრჩით და გაიყინა იქაურობა“, - გვეუბნება ირაკლი გურჩიანი, „გისტოლას“ მფლობელი, - „გაზი ჩვენ არ გვაქვს, ხის მოჭრა ჩვენ არ შეგვიძლია. ელექტროენერგიას სვანეთში ალტერნატივა არ აქვს. 30 დეკემბრამდე ელექტროენერგიის მოწოდება სრულად არ აღდგენილა და არც მერე გვქონდა გარანტია, რომ სტაბილურად გვექნებოდა.“

ელექტროენერგიის მიწოდების მკაცრი შეზღუდვა მესტიის მუნიციპალიტეტში 22 დეკემბრიდან, ლაჯანურის ხაზის დაზიანებით დაიწყო. დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში ზემო სვანეთს დენი გრაფიკით მიეწოდებოდა. მომარაგება სრულად მხოლოდ 30 დეკემბრიდან აღდგა, თუმცა „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ელექტროენერგიის აღდგენისთანავე განაცხადა, რომ ქსელი დატვირთვას ვერ გაუძლებდა, ავარიების განმეორება გარდაუვალი იყო და პასუხისმგებლობა მოიხსნა.

წინასაახალწლო კრიზისმა ხელახლა გაამწვავა პრობლემა, რომელიც ზემო სვანეთში უკვე წლებია დგას - კრიპტოვალუტის წარმოება უფასო ელექტრონერგიის ხარჯზე.
„ენერგო პრო ჯორჯიაც“ და ხელისუფლებაც აცხადებენ, რომ კრიზისის მიზეზი უკანონო მაინერებია, ელექტრონული მოწყობილობები, რომლებიც კრიპტოვალუტას გამოიმუშავებს და რომელთა გამოც, მესტია 12-14 სხვა მუნიციპალიტეტისთვის საკმარის ელექტროენერგიას მოიხმარს.

„ბევრი კი ქილიკობდა მერე, მაგრამ იცით, რატომ დავიფიცეთ? მთავრობა და ენერგო-პრო ხალხს მოგვმართავენ და ჩვენ გვაბრალებენ, გამორთეთ მაინერებიო. აქ ერთმანეთზე ყველამ ყველაფერი ვიცით. მოსახლეობაში ეს მაინერები ცოტაა, არაფერია ელექტროენერგიის იმ ხარჯთან, რაც სვანეთს აქვს. ვისაც ჰქონდა, იმათაც გამორთეს.

დიდი კლება არ არისო. იმიტომ არ არის, რომ მათი საკუთარი და მათი მფარველობის ქვეშ მყოფი მაინერები არ გამორთულა.

რა უზრუნველყოფაც მაინერების ამუშავებას სჭირდება, მაგას ენერგო-პროსთან შეთანხმების გარეშე ვინ მოახერხებს?!“ - გვეუბნება მალხაზ ფალიანი, რომელიც ხატზე დაფიცების ერთ-ერთი მოთავე იყო.

ირაკლი გურჩიანიც დარწმუნებულია, რომ სვანეთში ელექტროენერგიის დამტაცებლები ხელისუფლებისა და კომპანიის მაღალ ეშელონებში უნდა ვეძიოთ, - „მაინერების დიდი ნაწილი ისევ მაგათი მფარველობის ქვეშაა.

ქვესადგურებში რომ კონტეინერები იდგა მაინერებით სავსე, ჩემი და თქვენი დაყენებულია?

ერთი მაინერი რომ დაახლოებით 3 000 დოლარი ჯდება, სოფელ ფარში მცხოვრებ გლეხს, ვისი ერთადერთი შემოსავალიც კარტოფილი და 2 ძროხაა, აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ეს გააკეთოს?! მაღალ მთებში ბოძებთან რომ კონტეინერები დგას მაინერებით, გლეხების დადგმულია?!“

სასტუმროების მეპატრონეები, რომლებიც მოსახლეობისგან განსხვავებით ელექტროენერგიის ფულს იხდიან, ფიქრობენ, რომ მესტიელებისთვის გადასახადის დაწესება უსამართლობა იქნება.

„ელექტროენერგიის გადასახადი თუ უნდათ რომ დაგვიწესონ, ჯერ კეთილი ინებონ, განახორციელონ ლენტეხი-მესტიისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სამთო სათხილამურო კურორტებთან დამაკავშირებელი გვირაბების პროექტები, რომელთა შემუშავებაში მარტო 5 მილიონი გადაიხადა სახელმწიფომ. გააკეთონ, გაზიც გამოაყოლონ მაგ გვირაბებს და მერე ვილაპარაკოთ, ეკუთვნის თუ არა სვანეთს შუქის ფულის გადახდა!“ - უთხრა „მთის ამბებს“ ირაკლი გურჩიანმა, რომელსაც სჯერა, რომ მაინერებისა და ენერგოკრიზისის პრობლემას ზემო სვანეთში ხალხისთვის გადასახადის დაწესებაც ვერ მოაგვარებს, რადგან ელექტროენერგიის დატაცება მაინც გაგრძელდება და უკანონოდ მოხმარებული დენის საფასურის გადახდა ისევ მოსახლეობას მოუწევს.

„ჩამოვიდნენ, ნახონ, დაიარონ, დეტალ-დეტალ შეისწავლონ, შეამოწმონ, გამოიძიონ, რასაც ენერგო-პრო ამბობს, მერე აკეთოს სემეკის ხელმძღვანელმა განცხადებები თბილისიდან“, - მესტიელები „ენერგო პრო ჯორჯიას“ მონაცემების გადამოწმებას ითხოვენ და სახელწიფოსგან აქტიურ ჩარევას ელოდებიან.

„მე ვიჩხუბო და ვიჭიდაო, მე ამოვიღო მაინერები?!“ - კითხულობს ნათია ქურდიანი.

30 დეკემბრის შემდეგ ზემო სვანეთში შეფერხება აღარ ყოფილა, ტურისტების ნაკადმაც იმატა, თუმცა ადგილობრივებმა იციან, რომ უკვე დაკარგულ შემოსავალს ვერ აინაზღაურებენ, ელექტრომომარაგების სტაბილურობა კი კვლავაც რისკის ქვეშაა.

ზემო სვანეთის მცხოვრებთა ის ნაწილი, რომელიც ხატზე დაფიცების რიტუალს ედგა სათავეში, ამბობს, რომ თუ სახელმწიფო თავად არ დაიწყებს უკანონო მაინერების გამოვლენას და „ენერგო-პროს“ მონაცემების გადამოწმებას, კარდაკარ, ყველა სოფელს თავად დაივლიან და თავად „აღასრულებენ სამართალს“.

ამ თემაზე:

პოლიციის გარეშე არაფერი გამოვა - დავით ნარმანია სვანეთში მაინინგის პრობლემის გადაწყვეტაზე

არამხოლოდ სვანეთი, ქვეყნის ყველა ჰესი უნდა შემოწმდეს - ჭიპაშვილი კრიპტობიზნესზე

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში