საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ჯეკოს ჟოლოს ბაღი - ოძისში მავთულხლართებთან დაწყებული მეურნეობა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

22:49 - 01 აპრილი 2021 hits 19531

„ის რუსეთის ბაზაა“ – მამაპაპისეული ნაკვეთიდან ხელისგულივით მოჩანს ახალაშენებული სამხედრო ბაზა, ბეტონისა და მავთულხლართების მაღალი ღობით, სამხედრო მანქანებითა და ტექნიკით. ოძისს ზედ ეკვრის. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ოძისი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ბოლო სოფელია ახალგორის მხარეს, დანარჩენი - ახალგორი მთლიანად და ცხინვალის რეგიონი რუსეთს აქვს ოკუპირებული. ჯეკომ კარგად იცის, რომ რუსი სამხედროები უფრო და უფრო აქეთ იწევენ. ე.წ. გამყოფ ხაზთან, საკუთარ ბაღებში მომუშავე ადამიანებს იტაცებენ და ცხინვალის ციხეში, უკანონო პატიმრობაში თვეობით, ზოგჯერ წლობითაც ამყოფებენ. ოძისში, მამაპაპისეულ მიწაზე ჟოლოს ბაღის გაშენება მაინც გადაწყვიტა.

„როცა აქ დავიწყე საქმიანობა და რამდენიმე მეგობარს ვუთხარი, ოძისში ჟოლოს ბაღს ვაშენებ მეთქი, - არ გეშინია, რომ წაგართვანო?“, - ახლა ჯეკოს სწორედ დუშელი მეგობრები ეხმარებიან ბაღის გაშენებაში: „ზუსტად აქ უნდა გააკეთო, აქ უნდა განვითარდე. ოკუპირებულ ხაზთან მყოფი სოფლები სახელმწიფომაც და ჩვენც, ვინც აქ ვართ, უნდა გავაცოცხლოთ და გავაძლიეროთ.

მტერი სხვა რითი უნდა შევაშინოთ, გარდა იმისა, რომ განვითარდეთ. მე ჩემს წილს ვაკეთებ ჩემს სოფელში. ვიღაცისთვის შეიძლება სტიმულიც ვიყო“.

ჯეკო დამაცალაშვილი დუშეთში ცხოვრობს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ტურიზმის განვითარების სამსახურში ტურიზმის სპეციალისტად მუშაობს. 2019 წელს ბანკიდან სესხი აიღო, დუშეთში საცხოვრებელი სახლი გადააკეთა, რომ 16 ადამიანზე სასტუმრო მოეწყო. კორონავირუსის პანდემიამ მისი გეგმები თავდაყირა დააყენა და სოფლის მეურნეობისკენ გადაძალა. იქამდეც სურდა, რომ ოძისში რამესთვის ხელი მოეკიდა, მაგრამ დრო არ რჩებოდა. ერთ-ერთია სათემო აქტივისტთაგან, ვისზეც ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობის 100-ზე მეტი სოფლის წარმატებული ინტერნეტიზაციის მძიმე სამუშაოებმა გადაიარა.

„პანდემიამ კიდევ უფრო მეტად დამაფიქრა და მიბიძგა, რომ სოფელში რაღაც გამეკეთებინა. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კონკურსი იყო გამოცხადებული. ვიფიქრე, მონაწილეობას მივიღებ მეთქი. არაა დიდი ნაკვეთი, მოსავალი ბევრი არ იქნება, მაგრამ რასაც მოვიყვან, ნატურალური და ხარისხიანი მექნება“, - დოკუმენტები შეაგროვა, პროგრამაში განაცხადი წარადგინა და დაფინანსებაც მიიღო.

პროგრამა „დანერგე მომავალი“ შესაძლებლობას გაძლევთ, რეგიონებში, ჟოლოს, მაყვლის ან ლურჯი მოცვის ბაღის გაშენებისათვის, ნერგების, წვეთოვანი სარწყავი სისტემისა და სხვა საჭირო მასალების შეძენისა და მოწყობის ღირებულების 100 % დაფინანსება მიიღოთ 0.15-დან 0.5 ჰექტრამდე მიწის ფართობზე.

ჯეკო ამბობს, რომ პანდემიამ სოფელში ვითარება საგრძნობლად შეცვალა: „გასაყიდ მიწას ვეღარ ნახავ. ხალხი უცებ მიეძალა სოფელს, მეურნეობას. თუ ათ წელში დაახლოებით ოცი კაცი მოვიდა, ერთ წელში მოვიდა ამდენივე. ადამიანები შეიძლება თავისით ვერ მიხვდნენ, მაგრამ პანდემიამ ეს ნაბიჯი გადაადგმევინა. რაღაც სასიკეთო თვისებებიც ჰქონია თურმე ამ ვირუსს“.

პირველ მოსავალს გაისად მიიღებს, სრულ მოსავალს - დაახლოებით 1.5 ტონას, 2 წლის შემდეგ. კილოგრამი ჟოლოს ფასი ზაფხულში 8 ლარია, ზამთარში კიდევ უფრო ძვირია და 12-15 ლარს აღწევს. ჯეკო ოძისში სამაცივრე მეურნეობის მოწყობასაც აპირებს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში