საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

მცირე გრანტების პროგრამაზე ბიზნესიდეების მიღება 25 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდა

21:13 - 16 ოქტომბერი 2020 hits 1352

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამაზე ბიზნესიდეების მიღება 25 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდა. სააგენტო გამარჯვებულებს წლის ბოლოს გამოავლენს, გრანტის გაცემა კი 2021 წლის მარტში მოხდება.

„საგრანტო პროგრამის მასშტაბურობიდან გამომდინარე, ძალიან დიდია ინტერესი და მომართვიანობა. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ ბიზნესიდეების განაცხადების მიღების ვადის გაზრდა, რათა ყველა პოტენციურმა თუ არსებულმა მეწარმემ გამოიყენოს ეს შესაძლებლობა და ჩვენი მხარდაჭერით წამოიწყოს ან განავითაროს ბიზნესი,“ - განაცხადა სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.

პროგრამის ბიუჯეტი 40 მილიონია, გრანტის მოცულობის ზედა ზღვარი კი 30 000 ლარი. პროგრამის სამიზნე ტერიტორიულ ერთეულებს წელს თბილისი დაემატა.

დაშვებულია 300-ზე მეტი საქმიანობა: საკვები პროდუქციის წარმოება; საკვები ობიექტები; ვეტერინარული საქმიანობები; ფიტნესის ობიექტები; სარეკლამო და დიზაინერული საქმიანობა; ღვინო, ხილისა და ბოსტნეულის წვენები; მცირე სასტუმროები და სასტუმრო სახლები; ტურ-ოპერატორების საქმიანობები; მთარგმნელობითი საქმიანობები; ბუღალტრული და აუდიტორული მომსახურება; სხვადასხვა პროდუქტების საცალო ვაჭრობა; ავტომობილებისტექნიკური მომსახურება და რემონტი; ადრეული და სკოლამდელი განათლება; სილამაზის სალონები; ფეხსაცმლის და ტყავის ნაწარმის რემონტი.

არ დაფინანსდება სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოება და მასთან დაკავშირებული მომსახურება; სატრანსპორტო საშუალებების შეძენა, რომლებიც განკუთვნილია ადამიანების გადასაყვანად; ბიოლოგიური აქტივების შეძენა (მაგალითად, მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველის); პროექტები, რომლებსაც წარადგენენ საჯარო მოხელეები; იურიდიული პირის სტატუსის მქონე მეწარმე-სუბიექტები (მაგალითად, შპს, სს, კოოპერატივი, ამხანაგობა და ა.შ.).

პროგრამა მიზნად ისახავს მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებას, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ასევე, პროგრამა ხელს შეუწყობს ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული უარყოფითი ეკონომიკური გავლენის შემცირებასაც.

წელს პროგრამაში გამარჯვებული მეწარმეების თანამონაწილეობის თანხა 20%-ის ნაცვლად 10%-ია, მაღალმთიან დასახლებებში 5 %.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში