საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

მესხური ლოკოკინების მაძიებელნი ქუნციდან

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:45 - 18 თებერვალი 2020 hits 27305

ღამით ოთხ საათზე დგება. თუ წვიმს, უმჯობესია. ამ დროს გარეთ უფრო ბევრი ლოკოკინა გამოდის. ფანრით ხელში ქვიანი გორებისკენ მიდის, სადაც სოფლის ფერდობზე ბუჩქი - გლერძი ხარობს. ამ წიწვოვანი და ეკლიანი მცენარის ფესვებში ბუდობს მესხური ლოკოკინა.

ბექა ტატურაშვილი სოფელ ქუნცაში ცხოვრობს, 22 წლისაა. ქუნცა ასპინძის რაიონის პატარა სოფელია, რომელსაც ხშირად აწყვიტასთან აიგივებენ. ადგილობრივები მეოთხე საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლით - მაცხოვრის სახელობის ბაზილიკით იწონებენ თავს.

ზღვის დონიდან 1260 მეტრზე მდებარე სოფლის გარშემო ათამდე ისტორიული ძეგლია, მაგრამ სოფელს, დღეს, ლოკოკინებისა და მისი შემგროვებლების დამსახურებით იცნობენ.

„ახლა აღარ არის ლოკოკინა, ისპობა და მინდა, მესხური ლოკოკინა მოვამრავლო, რომ ჯიში არ გაწყდეს“ - ბექას ლოკოკინების მოშენების იდეა ორი წლის წინ გაუჩნდა. მეზობელი სოფლის გორებზე სამი ტომარა ლოკოკინა მოაგროვა და თავის ტერიტორიაზე გაუშვა. საკუთარი ხელით შემოღობილი პატარა ნაკვეთი სახლთან ახლოს, მთის ფერდობზე აქვს.

ერთი ლოკოკინა 50-დან 90-მდე კვერცხს დებს, საჭმელად კი ოქტომბრიდან მარტის ბოლომდე აგროვებენ. მესხეთში ლოკოკინების პოპულარობას ფრანგ კათოლიკე მისიონერებს უკავშირებენ. საქართველოში პირველი კათოლიკე მისიონერები 1230 წელს, იაკობ როგსანელის მეთაურობით ფრანცისკანელთა წესის მონაზვნები - მინორიტები იყვნენ. უკვე XVI საუკუნიდან კი, სამცხე-ჯავახეთში მათ გამოჩენასთან ერთად პოპულარული ხდება ლოკოკინაც. ამ პერიოდის საფრანგეთში ეს მოლუსკი ძალიან პოპულარული იყო, ერთ დროს ღარიბების საჭმელი დღეს საკმაოდ ძვირადღირებულია.

ერთი კილოგრამი მესხური ლოკოკინის ფასი 20-25 ლარია. ძირითადად რესტორნები ყიდულობენ. ერთი ან ორი დღით ადრე ურეკავენ და ახალ ლოკოკინას უკვეთავენ. ბექა ამბობს, რომ სამი-ოთხი დღის მოგროვებულს ისეთი კარგი გემო აღარ აქვს, როგორც ახალს. ერთ დღეში ყველაზე ბევრი 25 კილო მოუგროვებია, თუმცა მაშინ მარტო არ ყოფილა - 14 წლის ამირან მჭედლიშვილი მის მეზობლად ცხოვრობს. გაკვეთილების შემდეგ ლოკოკინების მოსაგროვებლად ხან ბექასთან, ხან კი დეიდაშვილ გიორგისთან ერთად დადის.

„შაბათ-კვირას დილის რვა საათისკენ, ცხრისკენ, როცა სკოლაში დავდივარ, მაშინ სამი- ოთხისკენ მივდივარ. ასე ორ კილომდე ვაგროვებ“, - ამირანს უძნელდება, მაგრამ სწავლასა და ლოკოკინების მოგროვებას ერთმანეთს უთავსებს.

ლოკოკინების პატარა შემგროვებელი ნადავლს უმეტესად ყიდის. „საჭმელადაც ძალიან კარგია, მაგრამ უფრო გასაყიდად ვაგროვებ. ხალხი ყიდულობს... უფრო ხშირად მეზობელი დათო“.

ბექას სამომავლოდ ფერმის გაკეთება სურს, თუმცა ამ ეტაპზე საჭირო თანხა არ აქვს.

„ჩემს პირობებში, როგორც მე მყავს გაშვებული, ადვილია იმიტომ, რომ ეხლა თავის თავს ხედავს, მინდორში გამოდის, ბალახს ჭამს და წყალს სვამს. ინკუბატორი რომ გავაკეთო, ფული უნდა გქონდეს, წყალი უნდა გქონდეს, ზაფხულობით უმეტესად არ წვიმს. როცა წვიმს, ერთხელ ყრის. შენ რომ მიხედავ, სათბური რომ გექნება, იქ უკვე მორწყავ და მოუვლი“.

მცირე ფერმისთვის საჭიროა ნახევარი ჰექტარი ან ორი-სამი ათასი კვადრატი ღია ნაკვეთი, სარწყავი სისტემა, დამცავი ბარიერი (მიწის სიღრმე 30 სმ - სიმაღლე 70 სმ), ფრინველებისგან დამცავი ელექტრომოწყობილობა, ორმაგი ფენით დაბოლოებული ანტისეპტიკური ბადე, რომელიც ლოკოკინებს ფერმიდან გასვლის საშუალებას არ მისცემს. მსგავსი ფერმის გაშენება 10-15 ათას ლარამდე ჯდება. ევროკავშირში ლოკოკინის სარეალიზაციო ფასი 3-5 ევროა, თუმცა ლოკოკინის მოყვარულთათვის მესხური გამორჩეულია.

ავტორი: ლაშა ორჯონიკიძე

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში