საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

მარტოკაცი ჭვებარიდან - რაღა დამრჩა, მე რომ აღარ ვიქნები, სოფელიც დაიხურება

11:46 - 26 მარტი 2019 hits 9590

„რაც ხნე მაქ, არსად წავსულვარ. თავიდან ბოლომდე აქ ვარ. მეუღლე რომ გარდაიცვალა, აქანა მარტო დავრჩი. ძნელია, მაგრამ ვერსად წავედი. სამშობლო მიყვარს“.

რაჭაში, მდინარე სონტარულის ხეობის სათავეებში მდებარე სოფლები, გადამში და ჭვებარი, უმეტესად ეთნიკური ოსებით იყო დასახლებული. მოსახლეობის აღწერის მიხედვით, 2002 წლისთვის, ჭვებარში 30 ადამიანს ჯერ კიდევ უცხოვრია. ახლა? ზამთრის სუსხიან დღეებში კვამლი მხოლოდ ერთი სახლიდან ამოდის. 79 წლის ბესარიონ გაგიშვილი სოფელს არ ტოვებს.

ჭვებარი ონიდან 23 კილომეტრშია. სორს რომ გავცდით, გზა მდინარე სონტარულას მიუყვება. ალაგ-ალაგ დაზიანებულია, დავიწროებულა გაუვლელობისგან. მთის წვერზე მანქანას ვაჩერებთ. უკვე ჩანს მთების შუაგულში მოქცეული ჭვებარი. მასპინძელს წინასწარ ვერ შევეხმიანეთ, სოფელში შუქი არ არის და ტელეფონი გამორთული ჰქონდა, თუმცა არც ტელეფონი იჭერს ყველგან, ძებნა უნდა ადგილს კავშირის დასამყარებლად.

შორიდან გვამჩნევს. დაცლილ სოფელში მისი მისალმების ექო ყველა მხრიდან ისმის.

თოვს. ერთადერთი მასპინძლისკენ სწრაფად მივიწევთ, მაგრამ გზად წაქცევის პირას მყოფის რაჭული ოდების გოდება გვაჩერებს. ჩაქცეული სახურავები, წვიმისგან დამპალი იატაკები, ეკალ-ბარდს დაუფარავს ხის ძველი სკივრები. ჭვებარის უკანასკნელ მოჰიკანს ზოგიერთი სახლის გამაგრება უცდია, მიწაზე რომ არ გართხმულიყო. „ძნელია, გულზე მოქმედებსო. კაცმა ამდენი ხანი იშრომა და ახლა უპატრონობისგან ლპებაო ყველაფერი“.   

ჩვენი სტუმრობისას შვილი ჰყავს ჭვებარში. ელდარი რუსთავიდან მამას ხშირად აკითხავს და ეხმარება. ვიდრე მარტოკაცი გვიამბობს რა უჭირს, შვილს ავალებს „პურმარილი გააწყოს“.

მხნედაა, საქონელს უვლის, რძეს აყველებს და ყიდის. „ტრანსპორტი რომ ყოფილიყო, კიდე უფრო ძლიერი ვიქნებოდი. პენსიაზე რომ ჩავდივარ ონში, აქედან ონამდე 25 კილომეტრია, ტაქსი რომ დავიჭირო, ამოვა, ჩავალ, ამოვა და ჩემი პენსია წავიდა. მანქანაში ვაძლევ 120 ლარს. კიდევ ცოტაა, ორ გზას რომ აკეთებს. გასაყიდი როცა რამე მაქვს, მაშინაც უნდა დავიქირაო, ჩავიდე, უნდა ამომიყვანოს და რაც მაქვს გასაყიდი, ისევე ონში რჩება და მანქანაში ვაძლევ.

ხომ ნახეთ გზა რანაირია. ხელით გავაკეთე ის გზა, წყალმა წაიღო, მანქანა ვარდებოდა, ხეები ჩავყარე. რა გახდა ახლა, ერთი გავლა უნდა ტრაქტორს, ერთი გავლა.

რა გაუჭირდა მთავრობას, რომ ერთი გაიაროს და გაწმინდოს, გზა რომ იყოს. ასე ვცხოვრობ, ვიტანჯები, მაგრამ რა ვქნა, ვის ავუტირდე. დახმარებას ხომ არ ვითხოვ, გზას მიხედონ, ტრანსპორტი იყოს“.

ჭვებარში ადრე გზაც იყო და შუქიც. „აქანა, მე, მარტო გლეხი, 3 ტონა ყველს ვაბარებდი წელიწადში. ხორბალი, სიმინდი, ხილი, ყველაფერი გვქონდა. ვენახებიც კი იყო, ფრანგულა ვაზი. აგერ, მზიურებს ვუძახით, ხარებით ვხნავდით იმას. ჭურის ნატეხებს ვპოულობდი ხოლმე. ახლა ტყეა იმ ადგილას, ვეღარც გაივლი.

მდიდარი სოფლები იყო ჭვებარი და გადამში. რაფერ იყო იცი? მუშაობა არ გვეზარებოდა. ფერმები იყო აქანა, საქონელი გვყავდა. ხორცსაც ვაბარებდით, ავტობუსი იყო, ხილიც ჩაგვქონდა ბაზარში.

სკოლა იყო აქანა 4 კლასი, ბიბლიოთეკაც იყო. გვერდით სოფელში 8 კლასი იყო, იქაც იყო ბიბლიოთეკა. აქედან 3 კილომეტრია, ზამთარ-ზაფხულ ბავშვები ფეხით დადიოდნენ გადამში, აქ რომ დაამთავრებდნენ 4 კლასს. 8 კლასის შემდეგ გინდ ონში, გინდ ამბროლაურში, ინტერნატში ან ტექნიკუმში.

12 ვოლტიანი ხომ დაინახე, როცა ღრუბელია, ტელეფონსაც ვერ ვტენი. მზე თუ არის, მაშინ ცოტა არაუშავს, ლამფას ჯობია“.

120 ოჯახს უცხოვრია ჭვებარში. ბევრი მოსახლე 1990-იან წლებში წასულა ვლადიკავკაზში, ნაწილიც მერე: „არეულობა რომ იყო, მაშინ დაშინდნენ და წავიდნენ. მე დავრჩი. ქურდობა კი იყო, მაგრამ დაძალება არ ყოფილა, რომ აქედან ავყრილიყავით“.

დარდობს, რომ სოფელში აღარავინ დარჩა მის გარდა:

„ძნელია აქანა მარტო, არავის რომ არ ელაპარაკები. გაძლება უნდა. ვიღა მოვა აქ? მე 79 წლისა, როდემდე ვიცოცხლებ? რაღაც 2 წლის სიცოცხლე მაქვს, მერე სოფელი დაიხურება, აღარავინ აღარ იქნება“.

ოჯახისას საქართველოს სადღეგრძელო მოჰყვა, მერე რაჭის, ურთიერთობების, გმირების, წინაპრების, მშვიდობის, სიცოცხლის, მთისა და ბარის სალოცავების... დამშვიდობებამდე ვკითხეთ, ლენინას რატომ ეძახიან - ქუდი მოიხადა, მელოტ თავზე მიგვანიშნა, ცოტათი ვგავარ და ბავშვები მეც მიყვარსო (იცინის).  

***

ონის მუნიციპალიტეტის მერის, ემზარ საბანაძის ინფორმაციით, ჭვებარამდე მისასვლელი გზის მოწესრიგება უკვე დაგეგმილია და სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება, ისევე როგორც, წელს მოხდება ონი-ირის გზის კაპიტალური რეაბილიტაცია.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში