საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

63 წელი უშუქოდ - მარტოკაცი ხურუთიდან

14:27 - 08 თებერვალი 2019 hits 28657

რკინის მომთვინიერებელი - ასე იცნობენ მურმან გობეჯიშვილს ზემო რაჭაში. ერთადერთი მჭედელია მთელ რეგიონში, მაგრამ საქმე აღარ აქვს: „ხარი აღარავისა ჰყავს, აღარავინა ხნავს და რად უნდათ. ხანდახან ნაჯახს, თოხსა და წერაქვს თუ გავაკეთებ, ეგ არის და ეგ“.

მჭედლობა მამამ ასწავლა. 8 წლის იყო, პირველად პატარა ნაჯახი რომ გააკეთა. მას შემდეგ საბერველს არ მოსცილებია. 1991 წლამდე, სოფელ ირში, ბარიტის ქარხანაში რომ მუშაობდა, იქაც რკინას ათვინიერებდა. რაჭაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, როცა ქარხანა დაკეტეს, მშობლიურ სოფელს დაუბრუნდა და მუდმივად ხურუთში, დიდყანაში ცხოვრობს.

ხურუთი ონის მუნიციპალიტეტშია, ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზასთან ახლოს. გობეჯიშვილების სოფელია. ძველად ხალხი ბევრად ზემოთ ცხოვრობდა, მერე ქვემოთ ჩამოსახლდნენ, გზასთან და ქალაქთან ახლოს.  

უგზოდ, უშუქოდ და ცივილიზაციის მიღმა, ამჟამინდელი ხურუთიდან 3 კილომეტრში მხოლოდ მურმან გობეჯიშვილის ოჯახი დარჩა. მურმანი ახლა 63 წლისაა. შუქი არასდროს ჰქონია. ლამფა მისთვის შეუცვლელი ნივთია. ხანდახან ტელევიზორს რომ უყუროს, ქვემოთ, სოფელში ჩადის, თვეში ერთხელ ან ორჯერ.

„არჩევნები როცაა, ბიულეტენი პირველი მე მომდის. ის მაბრაზებს, იციან რომ აქ ვცხოვრობ და ყურადღებას არავინ მაქცევს. არც გზაა, არც შუქია. არასდროს არავინ მოსულა მთავრობიდან ან საიდანმე რაიმეს საკითხავად, თქვენა ხარ პირველები ახლა“.

„ერთ ორ ლარს თუ რამეს გავაკეთებ ჩემს სამჭედლოში, ეგაა რა, მაგით ვცხოვრობ. განა მარტო სამჭედლოს აღარ აქვს საქმე? სხვა რა მუშაობს ონში? ადრე იყო ქარხანა, წარმოებები, ახლა სად არის? სამუშაო რომ აღარ არის, კვდება სოფლები.

ონი სასაზღვრო ზონაა, ყველაზე მეტი ყურადღება ამ რაიონს უნდა ექცეოდეს და ყველაზე უყურადღებოა. აგერ, ჩემი სოფლიდან 15 კილომეტრში რუსის ჯარი დგას, სხვა ქართულ სოფლებთან უფრო ახლოსაა. რომ მოინდომოს, 10 წუთში შემოვა“.

უშუქობაში დაბერებულ ოსტატს, პირველად 63 წლის განმავლობაში, სახლსა და სამჭედლოში შუქი რომ ჰქონდეს, „მთის ამბები“ აქციას იწყებს: ვაპირებთ მისთვის მზის ბატარეა (შესაბამისი აღჭურვილობით), 12 ვოლტზე მომუშავე ტელევიზორი, სატელიტური ანტენა შევიძინოთ და დავუმონტაჟოთ.

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია შემდეგ ანგარიშზე:

☑️ მიმღები: ააიპ სამოქალაქო აქტივობების ცენტრი;
☑️ ლიბერთი ბანკი;
☑️ ანგარიშის ნომერი GE51LB0115195065049003
☑️ დანიშნულება: #ხურუთელიმარტოკაცისთვის

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში