საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

როცა სასწრაფო შორსაა - რატომ მალავს სახელმწიფო ფშავ-ხევსურეთში გარდაცვლილთა სტატისტიკას

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

18:08 - 24 დეკემბერი 2018 hits 15753

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი მალავს საჯარო ინფორმაციას, რამდენი ადამიანი დაიღუპა ფშავ-ხევსურეთში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების დაგვიანების გამო. ბოლო მსხვერპლი ორი კვირის წინ იყო. 75 წლის ქალი ასთმურმა შეტევამ მანამდე დაახრჩო, ვიდრე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა დუშეთიდან მოწმაომდე ააღწევდა. ბრიგადას დუშეთიდან ფშავ-ხევსურეთის სოფლებამდე ასასვლელად 2, 3 ან 4 საათი სჭირდება. ეს მაშინ, როცა საერთაშორისო სტანდარტით, შეტყობინებიდან დანიშნულების ადგილამდე მისვლის დრო 15-20 წუთზე მეტი არ უნდა იყოს.

მიდის ხალხი, ქვევით

„რომ დავრეკეთ, მაშინვე წამოსულან, მაგრამ ვერ მოუსწრო ექიმმა. გამოძახებიდან დაახლოებით ერთ საათში ქალი დაიღუპა. როცა მოვიდნენ, მკვდარი დახვდათ. ადამიანი შეიძლება 2 წუთშიც მოკვდეს და სასწრაფომ ქალაქშიც ვერ მიუსწროს, მაგრამ აქ ამოსასვლელად 2-3 საათი სჭირდებათ“, - ბარისახოში მცხოვრები 67 წლის დარიკო არაბული ამბობს, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარება თვითონ და მის მეუღლესაც ხშირად სჭირდებათ.

„ჩემი შვილი აქ რომ არ ყოფილიყო და მანქანა არ ჰქონოდა, ღმერთმა დამიფაროს, რაიონამდე ვერ ჩავაღწევდი. მაღალი წნევის გამო ღამის ორ საათზე წამიყვანეს და ხუთზე ჩავედით დუშეთში. ზამთარში გზა არ იყო, ახლა გზებს კი აკეთებენ, მაგრამ მაინც დრო სჭირდება. იყო აქ შემთხვევა, კი მოვიდა სასწრაფო 2 საათის შემდეგ, წაიყვანეს აქედან, მაგრამ ვიდრე რაიონის გადასახვევთან მივიდოდა, სასწრაფოში დაიღუპა კაცი. ისიც გულის უკმარისობით. ხომ შეიძლებოდა ცოტა ადრე გადაეყვანათ და გზაში არ მოკვდომიყო? აქაური ხალხი მისახედი ვართ“.

გიორგი ჭინჭარაული, 64 წლის: „ერთი თვის წინ დამჭირდა სასწრაფოს გამოძახება. ორი საათის მერე მოვიდა. მანამდე ჩემი წამლებით როგორღაც გამოვედი მდგომარეობიდან. ბევრია ისეთი ადამიანი, ექიმის დახმარება და წამლის მიშველება რომ სჭირდებათ. არის შემთხვევები, როცა მანქანას ვქირაობთ და ავადმყოფი დუშეთში მიგვყავს, დრო რომ მოვიგოთ. არა მგონია ფშავ-ხევსურეთს სასწრაფო აღირსონ“.

არსენა ჭინჭარაული, 68 წლის: „სასწრაფო იმიტომ უნდა იყოს ბარისახოში, რომ მაგის გარეშე და უყურადღებოდ ბევრი ხალხი დაიღუპა.

მშობიარე ქალებმა კერძო მანქანებში და ველზე იმშობიარეს, ვიდრე სამშობიაროში ჩაიყვანდნენ. ეს რამდენიმე წლის წინ. ახლა შობადობაც აღარაა. მიდის ხალხი, ქვევით სახლდებიან, ქალაქში ან ქალაქთან ახლოს. ეშინია ზოგს, ბავშვი რომ ცუდად გახდეს, არც ექიმია, არც სასწრაფო.

ის კი არა, ხევსურეთში, ზამთარში რომ ხდება ადამიანი ცუდად, კუსტარულად ხეებზე ამაგრებენ რაღაცას და მხრებით ჩამოჰყავთ აქამდე, თუ გზა არ არის გაწმენდილი. არაერთი შემთხვევა ყოფილა როშკადან, წინხადუდან, გუდანიდან.  

ბევრჯერ გავმხდარვარ ავად, საძილეს მიკეთებენ, მთიშავენ, რომ დუშეთამდე ჩავაღწიო. აქ რომ იყოს სასწრაფო, დაზღვეული იქნება ყველა ავადმყოფი. თან, რაღაც რომ მოხდება, აღარ დაგვჭირდება კერძო მანქანის ძებნა გადასაყვანად.

ოცდამეერთე საუკუნეა. ჯერ ხევსურეთი, პირიქითი, პირაქეთი, ფშავი, ერთი სასწრაფო რა გახდა და ერთი ბრიგადა, რომ ჩქარა მივიდნენ და ხალხს უშველონ“?

ბარისახოს მოსწავლეთა პანსიონის დირექტორი შორენა ჭინჭარაული 2017 წლის სექტემბერში მომხდარ შემთხვევას იხსენებს: „პანსიონში რამდენჯერმე შემექმნა სასწრაფოს გამოძახების საჭიროება, მაგრამ იმის გამო, რომ ბრიგადა ორი საათის დაგვიანებით ამოვიდოდა, ბავშვს კი შეტევითი ტკივილები ჰქონდა, მე თვითონ, პირადი ტრანსპორტით გადამიყვანია რაიონში, რაც რისკებთან არის დაკავშირებული“.

შორენას მეუღლე და ოთხი შვილი ჰყავს. ოჯახი მუდმივად ბარისახოში ცხოვრობს. შორენა ამბობს, რომ ბარისახოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ერთი ბრიგადის ყოფნა აუცილებელია: „თვითონ ბარისახო 2 საათის სავალზეა დუშეთიდან. მითუმეტეს, ბარისახოს ზემოთ სოფლებში ჯერ კიდევ ცხოვრობს ხალხი, იქამდე ასასვლელად უფრო მეტი დროა საჭირო“.

მზექალა არაბული, ბარისახოს თემში მერის წარმომადგენელი: გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე ბარისახოს თემის 28 სოფელში მაინც გვყავს მოსახლე. ადგილზე რომ იყოს ბრიგადა, უფრო მალე მივა ექიმი ყველა სოფელში და სწრაფად მაინც გადაიყვანს საავადმყოფოში. ახლა ორი საათი სჭირდება დუშეთიდან რომ ამოვიდეს და უკანაც ხომ უნდა წავიდეს, ჯამში მინიმუმ 4 საათი, ეგეც დუშეთიდან ბარისახომდე და სხვა სოფლებში ბევრად მეტი. აქეთ არც აფთიაქია. წამლებს კი ვიმარაგებთ, მაგრამ ყველაფერს წინასწარ ხომ ვერ ვიყიდით. გვინდა, რომ ამბულატორია მედიკამენტებით იყოს მომარაგებული. რომ დაგვჭირდეს, ვიდრე წამალს დავაბარებ და ამომიტანენ ან გამომიგზავნიან ბარიდან, შესაძლებელი იყოს დამეხმარონ. პირველადი დახმარების, გამაყუჩებლები აქვთ, მაგრამ არ არის ისე სრულყოფილად უზრუნველყოფილი, როგორც უნდა იყოს“.

ექიმები შიშველი ხელებით

ფშავ-ხევსურეთში 4 თემია, 76 სოფლით. მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, მაღაროსკარის თემში მუდმივად 579 ადამიანი ცხოვრობს, უკანაფშავის თემში 143, შატილის თემში 48, ხევსურეთის (ბარისახო) თემში 354.

ბარისახოში ამბულატორია პანსიონის შენობის პირველ სართულზეა. იანო არაბული ექთნად 1997 წლიდან მუშაობს, მას შემდეგ, რაც ბარისახოს საუბნო საავადმყოფო გაუქმდა. საავადმყოფოს დახურვის შემდეგ ფშავ-ხევსურეთში სასწრაფო დახმარების ჯგუფიც აღარ ყოფილა. ახლა, ამბულატორიაში ექიმი კვირაში ერთხელ ან ორჯერაა.

„ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ ექიმი ყოველდღე ყოფილიყო, მაგრამ ვერ იშოვეს ასეთი კადრი, არავინ გამოჩნდა. ახლა ექიმი ოთხშაბათს და შაბათს გვყავს. დუშეთიდან ამოდის, იქაც მუშაობს.

რა შეგვიძლია ამბულატორიაში? აქ არც კარდიოგრამა გვაქვს, არც სხვა ტექნიკა. თუ ვინმე მოგვაკითხავს, ვცდილობთ მდგომარეობა შევაფასოთ, იმ მედიკამენტებით დავეხმაროთ, რაც გვაქვს. ტელეფონით ექიმთან ვრეკავ, იქიდან მაძლევს მითითებებს, როგორ მოვიქცე.

თუ ადგილზე ვერ მივხედავთ, სასწრაფო დუშეთიდან 2 საათში ამოვა. ორი საათი კი არის ბევრი, გააჩნია პაციენტის მდგომარეობას. ძალიან ხშირი არაა, მაგრამ არის ინსულტები, მოტეხილობები. კარგი იქნებოდა ტრანსპორტი და მძღოლი მაინც იყოს ადგილზე, დროს არ დავკარგავდით და პაციენტს დუშეთში სწრაფად გადავიყვანდით. ბრიგადა თუ იქნება, ამას რა ჯობია“.

ბარისახოს ამბულატორია 37 სოფელს უნდა ემსახურებოდეს, თუმცა იმის გამო, რომ ამბულატორიას მანქანა არ აქვს, სხვადასხვა ხეობის სოფლებში ექიმი არასდროს უნახავთ.

ექიმი ბაზალეთიდან და ექთანი მისაქციელიდან კვირაში მხოლოდ 2 ან 3 დღე არიან შუაფხოში, უკანაფშავის ადმინისტრაციულ ცენტრში. შეზღუდული რაოდენობის მედიკამენტების გარდა არაფერი აქვთ, მხოლოდ წნევის გაზომვა შეუძლიათ.

ფშავსა და პირაქეთა ხევსურეთზე ბევრად მძიმე მდგომარეობაა პირიქითა ხევსურეთში. იქ, სასწრაფო, ზაფხულში 2 საათშიც ვერ აღწევს, ზამთარში კი მხოლოდ ვერტმფრენით შეიძლება პაციენტის კლინიკაში გადმოყვანა.

შატილის თემში ხევსურთა იმედი მიხა ექიმია (მიხეილ ჭინჭარაული). ოჯახით შატილში ცხოვრობს, საიდანაც სხვა სოფლები 15-20 კილომეტრით არის დაშორებული, მაგრამ დიდ თოვლშიც კი ფეხით გადის ამ გზას და პაციენტებს დახმარებას უწევს როგორც შეუძლია, შიშველი ხელებით და მთაში მიღებული გამოცდილებით.

საქართველო-ინგუშეთის საზღვართან მდებარე არხოტში კი, რომლის სამივე სოფელში - ჭიმღაში, ახიელსა და ამღაში ჯერ კიდევ, მუდმივად ცხოვრობს რამდენიმე ადამიანი, არც ექიმი ჰყავთ და არც ექთანი. 2014 წლის 2 იანვარს, არხოტში, დაგვიანებული სამედიცინო დახმარების გამო, 26 წლის ერეკლე ჭინჭარაული დაიღუპა.

არხოტის ხეობაში მუდმივად მუშაობს სასაზღვრო პოლიციის ორი სექტორი - ტერღა და ტანიე, რამდენიმე ათეული მესაზღვრით.  

ფშავ-ხევსურეთში სასწრაფო სამედიცინო დახმარებაზე ხელმისაწვდომობა - ერთ-ერთ მთავარ პრობლემად გამოკვეთეს მთის სათემო ორგანიზაციებმა, „მთის ამბების“ ინიციატივით, 22-23 ოქტომბერს გამართულ ფორუმზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

გასაიდუმლოებული მონაცემები

დუშეთის მუნიციპალიტეტი 290 დასახლებას მოიცავს და მისი ფართობი 2981 კვადრატული კილომეტრია, 81 კვ/კმ-ით მეტი, ვიდრე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა. მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, დუშეთის მუნიციპალიტეტში მუდმივად 25 659 ადამიანი ცხოვრობს.

მუნიციპალიტეტს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამი ბრიგადა ემსახურება. ორი ბრიგადა განთავსებულია ქალაქ დუშეთში, ერთი დაბა ფასანაურში.

2018 წლის 7 ნოემბერს წერილობით მივმართეთ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს და მოვითხოვეთ საჯარო ინფორმაცია, 2015 წლის 1-ლი იანვრიდან 2018 წლის ოქტომბრის ჩათვლით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახების რამდენი შემთხვევაა რეგისტრირებული ფშავ-ხევსურეთის სოფლებიდან? რამდენ გამოძახებაზე გავიდა ბრიგადა დანიშნულების ადგილას; თითოეულ შემთხვევაში რა დრო მოანდომა შემთხვევის ადგილზე მისვლას? რამდენი პაციენტი იქნა გადაყვანილი სტაციონარში, რამდენის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა, რამდენი გარდაიცვალა (შეტყობინების მიღებიდან გამოძახების ადგილას მისვლამდე; პაციენტის სტაციონარში გადაყვანამდე).

კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, მოთხოვნიდან ერთი თვის შემდეგ უწყებამ მხოლოდ გამოძახების სტატისტიკური მონაცემები მოგვაწოდა, ისიც არასრულყოფილად. ცხრილში საერთოდ არ არის მოცემული ინფორმაცია ბარისახოს თემის შესახებ.

ცენტრის მონაცემებით, 2018 წელს მაღაროსკარის თემიდან რეგისტრირებულია 120 გამოძახება, უკანაფშავიდან 8, შატილის თემიდან 6; 2017 წელს მაღაროსკარის თემიდან 135 გამოძახებაა, უკანაფშავიდან 21, შატილიდან 11; 2016 წელს მაღაროსკარის თემიდან 85 გამოძახებაა დაფიქსირებული, უკანაფშავიდან 8, შატილიდან 5; 2015 წელს მაღაროსკარის თემიდან 79 გამოძახება, უკანაფშავიდან 5, შატილიდან 9.

ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ უარი გვითხრა დანარჩენი ინფორმაციის მოწოდებაზე იმ მოტივით, რომ იგი პერსონალურ მონაცემებს შეიცავს, რაც უსაფუძვლო და უკანონოა. „მთის ამბები“ ინფორმაციის გაცემაზე უარის გასაჩივრებას აპირებს.

ბოლო წლებში ფშავ-ხევსურეთში ტურისტების რაოდენობა გაიზარდა. არაოფიციალური მონაცემებით, 2018 წლის მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით ფშავ-ხევსურეთს 10 ათასზე მეტი ტურისტი ეწვია. ყველაზე პოპულარული მარშრუტები აბუდელაურის ტბები და შატილი-მუცოა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისის ხელმიუწვდომლობის გამო, ადგილობრივი მცხოვრებლების გარდა, საფრთხე, შესაძლოა, ტურისტების ჯანმრთელობასა და სიცოცხლესაც დაემუქროს.

გელა მთივლიშვილი

Mtisambebi.ge-ს რედაქტორი. პროფესიით იურისტია. აშუქებს ადამიანის უფლებებთან, ეთნიკურ უმცირესობებთან, კონფლიქტის ზონებთან და ტერორიზმთან დაკავშირებულ თემებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში