საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

„დაკარგული სამოთხის“ მაძიებელი - როგორ აცოცხლებს ლექსო ჩარკვიანი სოფლად მიტოვებულ სახლებს

14:07 - 04 ოქტომბერი 2018 hits 17737

იყიდება სახლი წყალტუბოს გასასვლელიდან 3 კილომეტრში, სოფელ ქვილიშორში. დგას ერთ ჰექტარ მიწის ნაკვეთზე. ფასი 5 000 დოლარი - ეს იმ სახლის აღწერაა, რომელიც გურამ გზირიშვილმა „დაკარგული სამოთხის“ მეშვეობით შეიძინა. ბავშვებისთვის დასასვენებლად სააგარაკე სახლი უნდოდა. არჩევანი ჰქონდა - იმერეთი ან რაჭა. იმერული ოდა არჩია.  ჯერჯერობით დასვენება ვერ მოახერხა - სახლს ხელის შევლება სჭირდება.

გურამ გზირიშვილი ერთ-ერთია, ვინც ქალაქგარეთ სახლი ლექსო ჩარკვიანის და მისი ფეისბუკ გვერდის დახმარებით იპოვა.  

45 წლის ლექსო ჩარკვიანი პროფესიით ინჟინერია. სადაზღვევო კომპანიაში მუშაობს, თავისუფალ დროს კი ახალ წამოწყებას ახმარს. ქალაქის ხმაურისგან დაღლილებს სიმშვიდისა და მყუდროების პოვნაში ეხმარება. ფეისბუკ გვერდი აქვს - „დაკარგული სამოთხე“. სოფელ-სოფელ დადის, მიტოვებულ სახლებს პოულობს და ინფორმაციას თავის გვერდზე აქვეყნებს. უნდა, რომ დაცლილი სოფლები ზაფხულობით, სამი თვით მაინც გააცოცხლოს. ამისთვის არც დროს ზოგავს და არც ენერგიას. გვეუბნება, რომ ყველა გაყიდული სახლი პირადი გამარჯვებაა.

- საიდან გაჩნდა იდეა, რომ ასე გევლოთ და სახლები მოგეძებნათ?

იდეა მას მერე დამებადა, რაც ერთ-ერთ მთიან სოფელში ყოფნისას, ჩემ თვალწინ, თვალსა და ხელ შუა, ხის სახლი წაიქცა. მაშინ გადავწყვიტე, რომ დიდი ხნის დაკეტილი სახლებისთვის მიმეხედა.

- იდეის განხორციელება მარტომ გადაწყვიტეთ, დახმარება არავისთვის გითხოვიათ?

- არ სჭირდება ამ საქმეს 2, 3 და 5 კაცი. როცა დრო მაქვს, ერთ გავლაზე 3-4 სოფელს მოვივლი ხოლმე.  

- როდის დაიწყეთ?

- სამ თვეზე მეტი იქნება.

- დაკარგული სამოთხე რატომ დაარქვით?

- სხვა ვერსია არც მქონია. აი, რომ ვთქვი, ჩემ თვალწინ სახლი წაიქცა მეთქი, მაგ დროს გვერდით იქაური კაცი მედგა და იმან თქვა, - „სამოთხე იკარგება, შვილო. თქვენ რა იცით ქალაქელებმა“. მას მერე ჩამრჩა და სხვა სახელზე არც მიფიქრია.

- სახლის მეპატრონეებს როგორ უკავშირდებით?

- აი, ეგაა საქმე. ვიქექები რეესტრში და სოფლის მცხოვრებლებიც მეხმარებიან, ეს ორი ბერკეტი ადგილობრივებმა იციან, რომ მისი მეზობელი სახლს ყიდის, მაგრამ იმდენი ხნის წასულია, კონტაქტიც არ აქვთ, მაგრამ მაინც მეხმარებიან. ხან სად გადარეკავენ, ხან სად და ასე ვპოულობთ მეპატრონეებს. მერე იდეას ვაცნობ და თანხმობის შემთხვევაში, მაშინვე ჩემს გვერდზე ვაქვეყნებ და მათ ნომერს ვუთითებ, რომ მსურველებმა პირდაპირ დაკავშირება შეძლონ.

- სახლის მფლობელები თქვენს შეთავაზებას მარტივად თანხმდებიან?

- მეუბნებიან, ამ საქმეში შენ რამდენი გინდაო. რომ ვპასუხობ არაფერი-მეთქი, ვერ იგებენ. ერთ შემთხვევას მოგიყვებით: ერთ-ერთ სოფელში თბილისელს სახლი ვაყიდინე და სახლის მეპატრონეს 4-ჯერ უკითხავს, ლექსოს რამდენს აძლევთ ფულსო. ვერ დაიჯერა, რომ ჩემგან არაფერი აგიღიაო. არ ვიმჩნევ, მაგრამ მწყინს ხოლმე, როცა ვიღაც აფერისტი ვგონივარ, მაგრამ ამ ბოლო ხანს, უკვე, კარგად მიცნობენ.

ერთი ცუდი შემთხვევაც მახსოვს - ერთ-ერთი მიტოვებული სახლის მეპატრონე საზღვარგარეთ იყო. ველაპარაკე, ვყიდიო - დამეთანხმა. დაახლოებით, 3 000-ადო.  ზუსტი ფასი მეორე დღეს უნდა ეთქვა. რომ დავურეკე, მეუბნება, შენი გვერდი ვნახე და სახლები კარგად გეყიდებაო. მე არა, თქვენ გეყიდებათ მეთქი. როგორც არიო და მოდი, 3 000-ის ნაცვლად 5 000 იყოსო. აი, ეგ არ მომეწონა და მისი სახლი აღარ დავდე.

- რა შედეგები გაქვთ, რამდენი სახლი გაიყიდა?

- უჰ, რა ვიცი. რაც მახსოვს, 13 გაიყიდა. არ ვინიშნავ. მთავარია, გაიყიდოს, ჩავიდეს ვინმე, ზაფხულში, ორი თვით მაინც იცხოვროს და იქაურობა გააცოცხლოს. მაკლერი რომ ვიყო, მექნებოდა რამე რვეული ან უბის წიგნაკი, მაგრამ როგორც კი სახლის ყიდვის მსურველი მეპატრონეს უკავშირდება, მე აღარაფერი მეხება. არც ის ვიცი, ფასი დაუკლო თუ რა პირობებზე შეთანხმდნენ.

- გვერდზე რაც ვნახე, მეტწილად რაჭა-იმერეთის სოფლებია.

ხონის, წყალტუბო-ცაგერის და რაჭა, შაორის მიმდებარე ტერიტორია მაქვს ჯერ ათვისებული. დაზამთრებამდე მინდა 50-60 სახლი გავაყიდინო და ვაყიდინო. მერე ცხენისწყლის ხეობაში მინდა შესვლა.

- იქ გზის საფარი სულ ასფალტია და სოფლებშიც კარგი გზებია.

- მთაშიც ხომ არ აპირებთ ასვლას?

- ვაპირებ, მამისონის სამხრეთ ფერდობზე, შოვის ზემოთ. იქ დაცლილია სოფელი და უნდა ვნახო, რამდენად შესაძლებელია იქაური სახლების შეკეთება და საცხოვრებლად გამოყენება. ასე რომ მთების მოვლაც იგეგმება.

გული სწყდება, რომ ყველაფერს მხოლოდ საკუთარი ხარჯით აკეთებს. აქამდე არავინ გამოჩნდა, ამ საქმეში ხანდახან, საწვავით მაინც დაეხმაროს, სოფლებში გასვლა რომ უფრო ხშირად შეძლოს და მსურველებს მეტი არჩევანი შესთავაზოს. თუმცა ეს მის მოტივაციაზე არ მოქმედებს. ფიქრობს, რომ მისი შრომის საფასური წლობით მიტოვებული სახლების გაცოცხლებაა.

დარინა ქამადაძე

Mtisambebi.ge–ს რეპორტიორი, დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულება. აშუქებს მთის, სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში