საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

შატილის უნამუსო ჰესი და „არანაკლებ უნამუსო ხელისუფლება“

20:33 - 13 მარტი 2018 hits 10685

დუშეთის მოსახლეობას ერთი წლის განმავლობაში ადგილობრივი ხელისუფლების შენახვა 2 636 000 ლარი უჯდება. დუშეთის მერს 3 მოადგილე და 3 მრჩეველი ჰყავს, მაგრამ მერმა არ იცის, რომ შატილში ჯერ კიდევ შემორჩენილი რამდენიმე ოჯახი ფაქტობრივად ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. მერმა არც ის იცის, უშუქობისგან თავის დასაღწევად შატილიონებს რომ არც საწვავი აქვთ და სოფელში არსებული ერთადერთი გენერატორიც რომ დაზიანებულია.

„უნდა დავპატიჟოთ ხელისუფლების წარმომადგენლები, მაგრამ კი არ ვუმასპინძლოთ და სუფრები გავუშალოთ, არა, ვაიძულოთ, პროდუქტის მარაგიც თავად გადმოიტანონ, საჭმელიც აკეთონ, უსინათლობასაც გაუძლონ, სიცივესაც, ინფორმაციის არქონასაც და ერთი თვე მაინც იცხოვრონ შატილში. იქნებ მიხვდნენ, რა პირობებში ცხოვრობს აქ ხალხი. იქნებ ასე მაინც შეიგრძნონ შატილიონთა გასაჭირი“, - ნანა შუბითიძე შატილის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელია. ის პირიქითა ხევსურეთის ერთადერთ სკოლაში განათლების სამინისტროს პროგრამის ფარგლებში სამი წელია მუშაობს და შატილში ცხოვრობს.

ნანა თებერვლის ბოლოს ავად გახდა, თუმცა ჩვენც მხოლოდ თბილისში ჩამოსვლის მერე შეგვეხმიანა: „შატილში ხომ არც ნორმალური გათბობის საშუალება გვაქვს. გავცივდი. 26-ში შეტევა მქონდა, კენჭის გავლა აუტანელი ტკივილით. იქაურმა ექიმმა, მიხა ჭინჭარაულმა, წამლები კი მომაწოდა, მაგრამ ცარიელი ხელებით რა უნდა ექნა? მესაზღვრეებს დაუკავშირდა. საბედნიეროდ, 2 მარტს ფრენა იყო, თორემ არვიცი, რა მეშველებოდა. თავს დამნაშავედ ვგრძნობ, გაჩუმებული რომ ვარ და ხმას არ ვიღებ“.

ამ ზამთარს შატილში რამდენიმე ოჯახმა, 25-მდე ადამიანმა გამოიზამთრა. კიდევ უფრო ცოტაა ხალხი შატილს ზემოთ სოფლებში, სადაც ბევრად მძიმე პირობებია. მუცოში, არდოტსა და ხონეში, მთელ მიღმახევში ტელეფონიც კი არ იჭერს. ხონეში არც არასდროს ჰქონიათ ელექტროენერგია. 2015 წელს მოვარდნილმა ღვარცოფმა ხონესთან მისასვლელი გზის თითქმის 5 კილომეტრიანი მონაკვეთი მთლიანად წაიღო. მას შემდეგ ხონემდე და ხონედან ტვირთი ცხენებით ან ზურგით გადააქვთ, თუმცა საქართველო-ჩეჩნეთის საზღვართან, ზღვის დონიდან 2150 მეტრზე მდებარე სოფელს 3 ოჯახი მაინც არ ტოვებს.

ისინი რომ არა, შეიძლება დიდი ხნის წინ დაგვეკარგა პირიქითა ხევსურეთის ეს ნაწილიც, ისევე როგორც შატილიდან 2 კილომეტრში, საქართველოს კუთვნილი, ე.წ. ფიჭვების ტერიტორია. იმის გამო, რომ ზამთარში იქ აღარავინ რჩებოდა, ფიჭვების ტერიტორია რუსმა მესაზღვრეებმა დაიკავეს და საზღვარი გადმოწიეს. ახლა ისინი ანატორის მისადგომებთან, მდინარე არღუნის მარჯვენა სანაპიროზე დგანან.

შატილსა და პირიქითა ხევსურეთში, ანუ კავკასიონს გადაღმა, ზამთარში, უფრო სწორედ ნოემბრიდან აპრილის ჩათვლით, მხოლოდ ვერტმფრენით შეიძლება მოხვედრა. უგზოობასაც უძლებენ და გაუძლებდნენ, სხვა პირობები რომ არსებობდეს.

შატილიონების თქმით, თითქმის მთელი ზამთარია შატილს ელექტროენერგია ფაქტობრივად არ მიეწოდება. ჰესი სულს ღაფავს და დილა-საღამოს მხოლოდ 1-2 საათით აქვთ სინათლე. მეტი დატვირთვით მუშაობას ელექტროსადგური ვერ უძლებს და მწყობრიდან გამოდის. თებერვალში რამდენიმე დღე საერთოდ უშუქოდ იყვნენ.

ბოლო წლებია, ხელისუფლებამ კარგად იცის, ან თუ არ იცის, უნდა იცოდეს, რომ შატილში არსებული ჰესი კაპიტალურ რეაბილიტაციას საჭიროებს. რამდენჯერმე ჩატარდა მცირე სარემონტო სამუშაოებიც, მაგრამ უშედეგოდ. სპეციალისტები კი ჩადიან, მაგრამ რად გინდა, ხშირად უღელტეხილს გამოცდენილები არც არიან, აგრეგატები რომ ჩერდება. გასულ წელს შატილიონებმა ჰესის შენობის კარზე წარწერა გააკეთეს „შატილის უნამუსო გესი“. „წელს კიდევ დავამატებთ - „არანაკლებ უნამუსო ხელისუფლება“.

ადგილობრივების განმარტებით, მილი, რომლითაც ჰესს წყალი მიეწოდება, რამდენიმე ადგილას დაზიანებულია და წყალი იღვრება, ამ ადგილებიდან მილებში ქვიშა შედის, რომელიც შემდეგ ავზებში გროვდება და ჰესის ფუნქციონირებას ხელს უშლის.

როგორც გვითხრეს, ჰესი, ფაქტობრივად, წყლის მარაგის, ასევე გაფილტვრის ავზების გარეშეა დაჩენილი. „ჩვენს ჰესზე არ არსებობს წყლის სათავე ნაგებობა, სადაც შეიძლება რომ წყლის მარაგი დაგროვდეს. წელს თოვლი თითქმის არ მოსულა, მთებზეც არ დევს. ჯერ წვიმებიც არ არის. მდინარეში, შატილხევზე წყლის დონე ძალიან დაბალია. ხარჯი მეტია და მიწოდება ვეღარ გვაქვს, ამიტომ დილა-საღამოს სოფელს ელექტროენერგიას ცოტა ხნით ვაწვდით. ზამთარში ყოველთვის გვაქვს ეს პრობლემა“,  - ამბობს გიორგი ჭინჭარაული, შატილჰესის ოპერატორი.

შარშან ამ დროს გენერატორით სარგებლობდნენ: გენერატორიც ჰქონდათ და საწვავიც, ამიტომ ზამთარი ასე მტკივნეული არ იყო. წელს გენერატორი გაფუჭებულია და არც საწვავი აქვთ.

„გენერატორს დაახლოებით 70 ლიტრი სჭირდება 5 საათის განმავლობაში. საიდან მოვიტანოთ? შარშანდელი ზამთრისთვის 7 ტონა საწვავი გვქონდა. გზა რომ გაიხსნება, ერთ-ერთი პირველი ალბათ ჰესი უნდა გაკეთდეს“, - ამბობს გიორგი ჭინჭარაული. ჰესის ორივე თანამშრომელს ზამთარში ცარიელი ხელებით უწევს მოწყობილობების პატრონობა, რომ თანასოფლელებს სინათლე ჰქონდეთ.

„გენერატორი გასულ წელს დაზიანდა და საწვავი რად უნდოდათ? ამიტომაც არ მოგვითხოვია“, - უთხრა „მთის ამბებს“ შატილის თემში დუშეთის მერის წარმომადგენელმა ამირან გოგოჭურმა. ის ძირითადად თბილისთან ახლოს, სოფელ გამარჯვებაში ცხოვრობს: „შატილში რომ ვიყო, საქმეები ხომ უნდა ვაკეთო, გამგეობაში თათბირებზე ხომ უნდა ვიარო. აბა, იქიდან როგორ ვივლი?“

შატილში მცხოვრები დავით ჭინჭარაულის აზრით, პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი გზა, შესაძლოა, მზის ენერგიის გამოყენება იყოს, თუმცა თუშეთისგან განსხვავებით, შატილში ასეთი სისტემა ჯერ არავის აქვს. შესაძლებელია ქარის და ბიოენერგიის გამოყენებაც, მითუფრო რომ შატილშიც და ზემოთ სოფლებშიც ბევრს ჰყავს საქონელი.

თუ გავითვალისწინებთ, რომ პირიქითა ხევსურეთი უკვე შევიდა ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის შემადგენლობაში, ალტერნატიული ენერგეტიკის წამახალისებელი პროექტებისთვის დონორის მოძიებაც შეიძლება.

ნანა მასწავლებელი თბილისიდან შატილში რამდენიმე დღეში დაბრუნდება: „ალბათ, ისევ მესაზღვრეებს გავყვები. ამ ზამთარს სამოქალაქო ფრენა მხოლოდ ორჯერ იყო. ერთხელ დეკემბრის ბოლოს, სკოლაში სწავლა რომ დასრულდა და მეორედ, იანვარში, არდადეგების მერე, სემესტრი რომ იწყებოდა. მესაზღვრეები რომ არ იყვნენ და არ ეხმარებოდნენ იქაურებს, საერთოდ გაუსაძლისი იქნებოდა ყოფა.

ზაფხულში შატილში ერთი შაბათ-კვირით ჩასვლა მშვენიერია, მაშინ არც მომსვლელი და სტუმარი გვაკლია. მაგრამ, ზამთარში შატილში ცხოვრება ძალიან რთულია. არავის ეგონოსვწუწუნებ. არა, კიდევ ვიმეორებ, ჩემს პრობლემებზე არ ვსაუბრობ. შატილიონებზე ვფიქრობ, იმ ახალგაზრდებზე ვსაუბრობ, რომლებმაც შატილში ცხოვრება უნდა გააგრძელონმაგრამ რომელი ახალგაზრდა ოჯახი ისურვებს ასეთ პირობებში ყოფასჩემს მოსწავლეებზე ვსაუბრობ, რომლებსაც ტელევიზორის ყურებაც კი ენატრებათ“.

თინათინ მოსიაშვილი

Mtisambebi.ge–ს რეპორტიორი, გეოგრაფი. კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში. აშუქებს მთის, სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში