საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

12 ვოლტიანი ოცნება - მარტოობას შეგუებული კაცი პირიქითა ხევსურეთიდან

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

10:36 - 09 აგვისტო 2017 hits 20617

იმედა მურღუევი პირიქითა ხევსურეთში, არდოტის თემის სოფელ ბახაოში მარტო ცხოვრობს. სიცოცხლის ბოლომდე აქ აპირებს ყოფნას. ბევრი რამ აწუხებს, თუმცა პრობლემების მომგვარებელი ჯერ-ჯერობით არავინ ჩანს.

იმედა, ანუ ჯამრული, როგორც „ხევსურეთში ეძახიან“, ბახაოში 1993 წელს გადმოსახლდა. ბარში სახლ-კარი, მანქანა, ერთი სიტყვით, მთელი ქონება გაყიდა და 500 ათასი მანეთი სალაროში შეიტანა. ფული, რა თქმა უნდა, დაკარგა. თავი სოფელს შეაფარა. პატარა სახლში, რომელსაც დღეს სახურავის ნაცვლად - ბრეზენტი აქვს გადაფარებული და წყალს აპარებს, დედასთან ერთად ცხოვრობდა.

მშობლის გარდაცვალების შემდეგ მარტოა დარჩენილი. „ჩემ საკმაო რაღაცას დავთესავ და ეგ არი“. პურსაც აცხობს და თავსაც უვლის. ეგ კი არადა, ფრანგ ტურისტებსაც უმასპინძლა ყავით! სანამ თავს ვუვლი არამიშავსო, ამბობს, ჯანი რომ აღარ გამყვება, მერე გამიჭირდებაო.

ნანობს, რომ ახალგაზრდობაში ოჯახის შექმნა ვერ „მოტვინა“. ისეთი ხასიათისა ვიყავი, ქალები კი არ გამირბოდნენ, მე გავურბოდიო. თავის შესაქცევად ერთ 12 ვოლტიან ტელევიზორზე ოცნებობს. 

„მარტოკა საქონელი სწუხდება და მე ხო ადამიანი ვარ. მარტოობას კი არა, ციხეს ეგუებიან პატიმრები. ზოგს იქ სწადის, აღარ მოდის სახლში. შეეგუები მარტოობასაც, აბა რას იზამ. თუ არ აიტანე, იდარდებ, ინერვიულებ და უარესია. აბა ეხლა მე ვინ მომივა აქ ამხანაგად და ვინ დამიწყებს ლაპარაკს, ვინ არი ჩემსავით მოხუცი?! აღარავინაა“.

იხსენებს, რომ წლების წინ სოფელში 14 კომლი ცხოვრობდა. ზოგი ბარში წავიდა, ზოგიც გარდაიცვალა და ახლა მის გარდა ორი კაციღა შემორჩა ბახაოს. ისინიც მხოლოდ ზამთარში მოდიან და საქონელი მოჰყავთ. ხალხის დაბრუნების იმედი აღარ აქვს, თუმცა მაინც სჯერა, რომ თუკი გზისა და ელექტროენერგიის პრობლემა მოგვარდება, აქაურებს შეიძლება უკან გამოუწიოთ გულმა.

ასაკშია და ჯანმრთელობას ყურადღებას უნდა აქცევდეს, თუმცა, ცუდად თუ გახდა, ან წამალი დასჭირდა, შატილში, დაახლოებით 25 კილომეტრზე „დოხტურ“ მიხეილ ჭინჭარაულთან ფეხით მოუწევს ჩასვლა.

გზა არდოტამდეა, ისიც მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის. არდოტს იქით ბახაომდე კიდევ 5 კილომეტრია, მდინარე არღუნზე საფეხმავლო ხიდებით. იმედას იმ ხიდებზეც უჭირს გადასვლა, სხეულს ვეღარ იმორჩილებს და შეიძლება წყალში გადავარდეს.

„ბევრი არც გადარჩა როცა ექიმი არ იყო, ისე მოკვდა. იმიტო, რო ოპერაცია გჭირდება, ან კიდე წამალი. მანქანა თუ მოვარდება და გამიყოლებენ ბედზე ხო კაი, თუ არადა თავს ძალა უნდა დავატანო და ნელ-ნელა ფეხით ჩავიდე. უბრალო საქმეზე ვერ ჩავალ, იმიტო რო ფეხით სიარული აღარ შემიძლია.“

ყველაზე მეტად მაინც შეშის გარეშე დარჩენა აშინებს. „მცივა, აბა მოხუცი კაცი ვარ, ვეღარ ვთბები. აი ეგ მიჭირს მე. გზა რო აქამდე იყვეს მანქნისა, მანქნით შეშას მომიტანდეს, დამიყრიდეს კარებზე, ვიქნებოდი, არ მოვკვდებოდი სიცივით მაინც. შიმშილით არ მოვკვდები, იმიტო რო პენსია მაქვს, დახმარება მაქვს და ფულს მაძლევენ.“

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ბახაოში არ აკითხავენ. თუკი რამ უჭირს, თავად ჩადის რაიონის გამგებელთან. ასე, საჩივრით მოახერხა და ელექტროენერგიისთვის მზის პანელი დაუმონტაჟეს, წყლისთვის კი რეზინის მილი მისცეს.

თავის ცხოვრებას ყველაზე კარგად პატარა ლექსით აღწერს. სურს, რომ სადმე გამოუქვეყნონ. ავტორად ჯამრულის დააწერს, წაიკითხავენ და იცნობენ...

„პატარა ქოხი დიდია, ჯამრულის სამყოფელია,
გინდა დვარეცები დამიდგან, ვარ ჩემთვინ, ჯოჯოხეთია.

ბახაო თბილისს მირჩევდა, მე სადაც დავიბადია,
მოვალ და მოვესალმები, სულის ადგილი ჩემია.

დაქვიახი და ჭაუხი რა კაი სანახავია,
ხიდოტნიდანა მოსჩანან, როცა გამოდის წყალია“.

გიორგი ჭეიშვილი

Mtisambebi.ge-ს რედაქტორი. ბლოგერი, ძველი თბილისის მკვლევარი. აშუქებს მთის, ქალაქის, კონფლიქტებისა და კულტურის საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში