საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

გელა სამხარაული – თუშეთში ფრენისთვის გამოყოფილი თანხა სხვანაირად უნდა განაწილდეს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:43 - 26 თებერვალი 2017 hits 8756

„დღეს ქეიფი არავის უკვირს. თუ ასარჩევად მექნება საქმე, ვიცი უკეთესი დროსტარებისთვის სად უნდა წავიდე. იქ, შუადღისას, მზის გულზეც კი ყინვაა, საქონლის ექსკრემენტებში უნდა იარო და ვერც მარცხნივ გადაუხვევ და ვერც მარჯვნივ. ადამიანური ურთიერთობები პირველ რიგში ადგილობრივებს სჭირდებათ“, – ასე გამოეხმაურა ახმეტა–თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული „მთის ამბების“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიას „ჩინოვნიკების დროსტარება თუშეთში მთაში მცხოვრებთათვის მაკარონის და ყავის გადაცემის მიზეზით“.

„მას შემდეგ, რაც ახმეტის და თელავის მაჟორიტარი გავხდი, ეს ჩემთვის პირველი ზამთარია. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ თუშეთის პრობლემებს ადგილზე გავცნობოდი. შეგნებულად გადავდგი ეს ნაბიჯი. ზამთარში ასეთი ფრენა თუშეთში ტრადიციულია. 40 წელია, ყოველ ზამთარს მანდ ვერტმფრენი ადის. შესაბამისად, თუშების მხრიდან მოლოდინი ყოველთვის არის, რომ იქ ხელისუფლების წარმომადგენლები ავლენ და გარკვეულ პროდუქტებსაც აიტანენ. ისინი გარკვეულწილად დამოკიდებულები არიან ამ ფრენებზე.

მინდა თქვენი სტატიის სათაურსაც გამოვეხმაურო, თითქოს 27 000 ლარი დაჯდა ჩემი იქ ჩასვლა და დროსტარება. დღეს ქეიფი არავის უკვირს. თუ ასარჩევად მექნება საქმე, ვიცი უკეთესი დროსტარებისთვის სად უნდა წავიდე. იქ შუადღისას, მზის გულზეც კი 8 გრადუსი ყინვაა, საქონლის ექსკრემენტებში უნდა იარო და ვერც მარცხნივ გადაუხვევ და ვერც მარჯვნივ. ეს ადამიანური ურთიერთობები პირველ რიგში ადგილობრივებს სჭირდებათ. ბევრ სოფელთან მისასვლელი გზაც კი არ არის და იქ მუდმივად მცხოვრებ ადამიანებს ერთმანეთთანაც კი არ აქვთ კომუნიკაცია. სოფელ ჯვარბოსელში, სადაც ჩვენ საბოლოოდ გავჩერდით, არც სამანქანე გზაა და არც ტელეფონი იჭერს. შეიძლება ერთი თვე ისე გავიდეს, რომ ვერ გაიგონ, ადამიანი ცოცხალია თუ მკვდარი.

იქ წასვლა რომ ჯდებოდეს 3 ლარი, წავიდოდით 3 ლარად. იქ ვერტმფრენით წასვლა ძვირი ჯდება და ახლა ასე ჩანს, რომ მაკარონის და ყავის ჩასატანად ხელისუფლებამ ამდენი ფული გადაიხადა. მოსახლეობაც მიჩვეულია ხელისუფლების დახმარებას. მაგალითად, ახლა ერთ-ერთ ადგილობრივს, რომელსაც იქ საქონელი ჰყავს და საკვები გაუთავდა, თივა ჩავუტანეთ. რამდენიმე ოჯახმა დასათესი კარტოფილი წამოიღო. როცა კარტოფილის დათესვა დაიწყება, შეიძლება გზა ჯერ კიდევ არ იყოს გახსნილი. ამ ყველაფრის წინასწარ დაგეგმვა ხომ შეიძლებოდა? შეიძლებოდა ამ ადამიანებს თივა და კარტოფილი გზის ჩაკეტვამდე  მოემარაგებინათ.

- თქვენც შეიძლებოდა უფრო რაციონალურად გამოგეყენებინათ ბიუჯეტის თანხა და თუშეთში მცხოვრები ადამიანების პრობლემების გარკვევის მიზნით იქ მანამდე ასულიყავით, სანამ გზა ჩაიკეტებოდა.

- სანამ გზა ჩაიკეტებოდა, იქ სამჯერ ვიყავი. ზაფხულში იქ სულ სხვა მდგომარეობაა და არ ჩანს იმ ადამიანთა პრობლემები, რომლებიც იქ ზამთარში რჩებიან.

- თქვენ როგორ ფიქრობთ, თუშეთში 1250 ლარის ღირებულების პროდუქტის ასატანად 25 500 ლარი უნდა დაიხარჯოს? არის ამაში რაიმე რაციონალური?

- ამ საკითხს ასე ვერ დავსვამდი. კარგად ვნახე, რა ემოციური დამოკიდებულება აქვთ ამ ღონისძიების მიმართ ადგილობრივებს. ჯვარბოსელში ვისთანაც მივედით, იმ ადამიანს 2 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში კაციშვილი არ ჰყავდა ნანახი. თუშეთში მუდმივად მცხოვრები 30-მდე ადამიანი ერთად შეიკრიბა.

- ეს პროდუქტები საახალწლო საჩუქარი იყო. რატომ აიტანა ხელისუფლებამ საახალწლო საჩუქარი თუშეთში თითქმის 2 თვის დაგვიანებით, 21 თებერვალს?

- ამ საკითხით მეც დავინტერესდი. „ავიაკომპანია თუშეთი“ ერთადერთი კომპანიაა, რომელიც ტენდერში იღებს მონაწილეობას და რეისებს ასრულებს. სხვა ასეთი კომპანია არ არსებობს. აღმოჩნდა, რომ ვერტმფრენი იყო გაფუჭებული და შესაკეთებლად იყო უკრაინაში. ამით იყო გამოწვეული რეისის დაგვიანება.

- ვინ და რა ნიშნით შეარჩია ის პროდუქტები, რაც სასაჩუქრე პაკეტში მოხვდა? არა მგონია, თქვენი ან გუბერნატორის საახალწლო სუფრაზე მაკარონი და ორცხობილა იდოს.

- პროდუქტების შერჩევაში მონაწილეობა არ მიმიღია. ალბათ, ისეთი პროდუქტებია შერჩეული, რომლებიც მალე არ ფუჭდება.

- რა პრობლემების შესახებ მიიღეთ ინფორმაცია ადგილობრივებისგან და რას აპირებთ მათ მოსაგვარებლად?

- სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კავშირგაბმულობის პრობლემების მოგვარება. გარდა ამისა, როგორც იცით, მოსახლეობა იქ სარგებლობს მზის ბატარეებით. არსებული მზის ბატარეები მათთვის საკმარისი არ არის - მათი უმეტესობა მოძველებულია და სათანადო ელექტროენერგიას ვეღარ გამოიმუშავებს. კიდევ ერთი საკითხი, რაც ჩემს გულისტივილს იწვევს, არის თუშეთში არატრადიციული სამშენებლო მასალების გამოყენება. შევეცდები, რომ ამ პრობლემების მოგვარებაში ჩემი წვლილიც შევიტანო და ამასთან ერთად, ეს ადამიანები ასეთ ფრენებზე ნაკლებად დამოკიდებულები გავხადოთ.

ისევ თქვენს სტატიას რომ დავუბრუნდეთ. წასვლის წინ გუბერნატორს, ირაკლი ქადაგიშვილს შევხვდი და ვუთხარი, რომ ამ ღონისძიებას ასეთი გამოხმაურება მოჰყვებოდა. ვიცოდი, რომ თქვენ ამ ამბავს გააშუქებდით და ასეთ სტატიას დაწერდით. ეს საკითხი მართლაც მისახედია. არ უნდა ჩანდეს ისე, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან იხარჯება გარკვეული თანხა და ამ თანხის მხოლოდ 10%-ის ღირებულების პროდუქტი მიდის ხალხის დასახმარებლად. ეს თანხა სხვანაირად უნდა განაწილდეს და ფრენა მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში განხორციელდეს. ეს საკითხი ისევ ადგილობრივებთან ერთად უნდა გავიაროთ. ბიუჯეტი მიღებული იყო, ტენდერი ჩატარებული იყო და ფრენა დანიშნული. ჩვენ წავიდოდით თუ არ წავიდოდით, რეისი მაინც შესრულდებოდა. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ წავსულიყავით, ადგილობრივ მოსახლეობას შევხვედროდით და პრობლემების იდენტიფიცირება მოგვეხდინა. მინდა, რომ ამ საკითხზე  უახლოეს მომავალში დისკუსიაც გავხსნათ.

შეგახსენებთ, ახმეტის გამგეობამ თუშეთში მუდმივად მცხოვრებ 25 პირს, საახალწლო საჩუქრის სახით, საკვები პროდუქტების 50-ლარიანი პაკეტები 21 თებერვალს გადასცა. თითოეული ბენეფიციარისთვის გადასაცემი პაკეტი შემდეგი პროდუქტებისგან შედგებოდა: 3,5 კგ შაქრის ფხვნილი, 5 კგ მაკარონი, 1 კგ კარამელი, ზეთი, 1,5 კგ შოკოლადი, 1 კგ ორცხობილა, 100 გრამი ნალექიანი და 100 გრამი უნალექო ყავა. დაახლოებით 1250 ლარის ღირებულების პროდუქტების ვერტმფრენით გადასატანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 25 500 ლარი დაიხარჯა.

თუშეთში მუდმივად მცხოვრები პირებისთვის პროდუქტების გადაცემის „მიზეზით“ ვერტმფრენით იმოგზაურეს ახმეტის გამგებელმა ბექა ბაიდაურმა, გამგებლის პირველმა მოადგილემ ვანო ნასყიდაშვილმა, გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა არსენ ბუღრიძემ, ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ჯუგაშვილმა. ამ „მისიაში“ კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, ახმეტა-თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული, ახმეტის პოლიციის უფროსი ბესიკ ონიანი და მისი მოადგილე გიორგი აბელაშვილიც მონაწილეობდნენ. მათ თან ახლდნენ ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი და ოპერატორი. იმავე ვერტმფრენში იმყოფებოდნენ თუშეთის განვითარების ფონდის წარმომადგენლებიც რატი კოჭლამაზაშვილი და ზურაბ ბაბულაიძე – როგორც მათ განმარტეს თუშეთის ინტერნეტიზაციის პროექტის ტექნიკური საკითხების დაზუსტების და სამუშაოების დაჩქარების მიზნით.

თუშეთში სტუმრად ჩასულმა ჩინოვნიკებმა გულუხვად მოილხინეს. „მთის ამბებმა“ გამოარკვია, რომ ჩინოვნიკებს თან მომღერლებიც ახლდნენ: ლელა ნაყეური, ია ქირიკაშვილი და პაატა კარხილაური. ვიდეომასალაში ჩანს, რომ პაატა კარხილაური მღერის და სტუმრებს ართობს.

კითხვაზე, რა სტატუსით აღმოჩნდით თუშეთში გასაფრენ მგზავრებს შორის, ია ქირიკაშვილმა აღნიშნა: „თქვენ რატომ უნდა დამკითხოთ? არ ვარ ვალდებული! ყველამ თავის საქმეს მიხედოს“.

„ვიყავი ზამთრის თუშეთის მოსანახულებლად. ხომ არაფერი დავაშავე და მე არ ვიცი?“ – გვითხრა ლელა ნაყეურმა.

„მე ვარ ბარში და მთაში ადრე გაზაფხულზე ავდივარ ხოლმე. თან თუშეთში გამგებლის წარმომადგენლის სპეციალისტი ვარ. 22 თებერვალს ამანათები და ბარგი გადავუტანეთ ხალხს. ომალოში, შენაქოში, კვავლოსა და ჯვარბოსელში დავფრინდით. ჩვენ წავიღეთ აქედან, სახლიდან ღვინო, ისა, ისა და... იქ ხომ კომუნიკაცია არ არის ჯვარბოსელში, ორი ადამიანია და იქ რომ დავსხედით, გაუხარდათ ჩვენი მისვლა და პური შევჭამეთ. ზეზვა ელიზბარიძის სასტუმროში ვიყავით. კურდღლები დაგვიკლა. მე ვიმღერე, ლელამ და იამაც იმღერეს ორი თუ სამი სიმღერა“, – უთხრა „მთის ამბებს“ პაატა კარხილაურმა.

„ია ქირიკაშვილი და ლელა ნაყეური რა სტატუსით იმყოფებოდნენ არვიცი. მაგაზე ვერ გაგცემთ პასუხს ნამდვილად. იყვნენ, მაგრამ მე მაგათ არ ვიცნობ. ურთიერთობა არ მაქვს. არვიცი რა უნდოდათ. მაგაზე გამგებელი გაგცემთ პასუხს“, – განაცხადა ახმეტის გამგებლის მოადგილე ვანო ნასყიდაშვილმა.

ახმეტის გამგებელმა ბექა ბაიდაურმა „მთის ამბების“ სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებებს არ უპასუხა.

ბოლო 3 წლის განმავლობაში თუშეთის მოსახლეობისათვის სულ მიწოდებულ იქნა 7500 ლარის ღირებულების პროდუქტები, რომელთა ტრანსპორტირებისთვის 100 099 ლარი, ანუ დაახლოებით 13,5-ჯერ მეტი დაიხარჯა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში