საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

      

ათასობით ადამიანი ჯავახეთში საქართველოს მოქალაქეობის გარეშე - სპეციალური რეპორტაჟი

13:42 - 18 ნოემბერი 2021 hits 4062
სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად არჩევამდე - წინასაარჩევნო შეხვედრა ახალქალაქში
საზოგადოება
სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად არჩევამდე - წინასაარჩევნო შეხვედრა ახალქალაქში

ჯავახეთში მცხოვრები ათასობით ადამიანი, რომლებიც აქ დაიბადნენ, გაიზარდნენ და ახლაც აქ ცხოვრობენ, საქართველოს მოქალაქეობის გარეშეა დარჩენილი. მთავრობა მოქალაქეობის აღსადგენად მათგან გამოცდის ქართულ ენაზე ჩაბარებას ითხოვს, 35-40 წელს ზემოთ ჯავახეთის მოსახლეობის უმეტესობამ კი ქართული ენა გამართულად ან საერთოდ არ იცის. არ იციან იმიტომ, რომ არც სკოლაში ასწავლიდნენ, არც გარშემო ჰყავდათ ვინმე, ვისთანაც ქართულად ისაუბრებდნენ, არც ინტერესი და საჭიროება ჰქონდათ. საქართველოს მოქალაქეობის არქონის გამო ისინი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამითაც ვერ სარგებლობენ, რაც კორონავირუსის პანდემიის პირობებში მძიმე ეკონომიკურ ტვირთად აწვებათ. 3 ათასზე მეტი ადამიანი ვერც არჩევნებში მონაწილეობს და პოლიტიკურ ცხოვრებას მოწყვეტილია.

63 წლის კამო სიმონიანი ოპერაციისთვის, ორი წლის წინ ნასესხებ ფულს ახლაც იხდის. გულის სტენტირებისთვის საავადმყოფოში 6000 ლარი გადაახდევინეს, არადა საქართველოს მოქალაქეებისთვის ამ ოპერაციას 80-90 %-ით სახელმწიფო აფინანსებს. კამოს ოპერაციის დაფინანსებაზე უარი უთხრეს, რადგან 2013 წლიდან მას საქართველოს მოქალაქეობა აღარ აქვს, შეუწყვიტეს.

„რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ, რუსეთში საქართველოს მოქალაქეების შესვლა, იქ ყოფნა და მუშაობა გართულდა. ჯავახეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსეთში მუშაობს და აქ მყოფ ოჯახებს იქიდან ინახავს. აქ სამუშაო არ არის. ამიტომაც, ჯავახეთში მცხოვრებმა ძალიან ბევრმა ადამიანმა სომხეთის მოქალაქეობაც მიიღო. ქართული პასპორტით და ვიზით, რუსეთში ყოფნა მხოლოდ 3 თვე შეგვეძლო, სომხეთის პასპორტით კი ერთი წლით. აქედან ქართული პასპორტით გავედი, სომხეთიდან კი რუსეთში სომხეთის მოქალაქის პასპორტით“, - კამო სიმონიანს, ნინოწმინდის სოფელ ჟდანოვში მდებარე სახლის მისამართზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან, იმავე წელს აცნობეს, რომ მოქალაქეობა შეუწყდა.

2013 წელს მოქალაქეობის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოქალაქე იმავდროულად არ შეიძლებოდა ყოფილიყო სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, გარდა საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევისა. ვისაც დაუფიქსირდა, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეც იყო, საქართველოს მოქალაქეობა ავტომატურად დაკარგა.

კამო სიმონიანის თანასოფლელია 38 წლის ჟორა ანტანოსიანიც. 2013 წელს სომხეთისგან ორმაგი მოქალაქეობა ჟორამაც მიიღო: „აქ მხოლოდ მწყემსად უნდა მემუშავა, სხვა სამუშაო არ იყო. ორი პატარა შვილი მყავს. მეც რუსეთში წავედი, რომ ოჯახი მერჩინა. ერთი წლის შემდეგ, საქართველოში რომ ვბრუნდებოდი, მაშინ მითხრეს, რადგან სომხეთის მოქალაქეობაც მაქვს, საქართველოს მოქალაქეობა შემიწყვიტეს“.

ჯავახეთში მცხოვრებ რამდენ ადამიანს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა, ზუსტი სტატისტიკა ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა ჟდანოვში მათი რიცხვი 20-ზე მეტია.

იურისტი გურგენ ეზოიანი 2018-2019 წლებში, ახალქალაქის იუსტიციის სახლში სწორედ მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხებზე მუშაობდა.

„ამ პერიოდში ჩვენთან მოსულ ყოველ მე-3 ან მე-4 ადამიანს ჰქონდა პრობლემა საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებით“.

2018 წლის ოქტომბერში, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ჯავახეთში ჩასული პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ხელისუფლებისგან იყო მხარდაჭერილი, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში რეგიონის მოსახლეობას ორმაგი მოქალაქეობის მინიჭებას დაჰპირდა.

წინასაარჩევნო პერიოდში ნინოწმინდისა და ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი ადგილობრივ მცხოვრებლებს ეუბნებოდა, რომ სალომე ზურაბიშვილისთვის 1500-ზე მეტი მოქალაქის საბუთები უკვე გადაცემული ჰქონდა და როგორც კი ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდებოდა, ეს ხალხი საქართველოს მოქალაქეობას ავტომატურად მიიღებდა. ზურაბიშვილმა ჯავახეთში, პირველივე ტურში თითქმის 60 %-იანი მხარდაჭერა მოიპოვა.

ქართული კანონმდებლობით, საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებით ან ნატურალიზაციით, რაც გულისხმობს პრეზიდენტის მიერ მოქალაქეობის მინიჭებას ჩვეულებრივი, გამარტივებული, საგამონაკლისო ან აღდგენის წესით. პირმა სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობის აღდგენის დროებითი უფლების მოთხოვნით უნდა მიმართოს და ქართულ ენაში შესაბამისი ტესტი ჩააბაროს. 2020 წელს სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების, აღდგენის, სპეციალური წესით მინიჭებისა და მოქალაქეობის დადგენის მოთხოვნით 7123-მა მოქალაქემ მიმართა. ეს მონაცემი მხოლოდ ჯავახეთის მცხოვრებლების მიმართვიანობას არ ასახავს.

კამო სიმონიანმა საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად გამოცდის ჩაბარება ორჯერ სცადა, მომსახურების საფასური 250 ლარიც გადაიხადა, მაგრამ ორჯერვე ჩაიჭრა:

„მთელი ცხოვრება აქ გავატარე, კოლმეურნეობაში ვმუშაობდი. როცა ადამიანი ასაკოვანი ხდება, სახელმწიფომ შენი სამსახურისთვის პენსია უნდა მოგცეს. მე კი ამ პენსიასაც ვერ მივიღებ. ორჯერ ვიყავი იუსტიციის სახლში, გადავიხადე 250 ლარი, მაგრამ გამოცდა ვერ ჩავაბარე, რადგან ქართული არ ვიცოდი. აქ სკოლაში რომ ვსწავლობდით, ჩვენი ქართულის მასწავლებელი სომეხი იყო და ქართულის გაკვეთილი კვირაში ერთი საათი გვქონდა. საიდან უნდა ვიცოდე მე ქართული. ადამიანმა რამდენი ენაც იცის, იმდენად მდიდარია. აქ დუხობორები ცხოვრობდნენ, ურთიერთობები გვქონდა, რუსული ვიცოდით. სომხებს და ქართველებს ერთად რომ ეცხოვრათ, მეც მეცოდინებოდა ქართული. გამოცდაზე ჩასაბარებელი ტესტები ტელეფონში გადმოვწერე და ვსწავლობდი, მაგრამ ისეთი კითხვები მოდის, თუ ენა არ იცი, არ შეგიძლია უპასუხო. ცოლი, შვილები, შვილიშვილები ყველა აქ მყავს, ყველანი საქართველოს მოქალაქეები არიან ჩემს გარდა.

რომ ვიცოდე საქართველოს მოქალაქეობას დამიბრუნებენ, ახლავე დავწერ განცხადებას და უარს ვიტყვი სომხეთის მოქალაქეობაზე, რომელიც მხოლოდ იმიტომ მივიღე, რომ უფრო ადვილად მემუშავა რუსეთში“.

საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა ორჯერ სცადა ჟორა ანტანოსიანმაც. მანაც ორჯერვე უარი მიიღო, მიზეზი - ქართული ენისა და ისტორიის სათანადოდ არცოდნაა: „20 წელი გავიდა, რაც სკოლა დავამთავრე. ამდენი წელი სომხურადაც რომ არ მელაპარაკა, ისიც დამავიწყდებოდა. თანაც, ადრე სკოლაში არ იყო იმდენი მოთხოვნა, როგორიც ახლაა, რომ ქართული ენა უნდა გვესწავლა. წერა-კითხვა ვიცი, სკოლიდან მახსოვს, სულ ეს არის. მთელი დღე ვმუშაობ, ხან საქონელი, სახლში სხვა საქმეებიც არის. დრო არ მრჩება, რომ ტესტები ვისწავლო. როგორმე ზამთარში უნდა მოვახერხო. უცხოეთში წასვლას აღარ ვაპირებ. ჩემთვის უკეთესია აქ, ჩემს სამშობლოში დარჩენა, ოღონდ აუცილებელია, რომ საქართველოს მოქალაქეობა გვქონდეს. ახლა ბინადრობის ნებართვა გვაქვს და იმის საფუძველზე ვარ“.

რას სთავაზობს სახელმწიფო ჯავახეთის მოსახლეობას ქართული ენის სწავლებისთვის?

1+4 საგანმანათლებლო პროგრამით, რომელიც საქართველოში 2010 წლიდან ხორციელდება, მხოლოდ აბიტურიენტები სარგებლობენ. ისინი 1 წლის განმავლობაში ქართულ ენაში მომზადების კურსს გადიან და 60 კრედიტის დაგროვების შემთხვევაში, სწავლას მათთვის სასურველ ფაკულტეტზე აგრძელებენ. პროგრამის მონაწილეთა რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია.

სხვა დაინტერესებულ პირებს ქართული ენის სწავლებას ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა სთავაზობს. ჯავახეთში სასწავლო ცენტრები ახალქალაქშიცაა და ნინოწმინდაშიც, თუმცა ამ შესაძლებლობას ყველა მსურველი ვერ იყენებს. ჯავახეთის სოფლებში მუნიციპალური ტრანსპორტი არ არსებობს, ტაქსით მგზავრობა ძვირია. კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ სწავლება ონლაირეჟიმში გადავიდა, მაგრამ ჯავახეთის ბევრ სოფელში ინტერნეტის სიჩქარე ძალიან დაბალია ან საერთოდ არ არის ხელმისაწვდომი.

იურისტ გურგენ ეზოიანს მიაჩნია, რომ მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილებები უნდა შევიდეს და სავალდებულო გამოცდა ყველა კატეგორიაზე არ გავრცელდეს: „ასაკოვან ადამიანებთან მიმართებაში პროცედურა უნდა გამარტივდეს. ამ მიმართულებით სახელმწიფომ უფრო ტოლერანტული პოლიტიკა უნდა გაატაროს“.

„უფროსმა თაობამ განათლება მიიღო საბჭოთა ან პოსტსაბჭოთა პერიოდში, როცა განათლების სისტემა არ აკმაყოფილებდა ბაზისურ სტანდარტებს, რომ ამ ადამიანებს გაძლიერებულად ესწავლათ სახელმწიფო ენა, ან მიეღოთ ხარისხიანი განათლება. რა თქმა უნდა, დღეს მათ ქართული ენა სათანადოდ არ იციან. ამავდროულად, სწორედ იმის გამო, რომ ეს სოფლები დაშორიშორებულია და ქართულ და სომხურ სოფლებს შორის კომუნიკაცია ძალიან სუსტია, არც ადგილობრივი თვითმმართველობა, არც ეკონომიკური ურთიერთობები ამ გადაკვეთის ადგილებს ბუნებრივად არ ქმნის, ეს იზოლაცია ქართული ენის შესწავლას ართულებს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, თავად თემს არ დავაბრალოთ სახელმწიფო ენის არცოდნა. ჩვენი მთავარი მოწოდება სახელმწიფოს მიმართ არის ის, რომ ან ადმინისტრაციული პრაქტიკით დაარეგულიროს ეს და გარკვეული თაობის, ვინც ამ ეკონომიკურ კატაკლიზმებში მოხვდა და მათ მოუწიათ გადარჩენისთვის ამ არჩევანის გაკეთება, დაუწესოს შეღავათები გამოცდაზე და უფრო მარტივი ფორმით მოახერხონ ჩაბარება, ან შეიძლება საჭირო გახდეს ამ ჯგუფისთვის საგამონაკლისო სამართლებრივი რეგულაციების დაწესება, ენის გამოცდის მოხსნა და საშეღავათო პირობებში მათთვის მოქალაქეობის მინიჭება“, - ამბობს სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე.

ჯავახეთი ახალქალაქის და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებს მოიცავს. საქართველოში ჩატარებული მოსახლეობის ბოლო, 2014 წლის აღწერის მონაცემებით, ახალქალაქში 45 000-მდე ადამიანი ცხოვრობს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 24 500-მდე. მოსახლეობის 90 %-ზე მეტი ეთნიკური სომეხია. ქართულ ენას მხოლოდ 12 % ფლობს. რეგიონში შემოსავლის ძირითადი წყაროები მესაქონლეობა და მეკარტოფილეობაა.

ჯავახეთის სათემო ორგანიზაციის მონაცემებით, შრომისუნარიანი ადამიანების 50 %-ზე მეტი მიგრაციაშია წასული, ძირითადად, რუსეთში.

„ხშირად ჯავახეთი მოინიშნება როგორც უსაფრთხოებისთვის პრობლემური რეგიონი, თითქოს აქ პრორუსული სენტიმენტები მაღალია და შეიძლება ის ფეხმოსაკიდი გახდეს გარკვეული პოლიტიკური მიზნებისთვის. რუსეთთან კავშირი მეტწილად ეკონომიკურია და ნაკლებად პოლიტიკური. რა თქმა უნდა, ჯავახეთში გვხვდებიან ცალკეული ინტერესთა ჯგუფები, რომლებიც მაღალი ალბათობით, რუსეთის დაფინანსებით და რუსული ინტერესებით მოქმედებენ, თუმცა ეს ნარატივები და საქმიანობა ადგილობრივ თემში დიდი მხარდაჭერით არ გამოირჩევა. ამიტომაც, ჭარბი უსაფრთხოების თვალი, რომელიც ჯავახეთზე არსებობს რუსეთის შიშებთან კავშირში, მგონია რომ ნამდვილად გადაჭარბებულია, თუმცა თუ აქ ეს ბმები შეინიშნება, პირველ რიგში იმის შედეგია, რომ ეს რეგიონი თავად საქართველოს სახელმწიფოს მიერ მიტოვებულია ეკონომიკურად და სათანადოდ მხარდაჭერილი არ არის. წლების განმავლობაში ამ რეგიონს მკოიანის კლანი მართავდა, ხშირად კრიმინალური და ძალადობრივი მექანიზმებით და ეს საქართველოს ხელისუფლების მიერ დაშვებული, ნორმალიზებული და შეწყნარებული იყო. ამიტომაც,

თუ ჩვენ რამე პრობლემა გვაქვს ჯავახეთის რეგიონში, ეს იქნება კულტურული იზოლაცია, დემოკრატიის არარსებობა, მაღალი შრომითი მიგრაცია, რომელიც მიმოსვლას აძლიერებს რუსეთთან, პირველ რიგში საქართველოს სახელმწიფოს პრობლემაა.

აქვე შეგვიძლია შემოვიტანოთ იგივე მედიის საკითხი და ეთნიკური უმცირესობების საინფორმაციო ამორთულობა საერთო ქართული საინფორმაციო და საკომუნიკაციო ველიდან“, - აღნიშნავს თამთა მიქელაძე.

ჯავახეთის სოფლებში მოსახლეობის ნაწილი ქართულ სატელევიზიო არხებს ვერ იღებს.

ავტორები: ჰარუთ მალხასიანი, ლაშა ორჯონიკიძე

ჰარუთ მალხასიან

Mtisambebi.ge-ს რეპორტიორი. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება და GIPA-ს ადგილობრივი თვითმმართველობის სამაგისტრო პროგრამა. აშუქებს ეთნიკური უმცირესობების, პოლიტიკურ და სოციალურ თემებს. E-mail: [email protected]

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში