საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ხახაბოელი მარტოკაცის დაუჯერებელი ამბავი

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

19:48 - 07 სექტემბერი 2021 hits 102841

ხახაბოელი მარტოკაცი პაატა ხახიაური თბილისელმა ნინო ბარნაბიშვილმა „მთის ამბების“ რეპორტაჟიდან გაიცნო. პაატამ ხახაბოში წელს ახალი სახლიც ააშენა. „მთის ამბების“ დახმარებით დაფინანსებაც მოიპოვა და სახლი ავეჯითა და ტექნიკით აღჭურვა. ახალშეუღლებული წყვილი, 20 წლიანი წყვეტის შემდეგ, პირველი ოჯახი იქნება, რომელიც მუდმივად, ზამთარშიც ხახაბოში იცხოვრებს.

ადვილი ნამდვილად არ არის, ბევრისთვის შეიძლება დაუჯერებელიც იყოს, მაგრამ ეს ნამდვილი ამბავია.

ციხე-სოფელი ხახაბო პირიქითა ხევსურეთში, დათვიჯვრისა და წუბროვანის უღელტეხილების მიღმა, ჭანჭახისწყლის ხეობაშია. ხახაბოში ხახიაურებს, ხოსიაურებს, მინდიკაურებსა და მამიაურებს უცხოვრიათ. შატილის შემდეგ ყველაზე დიდი სოფელი ყოფილა. 1951-53 წლებში, როცა კომუნისტურმა რეჟიმმა ხევსურეთიდან 1500-ზე მეტი ადამიანი გაასახლა, მათ რიცხვში ხახაბოს მოსახლეობაც მოხვდა. ტოტალიტარულმა რეჟიმმა ციხე-სოფელი თითქმის მთლიანად დაცალა.

19 კილომეტრზე გაჭიმულ ხეობაში, წუბროვანიდან ანდაქისწყლისა და ჭანჭახისწყლის შესართავამდე (ორწყლამდე), წლებია კაციშვილი არ ჭაჭანებდა 79 წლის მარუსა მინდიკაურისა და 39 წლის პაატა ხახიაურის გარდა.

მარუსა ბებო ხახაბოსჭალაშია, პაატა ციხე-სოფელში. ხანდახან შეიძლება მწყემსს გადაწყდომოდით ან გზააბნეულ ტურისტს, უფრო უცხოელს, ვიდრე ქართველს. მარუსა ბებომ არც წელს დაიშალა ხახაბოში წასვლა. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენს სთხოვეს, ხევსურეთში მესაზღვრეების ტრანსპორტირების დროს გაეყოლებინათ და ჭალაში ასე დასვეს. უგზოდ დარჩენილ ხახაბოს ხეობაში აქამდე ცხენით ან ფეხით ადიოდა, წელს ვეღარც ცხენით შეძლო და ვეღარც ფეხით. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ციხე-სოფლამდე სამანქანო გზა კი გაჭრა გასულ წელს, მაგრამ არ უვლის, არ წმენდს და უფრო ხშირად გაუვალია. როცა გავლაა შესაძლებელი, სახიფათოა.

2020 წლამდე ციხე-სოფელსა და ჭალაში არც შუქი ჰქონდათ, არც სატელეფონო კავშირი, არც ინტერნეტი. ბევრმა არც იცოდა ხევსურეთში ამ ხეობის არსებობის შესახებ. შატილსა და მუცოს იქით ტურისტებიც ნაკლებად დადიან, ხახაბოს გავლით საფეხმავლო ტურისტული მარშრუტიც არ იყო მარკირებული. ვერც ვერავინ დაგირეკავდა და ვინმესთვის დასარეკად, წუბროვნის მთაზე უნდა ასულიყავი (12 კმ აღმართი) ან შატილში ჩასულიყავი (25 კმ).

გასული წლის ივლისში ფშავ-ხევსურეთის სათემო ორგანიზაციამ უსადენო ინტერნეტი ხახაბოშიც შეიყვანა. „მთის ამბების“ რეპორტაჟში მარტოკაცი პაატა ხახიური გვიამბობდა, რას შეცვლიდა ინტერნეტი ხახაბოს ხეობაში.

ყველაფერი ამ რეპორტაჟით დაიწყო. „პირველად რომ ვნახე ეს ვიდეო, თითქოს ძალიან ახლობელ ადამიანს ვუსმენდი. ძალიან მომინდა ხახაბოს ნახვა და პაატას გაცნობა, ერთგვარად დახმარება ამ მარტოკაცის, რომელიც ცდილობდა მიტოვებული და დანგრეული ნასოფლარი გაეცოცხლებინა. ხახაბოს მხარეს ტურების ძებნა დავიწყე. სამწუხაროდ, რამდენიმე კვირა ტური არ შედგა. იმასაც ვფიქრობდი, მარტო ხომ არ წავიდე მეთქი. მერე ვნახე, რომ შატილსა და მუცოში მეგობარს ტური ჰქონდა დაგეგმილი. მივწერე, ხახაბოც ხომ არ გვენახა მეთქი და რატომაც არაო, დამთანხმდა.

პაატას მეორე დღეს უნდა შევხვედროდით არდოტში, 2 საათზე. ზუსტად 7 წუთი დაგვაგვიანდა. ის კადრი არ დამავიწყდება, პაატა როგორ იყო შეფარებული არდოტის ძირში კლდეს. წვიმდა. როცა დავინახე, ისეთი შეგრძნება მქონდა, უკვე სამშვიდობოს ვიყავით. ხახაბოში საღამოს ამოვედით“, - ნინო ბარნაბიშვილი ტურისტულ სააგენტოში მუშაობდა, იტალიურენოვანი გიდია. პაატას ტურების დაგეგმვასა და ორგანიზებაში დახმარება შესთავაზა.

მარტოკაცს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა ახალი სახლის აშენება. „მთის ამბები“ პაატას ბიზნესიდეისა და ბიზნესგეგმის მომზადებაში დაეხმარა, რითაც „აწარმოე საქართველოს“ გრანტი მოიგო ხახაბოში საოჯახო სასტუმროს გასაკეთებლად.

ხახაბოსა და ანდაქის ხეობებში მარტოკაცების მხარდასაჭერად „მთის ამბებმა“ ხევსურეთის უცნობი ციხე-სახლების მარშრუტიც შექმნა. ეკოტურიზმის ასოციაციასთან ერთად, ბილიკი მოვიკვლიეთ, მოვნიშნეთ და მიმართულების სიანფორმაციო მანიშნებლებიც დავაყენეთ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც „მთის ამბებს“ აქვს, ხახაბოს, ანდაქისა და არჭილოს ეკოსოფლებად, ეკომუზეუმად ქცევა, შესაბამისი სტატუსის მიღება და ეკოსოფლების საერთაშორისო ქსელში გაწევრიანებაა.

ნინო და პაატა ერთმანეთს სოციალური ქსელით ეხმიანებოდნენ. მათი ურთიერთობა ისე განვითარდა, რომ დაოჯახება გადაწყვიტეს. „სახლის აშენება რომ დავიწყე, საღამოს დაღლილი ვჯდებოდი და ნინოს ვესაუბრებოდი, მისი თვალით დანახული როგორი იქნებოდა, როგორი უნდა გამოსულიყო, როგორი მოეწონებოდა. ეს მაძლებინებდა, რომ ის ორი თვე უნდა დამთავრებულიყო, ამოსულიყო და დავრჩენილიყავით. თბილისელი გოგო მთაში ცხოვრებას რომ გადაწყვეტს, შენც მეტს ფიქრობ, ელემენტარული პირობები მაინც შექმნა, რომ აქ დარჩენა შესაძლებელი იყოს. 40 წლის კაცმა თუ არ იფიქრე, ძნელია.

ძალიან მოვინდომე, დღე-ღამე არ მეძინა. ცოტას დავისვენებდი, მივხვდებოდი, რომ გაგრძელება შემეძლო. ეს სიყვარული იყო, რომელიც დღეებს, საათებს, წუთებს გათვლევინებს. თავიდანვე ვუთხარი, რომ მე ერთი გლეხი ბიჭი ვიყავი. ციხე-კოშკებს აგიგებ მეთქი, არ დავპირებივარ, მაგრამ ციხე-სახლი კი გამომივიდა.

არ მინდოდა საყვარელ ადამიანს გაეძლო იმისთვის, რასაც მე გავუძელი უგზოდ, უტელეფონოდ, უშუქოდ, უსახლოდ“, - პაატა 11 წლის იყო, ხახაბოში სახლი რომ დაენგრათ.  

„1993 წელს, ახალი წლის დღესასწაულები იყო. სკოლა-ინტერნატიდან სოფელში ვიყავით ამოსული მე და ჩემი და. მერე თოვლი მოვიდა, ბილიკი ჩაკეტა და აქ ყოფნა გაგვიგრძელდა. ძველით ახალი წლის შემდეგ, ბიძაჩემი ზვავში მოჰყვა და დამარხა. დედაჩემი სახლში ძლივს შემოგვყავდა, ისე ეძებდა. მეორე ღამეს, დაახლოებით 12 საათი იქნებოდა, გვეძინა, ზვავი ჩვენ დაგვეცა სახლზე. ჭერიდან ჩამოვარდნილი კოჭი ჩემს ძმას თავში მოხვდა და იქვე მოკლა. მე უგონოდ ვყოფილვარ და მამამ ამომიყვანა. გონზე საქონლის სადგომში მოვედი. ჩემი და და დედაჩემიც დაიღუპნენ. დედაჩემი აკვანთან მჯდარა, ჩემი და პატარა იყო. ზვავის ხმაზე აკვანს გადაფარებია და ასე, აკვანს გადაფარებული იპოვეს გარდაცვლილი. მეორე და, ციცო ზვავმა სახლიდან გამოისროლა და ასე გადარჩა.

ჩემი ბავშვობა, ცხოვრებაც და ყველაფერი აქ არის დამარხული, რამაც აქამდე მომიყვანა და გამაძლებინა, რომ ხახაბო ვერ მივატოვე. ნინო უზარმაზარი შენაძენია. სულ ვფიქრობ, როგორ შეძლებს აქ ცხოვრებას, რადგან ზამთარშიც აქ დარჩენა გადავწყვიტეთ. რომ ჩამოთოვს, ზოგჯერ ჩიტსაც კი ვეღარ დაინახავ, ისეთი თოვლი შეიძლება მოვიდეს.

როგორია ახლა, თბილისში გაზრდილი, საზოგადოებას შეჩვეული ადამიანისთვის 5-6 თვე გარესამყაროს მოწყვეტა. ახლაც ვეუბნები, გთხოვ, გაზაფხულამდე ანანურში დარჩი, სადაც სახლი გვაქვს. ვცდილობ, როგორმე დავითანხმო, მაგრამ უარს ამბობს. სადაც შენ იქნები, იქ ვიქნებიო მეც. ასეთია გადაწყვეტილება. პირველად მრავალი წლის შემდეგ, ზამთარში აქ ვრჩებით“, - პაატას და ნინოს მეგობრების იმედი აქვთ: „თუ ინტერნეტით კავშირზე ვერ გამოვალთ ან თქვენ ვერ დაგვიკავშირდებით, ე.ი. რაღაც პრობლემაა და იმედი არის, რომ უყურადღებოდ არ დავრჩებით. ვერტმფრენი მაინც გადაგვიფრენს და ნახავს, არის თოვლში ნაფეხურები? ამოდის კვამლი?“

ვინც გაიგო, რომ ზამთარში ხახაბოში აპირებენ ცხოვრებას, ზოგს ხუმრობა ეგონა. ნინო ამბობს, რომ ახლობლების ნაწილს არც ახლა სჯერა: „ერთი წლის შემდეგ, ძალიან ბევრი სიურპრიზით დავბრუნდებით და მარტონი არ ვიქნებით, აუცილებლად, სხვებთან ერთად. მეზობლებთან ერთად“.

ავტორი: ლაშა ორჯონიკიძე

მასალა მომზადებულია ინტერნიუსი - საქართველოს პროექტის „ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და აუდიტორიის ანალიზი“ ფარგლებში, ინტერნიუს ევროპასთან თანამშრომლობით და შვედეთის დაფინანსებით.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში