საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ხახაბო ერთი კაცით და ახალი სიცოცხლით - განაცხადი საქართველოში პირველ ეკოსოფელზე

13:47 - 08 ივლისი 2021 hits 20066
ფოტოზე - პაატა ხახიაური
საზოგადოება
ფოტოზე - პაატა ხახიაური

„ადამიანს თურმე ყველაფერ შასძლებივ. ამ ორ თვეში კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდ“, - ხევსურეთში, დათვიჯვრისა და წუბროვანის უღელტეხილების გადაღმა, ნასოფლარ ხახაბოში, მრავალი წლის შემდეგ პირველი სახლი ააშენა, ტრადიციული წესით. სიპის ქვის მშრალად აწყობაში ერთი გულიანი ნათესავი დაეხმარა. ბევრმა კი აღარ იცის ეს საქმე.

ხახაბოს სამანქანო გზა არასდროს ჰქონია. დათვიჯვრის უღელტეხილიდან 12 კილომეტრს ბავშვობიდან ფეხით გადიოდა. გზაზე კიდევ ერთ, წუბროვანის უღელტეხილზე უნდა ასულიყო, მერე ჭანჭახის წყალი გაევლო, უხიდო მდინარე არაერთხელ გაეტოპა, ზვავი და მეწყერი გადაელახა. პაატა ხახიაური 39 წლის არის და ხახაბო არცერთ წელს არ მიუტოვებია.

2018 წლიდან ვიცნობთ, როცა საფეხმავლო ბილიკით მარტოკაცის სოფელში პირველად გადავედით პრობლემების გასაცნობად. მას შემდეგ, ზაფხულობით ყოველთვის ვაკითხავთ და ვგულშემატკივრობთ. ბევრი ვერ შეძლებდა - მან გაუძლო, მარტოობას, უგზოობას, არც სატელეფონო და ინტერნეტ კავშირი ჰქონდა. სიგნალი რომ მიეღო, 10 კილომეტრით ზემოთ, წუბროვანის უღელტეხილზე უნდა ასულიყო, ან 25 კილომეტრით ქვემოთ, შატილში უნდა ჩასულიყო. ხმის გამცემიც არავინ ჰყავდა თუ ხახაბოს ჭალაში არ ჩავიდოდა. იქაურობასაც, ხელმოკლეს მთიდან ჭანჭახის წყლის მთელ ჭალას, ერთი მარტოქალი პატრონობს, მარუსა ბებო, 79 წლის მარუსა მინდიკაური.

რამ შეიძლება მიაჯაჭვოს ახალგაზრდა კაცი 15 კილომეტრიან გაუკაცურებულ ხეობას - კუთხის განსაკუთრებულმა სიყვარულმა, ბავშვობის წლებმა, ნასოფლარის გაცოცხლების დაუოკებელმა სურვილმა, ტკივილმა - 10 წლის იყო, როცა ხახაბოში მის ბანიან სახლს მთის წვერიდან, ქხომაგის ქედიდან მოწყვეტილი ზვავი დაეცა. დედა, და, ძმა, თვითონაც ზვავმა მოიყოლა. გამოსვლა მხოლოდ მან შეძლო. ოჯახის სამი წევრი სტიქიამ იმსხვერპლა. ხახაბოს მიტოვებულ სასაფლაოს ახლა მარტო პატრონობს.

2020 წლის ივლისიდან ხახაბოში მაღალი სიჩქარის უკაბელო ინტერნეტი აქვს. გასულ წელს გზაც გაჭრეს, მაგრამ ვაი იმ გზას, უსაფრთხოდ ვერ გაივლი. არადა, მთელი პირიქითა ხევსურეთისთვის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გამოყოფილი თანხა ამ გზისთვის გადადეს. წელსაც ვითომ გაწმინდეს.

მარტოკაცების მხარდასაჭერად „მთის ამბებმა“ ხევსურეთის უცნობი ციხე-სახლების მარშრუტი შექმნა. მოკვლევის შემდეგ ბილიკი მოვნიშნეთ და დავმარკეთ კიდეც. მარშრუტი დათვიჯვრის უღელტეხილიდან იწყება და ხახაბოს ხეობის გავლით, ჯერ ანდაქში, შემდეგ კი არჭილოში მიდის. ანდაქსაც მუდმივად მცხოვრები ერთი კაცი სოსო ზვიადაური აცოცხლებს, არჭილო ნასოფლარია.

პაატამ წელს „აწარმოე საქართველოს“ გრანტი მოიგო, დაახლოებით 20 ათასი ლარი. ხახაბოში ქვის სახლი საკუთარი ძალებით ააშენა, ავეჯსა და სხვა ინვენტარს კი სახელმწიფოს მხარდაჭერით შეიძენს. ტურისტებს აგვისტოდან უმასპინძლებს. საცხენოსნო ტურების შეთავაზებაც შეუძლია მთელ ხევსურეთში, ანდაქის ხეობიდან კი ბორბალოს მთის გავლით, თუშეთში, პანკისის ხეობასა და უკანაფშავშიც. 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც „მთის ამბებს“ ხახაბოსთან დაკავშირებით აქვს, ამ სოფლის ეკოსოფლად, ეკომუზეუმად ქცევა, შესაბამისი სტატუსის მიღება და ეკოსოფლების საერთაშორისო ქსელში გაწევრიანებაა.

ეკოსოფლის მიზანია სოციალურად, ეკონომიკურად, ეკოლოგიურად მდგრადი, თვითკმარი და სიცოცხლისუნარიანი იყოს. ეკოსოფლის მკვიდრს უნდა ჰქონდეს იმის შეგრძნება, რომ მას შეუძლია გავლენა იქონიოს ეკოსოფლის განვითარებაზე და თავის ცოდნას, გამოცდილებას და ფიზიკურ შესაძლებლობებს არ იშურებს ამისათვის; ისინი თავს ბუნების ნაწილად მიიჩნევენ და გარემოზე ზრუნავენ. მათი ცხოვრება და საქმიანობა ბუნებასთან ჰარმონიაში უნდა იყოს.

პაატა თავისი საქმით ამას აკეთებს და ამტკიცებს: „ეს ისეთი განცდაა, დაღლაც მავიწყდება. ჩემი ხელით რაღაცას ვქმნი და ვიცი, ის დარჩება. ისე გავაკეთებ, რომ დარჩეს. ერთს თუ არა, ნახევარ საუკუნეს ხომ მაინც გაძლებს. ადამიანი ან ქმნი, ან ანგრევ, აფუჭებ. ჩვენ დანგრეული უნდა აღვადგინოთ და გავაკეთოთ. მინდა, ის აღდგეს, რაც იყო. სოფელი რომ არ მოკვდეს და სიცოცხლე შეინარჩუნოს.

ხახაბო უნდა გადაურჩეს სიკვდილს. ამ კოშკების ყურება ჩემთვის ტკივილია. რომ ხედავ, ოდესღაც სოფელი იყო, ხალხი ცხოვრობდა, ბავშვები თამაშობდნენ, დღე და ღამ შრომობდნენ, სხვა ჟრიამული იქნებოდა, მაგრამ დღეს“...

ხახაბოში ეკოსოფლის ინიციატივის განხორციელებას „მთის ამბები“ ფშავ-ხევსურეთის სათემო ორგანიზაციასთან ერთად და საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის ხელშეწყობით აპირებს.

ნატალია ბახტაძე-ენგლენდერი, ეკოტურიზმის ასოციაციის მრჩეველი, რომელიც მდგრადი ტურიზმის სპეციალისტია, განსაკუთრებით გამოყოფს ხახაბოს ჯერ-ჯერობით ერთადერთი მცხოვრების მონდომებას - ის სახელმწიფოს კი არ ელოდება საკუთარი სოფლის გადასარჩენად, არამედ თვითონ იწყებს მოძრაობას.

„რაც უფრო იმატებდა ტურისტული ნაკადი, მით უფრო სწრაფად ხდებოდა და ხდება მოთხოვნის დაკმაყოფილება, იერსახე მახინჯდება. ზიანდება ის, რისთვისაც ადამიანები ჩამოდიან. ამიტომ, მნიშვნელოვანია შევქმნათ პრეცედენტი, რომ ადგილობრივი მცხოვრებლები თვითონ ინარჩუნებენ იმ გარემოს, რომელიც აქვთ, რითაც უფრო მეტ სარგებელს ნახავენ. ასეთი მცდელობაა ხევსურეთის უცნობი ციხე-სახლების ტურისტული მარშრუტი, რომელიც აუცილებლად წარმოქმნის, გააჩენს მომსახურებებს. მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი რაც არის, უნდა განვითარდეს ის ტერიტორიები, სადაც ეს ბილიკი გადის, როგორც ეკომუზეუმი. ეკომუზეუმი არის კონცეფცია, რომელსაც ძალიან ბევრი ქვეყანა იყენებს იმიტომ, რომ ის კულტურული მემკვიდრეობა რომელიც აქვს, როგორ შეიძლება რომ ამან შემოსავალი მოიტანოს. როცა ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ სოფელზე, ხახაბოზე, რომელიც სრულიად დაცლილი იყო და ახლა იწყებს აღდგენას, ეს იქნება არაჩვეულებრივი პრეცედენტი თვითონ ჩვენთვის, მოსახლეობისთვის. ხახაბოს, ეკომუზეუმად ქცევა მისცემს ორ ძირითად რამეს: ეს იქნება ტერიტორია, რომელიც დაგეგმილია თავიდანვე სწორად, პრინციპი, რომ კერძო ადამიანმაც შეიძლება გააცოცხლოს კარმიდამო ისე, როგორც იყო და ეს იქნება მაგალითი სხვებისთვის. ის, რაც ხდება შატილში, რაც დაიწყო მუცოში, რაც ნელ-ნელა დაიწყება არდოტში, ეს არის ის ნგრევა, რომელსაც ვხედავთ უშგულში. ეს არის ბოლო, მეტი აღარ შეიძლება. ზუსტად ეს ეკომუზეუმი აჩვენებს, რომ ერთი მხრივ ხეობაში გაჩნდება ინტერესი და ადამიანები დაიწყებენ მოძრაობას და რასაკვირველია ეკონომიკურად სარგებლიანია და მეორე, არის ეს პრეცედენტი, სახელმწიფოს კი არ ველოდებით, რომ რაღაც გაგვიკეთოს, არამედ, ჩვენ თვითონ შეგვიძლია, რომ ის ტერიტორიები, რომელიც არის ჩვენი მემკვიდრეობა, ისე აღვადგინოთ, რომ ეკონომიკური სარგებელი მივიღოთ“.

ხახაბო საქართველოში პირველი ეკოსოფელი იქნება შესაბამისი საერთაშორისო აღიარებით!

ავტორი: ლაშა ორჯონიკიძე

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში