საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

რა მიზნით იქმნება მითი სვანების სეპარატისტობის შესახებ

17:32 - 16 აგვისტო 2021 hits 9278
 თამარ ბოკუჩავას ფოტო
საზოგადოება
თამარ ბოკუჩავას ფოტო

საქართველოს მთავრობა უარს ამბობს, ნამახვანჰესის პროექტის რევიზია ნიდერლანდების გარემოსდაცვითი შეფასების კომისიამ განახორციელოს. ეკონომიკის და გარემოს დაცვის მინისტრების მოადგილეებმა დავით თვალაბეიშვილმა და ნინო თანდილაშვილმა არ განმარტეს, რას ეფუძნება მათი უარი. მთავრობასთან დაახლოებულმა გიორგი აბრამიშვილმა, რომელიც განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციას ხელმძღვანელობს და ნამახვანჰესის მშენებლობას ლობირებს, ნიდერლანდების კომისია საქართველოში რუსული ინტერესების გატარებასა და სვანეთში კუთხური სეპარატიზმის გაღვივებაში დაადანაშაულა.

„რატომ გადის რუსული „რბილი ძალის“ ხაზი სწორედ ამ კომპანიაზე: ნიდერლანდების გარემოზე ზემოქმედების შეფასების კომისია ის ორგანიზაციაა, ვინც, მაგალითისთვის, ხუდონჰესის შესახებ 2013 წლის დასკვნაში აღნიშნა, რომ სვანები არიან განსხვავებული ეთნიკური ჯგუფი ქართველებისგან „Indigenous People“, არა „ეთნოგრაფიული“ ჯგუფი, როგორც რაჭველები, კახელები, გურულები ან სხვა კუთხის ქართველები, არამედ სწორედ ეთნიკურად განსხვავებული ჯგუფი და ცდილობენ დაამკვიდრონ აზრი, რომ სვანეთი დაპყრობილი აქვს საქართველოს, რომ „არაქართველი“ სვანები განიცდიან ქართველების მხრიდან კოლონიურ ჩაგვრას, რომ მათ სჭირდებათ თვითგამორკვევა და სვანეთი ინდიელების რეზერვაციის ტიპის დასახლებად უნდა იქცეს, სადაც საერთოდ არ უნდა ხდებოდეს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა.

როდესაც ნიდერლანდების გარემოზე ზემოქმედების შეფასების კომისია სვანებს „Indigenous People“-ს უწოდებს, ეს ნიშნავს, რომ ის მიიჩნევს შემდეგს:

სვანები არ არიან ქართველები; ქართველებმა, რომლებიც მოგვიანებით დასახლდნენ ამ ტერიტორიაზე, დაიწყეს სვანების ჩაგვრა-შევიწროვება; სვანებს თვითგამორკვევის საკითხში სჭირდებათ ხელშეწყობა და ავტონომია. ეს ხდება რუსეთის და აფხაზეთის საზღვარზე - არ დაგვავიწყდეს!

ძნელად მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ასეთი ნარატივით, რაც კუთხური სეპარატიზმის გაღვივებას უწყობს ხელს, ნიდერლანდების კომისია ანტისახელმწიფოებრივ და სეპარატისტულ საქმიანობას ეწევა და ჩვენი „ეროვნული გარემოსდამცველი“ არასამთავრობო ორგანიზიციებიც, ამ ნარატივის ხელშეწყობა-აფიშირებას ახდენენ“, - დაწერა აბრამიშვილმა 1-ელ აგვისტოს.

რა ორგანიზაციაა ნიდერლანდების გარემოსდაცვითი შეფასების კომისია

ნიდერლანდების გარემოსდაცვითი შეფასების კომისია (Netherlands Commission on Environmental Assessment) 1987 წელს, მთავრობის განკარგულებით შეიქმნა, როგორც ექსპერტთა დამოუკიდებელი საკონსულტაციო ორგანო. NCEA მთავრობებს კონსულტაციებს უწევს გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშებში (გარემოზე ზემოქმედების შეფასება ან სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება) წარმოდგენილი გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხარისხზე. ეს ანგარიშები NCEA-ს მიერ არ არის დაწერილი. ამ დოკუმენტებს საკონსულტაციო ბიუროები ან კერძო პირები ამზადებენ ადგილობრივი თუ ცენტრალური მთავრობებისთვის. NCEA ჩართული არ არის გადაწყვეტილების მიღების პროცესში ან პოლიტიკურ განხილვებში.

საზღვარგარეთ NCEA-ს საქმიანობა ხშირად ხორციელდება ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს დავალებით. მათი პროგრამის შესაბამისად, ყურადღება ექცევა არა მხოლოდ გარემოზე ზემოქმედებას, არამედ სოციალურ და ეკონომიკურ ზემოქმედებასაც, ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების სტანდარტებს.

 

ხუდონჰესის შესახებ

702 მგვტ სიმძლავრის ხუდონჰესის მშენებლობა, რომელიც ენგურჰესის შემდეგ სიდიდით მეორე ჰიდროელექტროსადგური უნდა ყოფილიყო საქართველოში, 1979 წელს დაიწყო, თუმცა ეროვნული მოძრაობის, სტუდენტების, ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტისა და მოსკოვიდან დაფინანსების შეწყვეტის გამო შეჩერდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, 2011 წელს ინდურმა კომპანია „ტრანს-ელექტრიკამ“ ხუდონჰესის მშენებლობის უფლება მოიპოვა. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2012 წელი დიდი ჰესების მშენებლობის დაწყების წლად გამოაცხადა. „დაიწყება ნენსკრას, ხუდონის, ალბათ, ნამახვანისა და სხვა ჰესების მშენებლობა“, - განაცხადა სააკაშვილმა 2011 წელს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან შეხვედრისას.

„ტრანს-ელექტრიკას“ ხაიშის თემში 1536 ჰექტარი მიწა 1 დოლარად გადაეცა. ხუდონჰესის კაშხლის სიმაღლე 200 მეტრი, წყალსაცავის სარკის ზედაპირის ფართობი კი 528 ჰექტარი უნდა ყოფილიყო. დატბორვის ზონაში და ზემოქმედების ქვეშ ხვდებოდა ხაიშისა და ჭუბერის თემის სოფლები - 14 დასახლება, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, საძოვრები, ტყის მასივები, ორი ეკლესია, საფლავები, ისტორიული ძეგლები, ჯვარი-მესტიის დამაკავშირებელი გზა. გადასახლება მოუწევდა 2000-ზე მეტ ადამიანს.

2012 წლის 27 ივლისს, ჯერ კიდევ ოპოზიციაში მყოფ ბიძინა ივანიშვილს, სვანეთში ყოფნისას, ხაიშის სკოლის მათემატიკის მასწავლებელმა ზურაბ ნიჟარაძემ ჰკითხა, რას ფიქრობდა ის ხუდონჰესის მშენებლობაზე და ხაიშიდან მოსახლეობის აყრაზე. 

„სოფლის აყრის ხარჯზე როგორ შეიძლება ენერგეტიკა მივიღოთ?! ენერგეტიკა იმისთვის უნდა მივიღოთ, რომ ხალხმა შეინარჩუნოს თავისი საცხოვრებელი ადგილები და ლაღად იცხოვრონ. თუ ხალხის და სახლების განადგურების ხარჯზე წამოვიდა, ასეთი ენერგეტიკა არაფერში გვჭირდება!

აუცილებლად გადავწყვეტთ ერთად. გადავწყვეტთ იმ შემთხვევაში დადებითად თუ ეს იქნება მისაღები, თუ არადა, აუცილებლად შეჩერდება. არცერთ შემთხვევაში არ გავაკეთებთ ამას, ხალხის და სოფლის საზიანოდ“, - განაცხადა ივანიშვილმა.

არჩევნებში გამარჯვებიდან ერთი წლის შემდეგ, 2013 წლის 16 სექტემბერს, „შუახევიჰესის“ გახსნისას, პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სვანებს მიმართა: „არ შეიძლება, რომ ქვეყნის განვითარების სტრატეგიას ხელი შეუშალოთ. არ დაუჯეროთ ოპონენტებს, რომლებიც ხმაურობენ და მეტი არაფერი შეუძლიათ. ჩვენ უნდა მოვახერხოთ და ავაშენოთ რაც შეიძლება მეტი ჰესი, რომ საქართველოში გამოიმუშავებოდეს მეტი ენერგია. ეს შექმნის იმის საფუძველს, რომ მრავალი ტიპის საწარმო დაფუძნდეს და სამუშაო ადგილები შეიქმნას. მინდა საყვარელ სვანებს მივმართო, რომ გაგებით, დინჯად მოეკიდონ ამ ამბავს. მათი განცდები გასაგებია. შესაბამისად, თანაგრძნობას ვუცხადებ. მაგრამ მათ უნდა გაიგონ, რომ ისინი ქვეყნის მომავალს ეხმარებიან და ამისთვის იღებენ გარკვეულ მსხვერპლს. თუმცაღა, ანაზღაურება იქნება ძალიან ცივილიზებული და ძალიან ღირსეული. ყურადღებით მოეკიდეთ და გაითვალისწინეთ, რომ ხუდონჰესი არის ასაშენებელი, როგორც სხვა ბევრი ჰესი“.

ხაიშის თემის მოსახლეობამ უძველესი, ადათობრივი სამართლის მიხედვით, მე-12 საუკუნის ხაიშის წმინდა გიორგი ეკლესიაში ხატზე დაიფიცა, რომ გიგანტური ჰესის მშენებლობას არ დაუშვებდნენ. მშენებლობის შემთხვევაში ეს ეკლესიაც წყლის ქვეშ ექცევა. დაიწყო საპროტესტო გამოსვლები. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ჩაშალეს ხუდონჰესის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განხილვაც.

ნიდერლანდების კომისიის ჩართულობა ხუდონჰესის პროექტის შეფასების პროცესში

2013 წლის 28 თებერვალს, საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ თხოვნით მიმართა ნიდერლანდების მთავრობას, ხუდონჰესის პროექტის შესწავლაში დახმარების მიზნით, საექსპერტო ჯგუფი გამოეყოთ. 2013 წლის აპრილსა და მაისში ნიდერლანდების გარემოსდაცვითი შეფასების კომისიის ექსპერტთა ჯგუფმა ხუდონჰესის დოკუმენტები შეისწავლა, 29 მაისს კი გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც გაანალიზებულია პროექტის ეკონომიკური, სოციალური და ტექნიკური ნაკლოვანებები, ასევე, წარმოდგენილია რეკომენდაციები. ექსპერტთა ჯგუფის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა იყო ის, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს არ შეეძლო პროექტზე გადაწყვეტილების მიღება, რადგან გზშ-ს ანგარიშში არ იყო მოცემული არსებითი მნიშვნელობის ინფორმაცია. ამ ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელი კვლევების ჩასატარებლად კი, ექსპერტთა აზრით, სულ მცირე ერთი წელი იყო საჭირო.

ნიდერლანდების კომისიას ხუდონჰესის შესახებ მომზადებული ანგარიშის ერთ-ერთი ქვეთავი ასე აქვს დასათაურებული - სვანები, როგორც ეროვნული უმცირესობა. ვნახოთ, რას წერს კომისია:

„ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის გარემოსა და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასებაში წარმოდგენილია არგუმენტები იმისა, რომ ხაიშის სოფლებში მცხოვრები სვანი ხალხი არ იქნენ კვალიფიცირებული როგორც მკვიდრი ხალხები/მოსახლეობა. ეს არგუმენტები ძირითადად ეყრდნობა იმას, რომ მათ არ აქვთ (ნათესაური) კავშირი (ზემოთ) მცხოვრებ სვანებთან; სანაცვლოდ, ისინი ახლოს დგანან სამხრეთით არა-სვანებით დასახლებულ ტერიტორიებთან. 

მსოფლიო ბანკის ჯგუფი (The World Bank Group) ტერმინს „indigenous people“ (მკვიდრი ხალხი) იყენებს ზოგადი გაგებით და ნათლად აცხადებს, რომ არ არსებობს მისი საყოველთაოდ მიღებული განმარტება. სხვადასხვა ქვეყანაში ეს ხალხი შეიძლება სხვადასხვაგვარად მოიხსენიონ ისეთი ტერმინებით, როგორიცაა „მკვიდრი ეთნიკური უმცირესობები“, „აბორიგენები“, „მთიელი ტომები“, „ეროვნული უმცირესობები“, „ტომობრივი ჯგუფები“ - მხოლოდ რამდენიმე რომ აღვნიშნოთ.

[შეფასების დოკუმენტში] ასევე აღნიშნულია, რომ სვანეთის ნაწილი (არა პროექტის გავლენის ზონაში) ნომინირებულია იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შესატანად.

სოფელ ხაიშში მცხოვრებ სვან ხალხს აქვს გარკვეული მახასიათებლები, მათ შორის: თვითიდენტიფიცირებული არიან როგორც განსხვავებული კულტურული ჯგუფის წევრები. ეს იდენტობა ასევე აღიარებულია სხვების მიერაც; კოლექტიური მიჯაჭვულობა გააჩნიათ გეოგრაფიულად გამორჩეულ ადგილთან, რომელიც პროექტის ზეგავლენის ქვეშაა; აქვთ უნიკალური და გამორჩეული ენა, რომელიც კულტურულად განსაზღვრავს სვანებს; ჩვეული კულტურული პრაქტიკები, დღეები და ღონისძიებები, რომლებიც სხვებისგან განსხვავებულია; როგორც ჩანს, სოციალური/ოჯახური კავშირები ხაიშსა და მის მიმდებარე პროექტის ზეგავლენის ქვეშ მოქცეულ სოფლებსა და ზემო სვანეთის სხვა სოფლებს შორის არსებობს, თუმცა მათი მნიშვნელობა უფრო მეტ შესწავლას მოითხოვს.

ზემოხსენებულმა მახასიათებლებმა ადვილად შეიძლება მოახდინოს სვანი ხალხის იდენტიფიცირება უნიკალურ საზოგადოებად, რომელსაც შეიძლება ეწოდოს „ეთნიკური ეროვნების“ ჯგუფი.

ხაიშში მცხოვრები სვანი ხალხი არ შეიძლება გამოიყოს, როგორც ეთნიკური იდენტობის არ მქონეები იმ არგუმენტების საფუძველზე, რაც განხილულია პროექტის გარემოსა და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასებაში. ეს საკითხი შესაძლოა ყველაზე უკეთ იქნეს განხილული პასუხისმგებელი ორგანოების (მაგალითად, კულტურის სამინისტრო) მიერ.

რეკომენდაცია: კომისია აღიარებს, რომ საერთაშორისო სტანდარტებისა და კარგი პრაქტიკის თანახმად, ადამიანთა ჯგუფი, სვანები, შესაძლოა მიეკუთვნოს უნიკალურ ეთნიკურ ჯგუფს და ასეთ შემთხვევაში, აუცილებელი იქნება მათ მივუდგეთ შესაბამისად. საჭიროა კულტურის ორგანომ (მაგალითად, კულტურის სამინისტრო) შეისწავლოს ეს საკითხი. კომისია მიუთითებს იმაზე, რომ საჭირო გახდება კომუნიკაციის დაგეგმვისა და შემარბილებელი ღონისძიებების საკითხის გადაწყვეტა პროექტის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ხალხის ეთნიკური სტატუსის საფუძველზე“.

„indigenous people“

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წლევანდელი მონაცემებით, მსოფლიოს 90 ქვეყანაში 476 მილიონზე მეტი მკვიდრი მოსახლეობა (ხალხები) ცხოვრობს. ისინი 5000 განსხვავებულ კულტურას წარმოადგენენ, შეადგენენ გლობალური მოსახლეობის 6.2%-ს და ცხოვრობენ ყველა გეოგრაფიულ რეგიონში.

გაეროს თანახმად, მკვიდრ ხალხებს აქვთ უნიკალური კულტურა, ენა, ტრადიციები და ცოდნა, ინარჩუნებენ სოციალურ, კულტურულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ მახასიათებლებს, რომლებიც განსხვავდება იმ დომინანტური საზოგადოებებისაგან, სადაც ისინი ცხოვრობენ. საერთო განმარტებით, ისინი არიან იმ ადამიანების შთამომავლები, რომლებიც კონკრეტულ ქვეყანაში ან გეოგრაფიულ რეგიონში ცხოვრობდნენ იმ დროს, როდესაც იქ განსხვავებული კულტურის ან ეთნიკური წარმოშობის ადამიანები მივიდნენ. მოგვიანებით, ახლადმისულები გახდნენ დომინანტები დაპყრობის, ოკუპაციის, ჩასახლების ან სხვა საშუალებებით.

მკვიდრ ხალხებს შორის არიან მაიას ხალხი გვატემალაში ან აიმარას ხალხი ბოლივიაში, საამები ჩრდილოეთ ევროპაში, აბორიგენები და მაორის ხალხი ახალ ზელანდიაში. ამ და სხვა მკვიდრ ხალხებს შენარჩუნებული აქვთ გამორჩეული მახასიათებლები, რომლებიც აშკარად განსხვავდება მოსახლეობის სხვა სეგმენტებისგან.

მკვიდრი ხალხების მრავალფეროვნების გათვალისწინებით, გაეროს სისტემის არცერთ ორგანოს არ მიუღია ოფიციალური განმარტება ტერმინისა indigenous (მკვიდრი). ამის ნაცვლად სისტემამ შეიმუშავა ამ ტერმინის თანამედროვე გაგება, რომელიც დაფუძნებულია შემდეგზე:

  • თვითიდენტიფიცირებულია მკვიდრ ხალხად ინდივიდუალურ დონეზე და საზოგადოების მიერ მიღებულია როგორც მათი წევრი;
  • ისტორიული უწყვეტობა აკავშირებს წინაკოლონიურ და/ან ჩასახლების წინ არსებულ საზოგადოებებთან;
  • ძლიერი კავშირი აქვს ტერიტორიებთან და არსებულ ბუნებრივ რესურსებთან;
  • აქვს გამორჩეული სოციალური, ეკონომიკური ან პოლიტიკური სისტემა;
  • აქვს გამორჩეული ენა, კულტურა და რწმენები;
  • აქვს საზოგადოების არადომინანტური ჯგუფების ფორმა;
  • გადაწყვეტილი აქვთ შეინარჩუნონ და აღადგინონ მათი წინაპრების, როგორც გამორჩეული ხალხის და თემის გარემო და სისტემები;

გაეროს თანახმად, ყველაზე ნაყოფიერი მიდგომაა მკვიდრი ხალხების იდენტიფიცირება და არა განსაზღვრა. ეს ემყარება თვითიდენტიფიკაციის ფუნდამენტურ კრიტერიუმს, როგორც ეს ხაზგასმულია ადამიანის უფლებების მთელ რიგ დოკუმენტებში.

ტერმინი „indigenous“ (მკვიდრი) წლების მანძილზე დამკვიდრებულია როგორც ზოგადი ტერმინი. ზოგიერთ ქვეყანაში შეიძლება უპირატესობა მიენიჭოს სხვა ტერმინებს, მათ შორის „ტომებს“, „პირველ ხალხებს/ერებს“, „აბორიგენებს“, „ეთნიკურ ჯგუფებს“. ასევე არის პროფესიული და გეოგრაფიული ტერმინები, როგორიცაა „მონადირე-შემგროვებლები“, „მომთაბარეები“, „გლეხები“, „მთის ხალხი“ და ა.შ.

ბევრ შემთხვევაში ტერმინს „indigenous“ აქვს უარყოფითი კონოტაცია და ზოგიერთმა ხალხმა შეიძლება არჩიოს, ასე არ განსაზღვროს საკუთარი წარმოშობა. სხვებმა პატივი უნდა სცენ ასეთ არჩევანს, ამავე დროს, იმუშაონ მკვიდრი ხალხების დისკრიმინაციის წინააღმდეგ.

 

რა მიზნით იქმნება მითი სვანების სეპარატისტობის შესახებ

გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მონიტორინგის პროგრამის კოორდინატორი დათო ჭიპაშვილი, სვანეთში დაგეგმილი კიდევ ერთი დიდი ჰიდროელექტროსადგურის, ნენსკრაჰესის წინააღმდეგ, ორ უმსხვილეს ევროპულ ბანკში წარდგენილი საჩივრის ერთ-ერთი ავტორია.

ორწლიანი გამოძიების შემდეგ, ნენსკრაჰესის მთავარი დამფინანსებლების - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) გასაჩივრების მექანიზმებმა ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტი საერთაშორისო სტანდარტებისთვის შეუსაბამოდ მიიჩნიეს. ერთ-ერთ მიზეზად დასახელებულია, რომ ნენსკრაჰესი არ შეესაბამება ბანკების სტანდარტებს ისეთ ფუნდამენტურ საკითხებში, როგორიცაა, მათ შორის, ძირძველი მოსახლეობის უფლებები.

„მკვიდრი მოსახლეობის უფლებების დაცვა არანაირ კავშირში არ არის არც სეპარატიზმთან, არც თვითგამორკვევასთან, არც პოლიტიკურ დამოუკიდებლობასთან თუ ავტონომიასთან. ეს დაკავშირებულია მათ ეკონომიკურ უფლებასთან, რომ მათი წინასწარი ინფორმირებული თანხმობის გარეშე ინფრასტრუქტურული პროექტები არ უნდა განხორციელდეს.

ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში, სადაც ადამიანის უფლებები დაცულია, ასეთი საკითხები არც დგება დღის წესრიგში. მკვიდრი მოსახლეობა გულისხმობს, რომ ჯგუფს უნდა ჰქონდეს ან ენა, ან დიალექტი, წეს-ჩვეულებები, სამართლებრივი სისტემა. ეკონომიკურმა საქმიანობამ არ უნდა დააზიანოს ამ მოსახლეობის ეკონომიკური უფლებები“, - დათო ჭიპაშვილს მიაჩნია, რომ სვანეთში სეპარატიზმის შესაძლო გაღვივებაზე საუბრითა და სვანი ხალხის მარგინალიზაციით, საკუთარი ინტერესების გატარებას ცდილობენ მთავრობასთან დაახლოებული პირები, რომლებიც გიგანტური ჰესების მშენებლობას ლობირებენ:

„სვანი ხალხის დაუკითხავად უნდათ ჰესების მშენებლობა სვანეთში. 54 ჰესის მშენებლობაა დაგეგმილი ამ კუთხეში. მხოლოდ ნენსკრაზე და ხუდონზე არაა საუბარი. მკვიდრ მოსახლეობას რომ ჰკითხონ, ამას აიგივებენ, სეპარატიზმის გაღვივების მცდელობად.

მეტიც, ამბობენ, თითქოს ვინმემ თქვა, რომ სვანები ქართველები არ არიან, თითქოს სვანებს გამოყოფა უნდათ. ასეთი რამ არასდროს არავის მოსვლია თავში. ეს არის შეურაცხყოფა. ადამიანებს ეუბნებიან, თუ თქვენ მოითხოვთ, თქვენი ნებართვის გარეშე ჰესი არ აშენდეს იმიტომ, რომ მკვიდრი მოსახლეობა ხართ და თქვენ უნდა გკითხონ, მაშინ თქვენ აფხაზების გზას ადგახართ და გინდათ იყოთ დამოუკიდებლები. სპეციალურად აკეთებენ. ვინც არ იცის ეს საკითხი, მან შეიძლება დაიჯეროს. ეს იმ კამპანის პარალელურად ხდება, გარემოსდამცველებს რუსეთის ინტერესების გატარებაში რომ გვადანაშაულებენ. ნიდერლანდების კომისიის დადანაშაულებით ისინი ბრალს სდებენ ჰოლანდიის მთავრობას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების რისკის ქვეშ დაყენებაში“.

სეპარატიზმი ხალხთა ჯგუფის მიერ ეთნიკური, რელიგიური, ლინგვისტური მიზეზით სხვა ჯგუფისაგან განცალკევების მოთხოვნაა. თვითგამორკვევა კი საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია, რომელიც ხალხთა ჯგუფის მიერ საკუთარი იურიდიული და პოლიტიკური სტატუსის განსაზღვრის უფლებას გულისხმობს.

„სვანეთში არასდროს ყოფილა სეპარატიზმი, არც იქნება. სვანეთი არასდროს განიხილებოდა ცალკე კუთხედ. კი, გვაქვს უძველესი სვანური ენა, განსხვავებული კულტურა, ტრადიციები, ადათები, საქართველოში ყველაზე მაღალმთიან კუთხეში ვცხოვრობთ, კავკასიონის ქედის კალთებზე, საუკუნეების განმავლობაში აქ ცხოვრება ადვილი არ ყოფილა, მაგრამ ჩვენ არსად წავსულვართ, სვანეთი არ დაცლილა და ახლა, ჩემს ეზოში რომ შემოვა კომპანია და მეუბნება, აქამდე კი გაუძელი, მაგრამ ეს ადგილი მე მჭირდება ფულის საკეთებლად და უნდა გახვიდეო, ეგრე სად არის?“, - ხაიშელი მასწავლებელი, ზურაბ ნიჟარაძეც ასე ფიქრობს, რომ სეპარატიზმზე მითითებით იმ პროცესებიდან სურთ მათი გარიყვა, რაც სვანების ცხოვრებაზე ზეგავლენას ახდენს.

სეპარატიზმის უსაფუძვლო შიშებია ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც სვანებს უარი ეთქვათ, საჯარო სკოლებში გაქრობის საშიშროების წინაშე მყოფი სვანური ენა ესწავლებინათ.

ავტორები: ეთერ ფანგანი, გელა მთივლიშვილი

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში