საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

სად ველოდო ხელისუფლებას, ყურადღებას როდის მომაქცევს - ტარიელ გოგოჭური ჭორმეშავს აცოცხლებს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

19:46 - 01 დეკემბერი 2020 hits 15358

სხვას არ დალოდებია - თუ დაბრუნდება, მეც წავალო. არც ხელისუფლებას დაუწყო ყურება, გზას და ელექტროენერგიას სოფლამდე როდის მიმიყვანენო. საკუთარი კერია მხოლოდ თვითონ რომ უნდა მოამაგროს, ტარიელ გოგოჭური ქალაქში 16 წლიანი ცხოვრების შემდეგ მიხვდა და ხევსურეთში, ბარისახოს თემის სოფელ ჭორმეშავში დაბრუნდა, სადაც ბავშვობა გაატარა. ელექტროანძიდან სახლამდე კაბელი თვითონ გაჭიმა და გზაც ტრაქტორს მიაყვანინა.

აწონ-დაწონა, რას მისცემდა ქალაქში ისეთ ხელფასზე ცხოვრება, რომელიც თვიდან-თვემდე ძლივს ჰყოფნის. შვილი ეზრდება, მალე ექვსის გახდება და ამ ხელფასით რა მომავალს შეუქმნიდა. დაფიქრდა და მიხვდა რომ, სინამდვილეში მდიდარია, ოღონდ ეს სიმდიდრე ჯერ არ გამოუყენებია. მისი სიმდიდრე სუბალპური მდელოებია, რომელსაც ასობით სული საქონლის გამოკვება შეუძლია.

ახლა 31 წლისაა და ნანობს, რომ ამხელა დრო დაკარგა და აქამდე ეს ვერ გადაწყვიტა - „მაგარი სოფელი მაქვს და ცოტა გვიან გავაანალიზე, ვერ ვაფასებდი ეს წლები. დეკემბერში ვთქვი, უნდა ავიკეცო და წავიდე ქალაქიდან. ძნელია ყველაფერს მოწყდე, წამოხვიდე აქ და ვიღაცისთვის „ჯურღმულში“ დაიწყო ცხოვრება, მაგრამ დაბრუნებით უკვე დავბრუნდი. აქედან იწყება ჩემი სამშობლო კი არა, მთელი მსოფლიო აქ, ამ კუთხიდან იწყება, ჩემთვის სამოთხე და ჯოჯოხეთიც ეს არის“.

ტარიელი ბავშვობის სახლში ადრე გაზაფხულზე დაბრუნდა. როცა პანდემიის პირველი ტალღა დაიწყო და მთელს ქვეყანაში შეზღუდვები დაწესდა. დრო იხელთა, სახლი შეაკეთა და საცხოვრებლად გამართა. ყოველ დილით სუსხით შეჭირხლულ ფერდობებზე პირუტყვს მიერეკება. ჭრელ ძროხებს ერთი მაკე ცხვარი და ღორი „ღაბაბა“ აედევნებათ ხოლმე. მერე მათი თბილი სადგომების მოსულფონებას - დალაგებას იწყებს. საფხეკით ნაკელს გამოწმენდს და ბუნებრივ სასუქს ფერდობზე ყრის, სადაც გაზაფხულზე კარტოფილი, კიტრი, სალათის ფოთოლი, ყაბაყი და ბადრიჯანი დათესა. ამბობს რომ ბოსტნეული აქ განსაკუთრებით არომატულია, შეწამვლაც არ სჭირდება, თუმცა იმდენი ვერ მოჰყავს, გაყიდვაც რომ შეძლოს.

„ალპური ზონაა და კულტურები ვერ ხარობენ. აქ თავი რომ ირჩინო, ძირითადი მიმართულება მესაქონლეობაა,“ - ამბობს ტარიელი. სახლის საქმეებში დედა, 75 წლის ქეთო გოგოჭური ეხმარება. ერთად ერბოსა დახაჭოს აკეთებენ, ყველი ამოჰყავთ, კარაქს დღვებენ, იმარაგებენ და კვირაობით ტარიელს გასაყიდად დუშეთის ბაზარში მიაქვს. ჯერ მხოლოდ სამი ძროხა და სამი პატარა ხბო ჰყავთ.

მეურნეობის გაზრდას ფიქრობს, თუმცა ტარიელის გეგმებში არც ბანკთან ურთიერთობა და არც სახელმწიფო გრანტების მოპოვება არ შედის- „კრედიტებს არიგებენო, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, რა აზრი აქვს, თუ იმას ისევ ბანკი წაიღებს. ამოვალ, საქონელს დავიბამ, გავკვებავ გაზაფხულზე ის გაკვებილი, ათი სული სუფთა მეყოლება, ყოველგვარი ბანკის და სესხის გარეშე. მე იმას როდის ველოდო, სახელმწიფო აქ როდის მოვა და ყურადღებას მომაქცევს.

„აწარმოე საქართველოსთვის“ განაცხადი რომ შემევსო, ყოველ ჯერზე, როცა განხილვისას დუშეთში დამიბარებენ, იქ ჩასვლას ვერ შევძლებ, მანქანა არ მყავს. ავტობუსი ჭორმეშავის ასახვევამდე მხოლოდ ოთხშაბათს და კვირას დადის დუშეთიდან. თბილისიდან ბარისახოში სამშაბათს, პარასკევსა და კვირას ამოდის. ავტობუსის გაჩერებამდე კი ერთი გზა ათი კილომეტრია“.

ბევრი ახალგაზრდისთვის სოფელში მძიმე შრომა წარმოუდგენელია. ასე იყო ტარიელისთვისაც ვიდრე გააანალიზებდა, რას მიიღებდა ოთხასლარიანი სამსახურიდან წლების განმავლობაში და რას მიიღებს იმავე დროის განმავლობაში გამართული და ძლიერი მეურნეობით -„ვინც ახლა წამოიზარდნენ, თბილისში ურჩევნიათ 450 ლარიან სამსახურში მუშაობა, 250 ქირაში გადაიხადონ, დღეში ერთი ლობიანი ან ჭამონ ან არა. არადა, ეს სიმდიდრე ყველას აქვს. სოფელს უნდა მივხედოთ. ძლიერი სოფელი ძლიერ ქალაქს და საბოლოოდ ძლიერ ქვეყანას ნიშნავს“.

ტარიელს იმედი აქვს რომ ამ პერსპექტივას სხვა ჭორმეშიონებიც დაინახავენ და მობრუნდებიან, სუბალპური მდელოები ყველას ეყოფა საქონლის გამოსაკვებად. საძოვრები ზემო ჭორმეშავთან, ზღვის დონიდან 1960 მეტრის სიმაღლეზეა, საიდანაც ხედებია გაჭიმული დათვიჯვრის უღელტეხილიდან ჭაუხების მწვერვალებამდე.

ზემო ჭორმეშავი საუკუნეზე მეტი ხნის ნასოფლარია. საძირკვლამდე დანგრეულ კედლებს ბრძოლის კვალი ატყვია. 1813 წელს, ალექსანდრე ბატონიშვილს გამოდევნებულ რუსულ ჯარს -„ხევსურეთის დამსჯელ ექსპედიციას“ გადაუწვავს. მყარად მხოლოდ „რჯულიან-ურჯულოთა სალოცავი“დგას. აქ ყველა რელიგიის მიმდევარს შეეძლო მისვლა და თავის წესსა და რიგზე ლოცვა. ტარიელის მეხსიერებას ბავშვობაში გამართული დღეობები შემორჩა.

რუსული ჯარის რბევას რამდენიმე ოჯახი გადაურჩა და მოშორებით, დიხნეგის ჭალაში დასახლდა, სადაც ტარიელის სახლია. აქ გასული საუკუნის 30-იან წლებში 41 ადამინი ცხოვრობდა. ისინიც უგზოობის გამო, თანდათან გაიკრიფნენ და ბოლოს, 90-იანი წლებისთვის ჭორმეშავს ტარიელის მშობლების ოჯახიღა შემორჩა. შვილები, სამი ძმა და ერთი და სკოლაში ათი კილომეტრით დაშორებულ ბარისახოში დაჰყავდათ. ზამთრის დიდთოვლობისას ინტერნატში ტოვებდნენ. „აქედან წასვლისას თოვას რომ დაიწყებდა, ბარისახოში რომ ჩავიდოდით, თოვლი წელამდე გვწვდებოდა“ - იხსენებს ტარიელი.

ბავშვები თავისუფალ დროს ოჯახს სამეურნეო საქმებში ეხმარებოდნენ. ტარიელი მშობლებს სათიბებში დაჰყვებოდა, ძნად შეკრულ თივას მარხილს დაუბამდა და სახლამდე ჩამოითრევდა. დედას საქონლის გარეკვასა და ძროხის მოწველაშიც ხალისით შველოდა.

2004 წელს, უფროსი ძმა გიორგი ავტოავარიაში დაეღუპათ, ცხედარი არაგვში იპოვნეს. ამ მძიმე ოჯახური ტრაგედიის შემდეგ, მათაც დატოვეს ჭორმეშავი და თბილისში გადასახლდნენ. ძმის დაკარგვა ტარიელისთვის განსაკუთრებით მძიმე იყო. მას უსწავლებია ამ მთის სიყვარული, ცხენზე ჯირითი, შრომაც მას შეუყვარებია უმცროსი ძმისთვის.

16 წლის შემდეგ ტარიელი ამ სიყვარულმა დააბრუნა უკაცრიელ ჭორმეშავში - „აქ ჩემი პაპის ნასახლარია და ჩემი ბავშვობა ამ ბილიკებზე მარხია. მიფიქრია, იქნებ სიცოცხლე დაბრუნდეს და სახლები ააშენონ. ამ სახლში მოსვლის დანიშნულება ეგაა, რომ სხვებსაც გაუჩნდეთ სურვილი და ყველა ნასახლარში სიცოცხლე დაბრუნდეს“.

ავტორები: ქეთი მაღრაძე, ლაშა ორჯონიკიძე

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში