საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

კორონავირუსის გამო მესტიის მუნიციპალიტეტი 28 დღით ჩაიკეტა

16:47 - 10 აგვისტო 2020 hits 8616

მესტიის მუნიციპალიტეტში COVID-19-ით ინფიცირების 16 შემთხვევის დადასტურების გამო, ზემო სვანეთში შესვლა და იქიდან გამოსვლა შეიზღუდა. მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებიდან ტურისტებს საკარანტინო ზონებში გადაიყვანენ. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, საკარანტინო პერიოდი 28 დღეა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო იზღუდება შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში: დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალას, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრას, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში. გადაადგილება იზღუდება როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ასევე, მესტიის მუნიციპალიტეტიდან, რაც გულისხმობს, რომ მუნიციპალიტეტში შესვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, გამოსვლის შემთხვევაში კი მოქალაქეები ორკვირიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან.

დამატებითი რეგულაციები - საკარანტინე შეზღუდვები დაწესდა დაბა მესტიაში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში უშგულსა და ლენჯერში. აღნიშნულ დასახლებებსა და მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებს შორის გადაადგილება შეიზღუდა.

დაბა მესტიაში, ლენჯერსა და უშგულში ფუნქციონირების უფლება მხოლოდ აფთიაქებს, საბანკო დაწესებულებებს, სასურსათო მაღაზიებსა და ღია ტიპის საკვებ დაწესებულებებს აქვთ.

„სამწუხაროდ, მოხდა ის, რასაც ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ და მოვუწოდებთ მოსახლეობას, ნუ დაგვავიწყდება, რომ კორონა ჩვენს გვერდითაა. შედეგი სახეზეა - საკმაოდ მნიშვნელოვანი შემთხვევები გვაქვს - სოფელი ლენჯერი, ლენჯერთან დაკავშირებული შემთხვევები თბილისში. წესები გამკაცრდება. ერთადერთი შემიძლია მოვუწოდო ყველას, ვინც მესტიის რაიონშია დარჩენილი, მაქსიმალურად ატარონ ნიღაბი ყველგან, დახურულ სივრცეებში, ასევე დაიცვან დისტანცია, მათ შორის ღია სივრცეებშიც. მესტიაში ეპიდემიოლოგების 5 ჯგუფი უკვე მუშაობს, მასობრივი კვლევები იქნება ჩასატარებელი. მერე შეგვიძლია ვთქვათ, როგორი სიტუაციაა მთლიანად მუნიციპალიტეტში“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ.

საკოორდინაციო საბჭო მოუწოდებს მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ უშგულში, ლენჯერსა და დაბა მესტიაში, ნებისმიერი სიმპტომების გამოვლლენის შემთხვევაში მიმართონ ცხელების ცენტრებს ან დაუკავშირდნენ 112-ს.

„არ გვაქვს მოლოდინი, რომ პაციენტების მაღალი რიცხვი გვექნება. უკვე მობილიზებულია რუხის საავადმყოფო, სადაც შესაძლებელია ყველა შესაძლო პაციენტის განთავსება. 28 დღიანი საკარანტინო პერიოდი, შესაძლოა, შემცირდეს ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

დაბა მესტიაში ინფიცირების პირველად წყაროდ სტუმრად მყოფი მამაკაცია მიჩნეული.

10 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1250 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებული - 1010, გარდაცვლილია - 17, კარანტინის რეჟიმშია - 6930, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 263. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ამ თემაზე:

ყაზბეგის ჩაკეტვის რისკი არ არსებობს, მესტიაში კორონავირუსის შემთხვევები გაიზარდა

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში