საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ჯავახეთის სათემო ორგანიზაცია - პასიური საზოგადოებისა და რუსული გავლენების პირისპირ

15:02 - 22 ივლისი 2020 hits 2405

გრანიტის რუხ სახლებს შორის, მტვრიან გზაზე, შემხვედრებს აჩერებენ და ეკითხებიან, რა უჭირთ. უმრავლესობა ეჭვიან მზერას ადევნებს. ეუცნაურებათ, არ ახსენდებათ, ისეთი სტუმარი, ვინც მათი ცხოვრებით დაინტერესდებოდა, აზრს დაეკითხებოდა.

სტეფანი, ლამარა და ჰარუთი თბილისიდან ახალქალაქში სწავლის დასრულებისთანავე დაბრუნდნენ. სამივეს ერთი საერთო იდეა აწუხებდა - შეეცვალათ გარემო, რომელშიც ცხოვრება უნდა გააგრძელონ.

ახალგაზრდების გასააქტიურებლად ამ სამეულმა ჯავახეთის სოფლებიდან კიდევ რამდენიმე მეგობარი - კარო, ანა, კატია, ტიგრანი შემოიკრიბა და სათემო ორგანიზაცია დააარსა. ოფისი არ აქვთ, ახალქალაქის სკვერში, ღია ცის ქვეშ იკრიბებიან და იმ პრობლემებს განიხილავენ, რომელთა მოსაგვარებლადაც ბრძოლას აპირებენ.

„მთავარი სამი პრობლემა, რაზეც ეგრევე დავიწყებთ მუშაობას, არის ჯავახეთის სომეხ მოსახლეობაში სახელმწიფო, ქართული ენის არცოდნა. ამის გამო ხალხს არ აქვს ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ და მესამე, ვერ ახერხებენ საქართველოს მოქალაქეობის მიღებას“,

 - ამბობს 23 წლის სტეფან ევაჯიანი, რომელიც ჯავახეთის სათემო ორგანიზაციის დამფუძნებლებმა ხელმძღვანელად აირჩიეს. 

საქართველოში მცხოვრები ეთნიკური სომხების 50 % სამცხე-ჯავახეთში ცხოვრობს და რეგიონის მოსახლეობის თითქმის ნახევარს (65 ათასზე მეტი ადამიანი) შეადგენს. მათგან დაახლოებით 55 %-მა ქართული ენა არ იცის.

სტეფანმა საკუთარ თავზე გამოსცადა ყველა ის სირთულე, რასაც სახელმწიფო ენის არცოდნა ქმნის. ამიტომაც, მან და ჰარუთმა გადაწყვიტეს, სომეხი აბიტურიენტებისთვის ქართული ესწავლებინათ. სტეფანისა და ჰარუთის მოხალისეობრივ წამოწყებას, ლამარაც შეუერთდა. 2017 წლიდან დღემდე, 1+4 პროგრამით ჩარიცხულ სტუდენტებს ქართული ენის ათვისებაში ეხმარებიან.

1+4 სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამაა, რომლითაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შეუძლიათ, უმაღლესი განათლება საქართველოში გამარტივებული წესით მიიღონ. პროგრამა, რომელიც 2010 წლიდან დაიწყო, ითვალისწინებს ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარებას სომხურ, აზერბაიჯანულ, აფხაზურ, ოსურ ენებზე და სათანადო ქულების დაგროვების შემთხვევაში, უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას. ახალგაზრდები 1 წლის განმავლობაში გადიან ქართულ ენაში მომზადების კურსს და შემდგომ 60 კრედიტის დაგროვების შემთხვევაში, სწავლას მათთვის სასურველ ფაკულტეტზე აგრძელებენ. ამ პროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. 2010 წელს 1+4-ით 247-მა აბიტურიენტმა ისარგებლა, 2019 წელს კი 1335-მა.

„თუ გინდა ამ ქვეყნის სრულყოფილი მოქალაქე იყო, პირველ რიგში სახელმწიფო ენა უნდა ისწავლო, რომ მერე დანარჩენი გაიგო“

ჰარუთ მალხასიანის თქმით, ქართული ენის არცოდნის გამო, ეთნიკური სომხები ვერ მონაწილეობენ სახელმწიფო და სხვა პროგრამებში, - „ეს ახლა, პანდემიის დროსაც კარგად გამოჩნდა. იყო დახმარება სახელმწიფოს მხრიდან, საბანკო შეღავათები. რთული იყო ცენტრიდან სოფლამდე ამ ინფორმაციის მიტანა და გაგება“.

ჰარუთი წუხს, რომ სოფლების მცხოვრებლებთან, ამ პროგრამებისა და შესაძლებლობების მათთვის გასაგებ ენაზე გასაცნობად, სახელმწიფო უწყებებიდან არავინ მიდის. მნიშვნელოვანი საკითხების გაშუქებას ინტერნეტგამოცემები ცდილობენ, მაგრამ ჯავახეთის ბევრ სოფელს ინტერნეტი არ აქვს.

ყველაზე დიდი და დღემდე გადაუჭრელი პრობლემა, რაც ინფორმაციის ნაკლებობამ გამოიწვია, 2013 წელს გაჩნდა. საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ სომხებს მაშინაც არავინ განუმარტა კონსტიტუციაში შესული ცვლილებები, რომლის თანახმადაც, სხვა ქვეყნის მოქალაქე ავტომატურად კარგავდა საქართველოს მოქალაქეობას. საკონსტიტუციო ცვლილებებამდე, ეთნიკური სომხების ნაწილი ორმაგი მოქალაქეობით სარგებლობდა, საქართველოს და კიდევ სომხეთის ან რუსეთის. სამუშაოდ ამ ქვეყნებში დადიოდნენ და ორმაგი მოქალაქეობით, მიმოსვლა უადვილდებოდათ.

საკონსტიტუციო ცვლილებების გამო, საქართველოს მოქალაქეები რომ აღარ იყვნენ, 2500-ზე მეტმა სომეხმა, გამშვებ პუნქტებზე, საბუთების შემოწმებისას გაიგო.

2017 წლიდან ორმაგი მოქალაქეობის მინიჭება ისევ გახდა შესაძლებელი, მაგრამ კანონი მოქალაქეობის მაძიებელს ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის ცოდნას ავალდებულებს.

ახალქალაქსა და ნინოწმინდაში დაინტერესებულ პირებს ქართული ენის შესწავლას ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა სთავაზობს. სწავლა უფასოა, თუმცა ამ შეთავაზებას ჯავახეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერ იყენებს - სოფლებიდან რაიონულ ცენტრებამდე მუნიციპალური ტრანსპორტი არ დადის, კერძო პირებს კი ზოგიერთი დასახლებიდან მგზავრები მაშინ გადაჰყავთ, როცა მოესურვებათ. ამის გამო სკოლამ ზოგიერთ სოფელში ქართული ენის შესასწავლად მობილური ჯგუფები მიავლინა.

საპრეზიდენტო კამპანიის დროს, სალომე ზურაბიშვილმა, მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარების პირობით, 1600 პირის საბუთები ჩაიბარა, მაგრამ უშედეგოდ.

ახლა, ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური სომხები, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მსგავსად, ვერც ჯანდაცვის უფასო ან შეღავათიანი სერვისებით სარგებლობენ, ვერც იუსტიციის სახლის ყველა მომსახურებით და ვერც ეკონომიკის სამინისტროს საგრანტო თუ ბიზნეს პროგრამებით.

„ამ ქვეყნის მოქალაქე რომ არ ხარ, უფრო რთულია თავი საქართველოს ნაწილად იგრძნო. სწორედ ამით, სახელმწიფო ენის არცოდნით, ინფორმაციის ნაკლებობით არის გამოწვეული ის პასიურობა და უძრაობა, რაც ჯავახეთში გვაქვს. თორემ, ჩვენ ხალხში დღეს აღარ უნდა იდგეს ინტეგრაციის პრობლემა. გუშინ და გუშინწინ ჩამოსული ხალხი არ ვართ“, - ამბობს სტეფანი.

ამდენი წლის მეზობლობის მიუხედავად, ჯავახეთის ქართველები და სომხები დღეს საერთო პრობლემების გადასაწყვეტადაც ვერ ახერხებენ გაერთიანებას. „სტარტი გვჭირდება, ბიძგის მიმცემი. ვეცდებით, სათემო ორგანიზაცია იყოს ის ხიდი, ორივე ჯგუფს რომ დააკავშირებს. ბევრი რამის გაკეთება გვსურს არაფორმალური განათლების კუთხით“.

განათლების საკითხი ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ ჯავახეთში რთულადაა. სკოლებში არაა ბავშვის განვითარებისთვის აუცილებელი სპორტული ან სახელოვნებო სტუდიები. ნინოწმინდასა და ახალქალაქში კი არის კულტურის სახლი - ჭიდაობის, მძლეოსნობის, ჭადრაკის, ხატვის, ცეკვის, სიმღერის, ქართული და ინგლისური ენების წრეებით, მაგრამ სოფლად მცხოვრები ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელია. ტრანსპორტი სოფლებიდან რაიონულ ცენტრებში დღეში ერთხელ დადის, ისიც ყველგან და ყოველთვის არა. სოფლიდან ქალაქში ჩასული მიკროავტობუსი უკან ორ საათში ბრუნდება. ამ შუალედში კი რაიმეს მოსწრება რთულია. ზამთარში გზებიც იკეტება და ტექნიკის ნაკლებობის გამო, გაწმენდა ვერ ესწრება.

ახალგაზრდები სკოლის დამთავრებისთანავე ან სოფლის მეურნეობაში ებმებიან, ან რუსეთში მიდიან სამუშაოდ. ჯავახეთში თითქმის ყოველი მეორე ოჯახი რუსეთიდან მიღებულ შემოსავალზეა დამოკიდებული. უმაღლესი განათლების მიღებაზე ბევრი არც ფიქრობს. ჰარუთი ამას მოტივაციის უქონლობით ხსნის - „ვიღაც წავიდა თბილისში, ისწავლა ექვსი - შვიდი წელი, ჩამოვიდა სოფელში, ვერ ნახა სამსახური და ისევ რუსეთს მიაშურა. სხვა მისი შემხედვარე იტყვის, რა აზრი აქვს სწავლას, მაინც ვერ ვიშოვნიო სამსახურს და სკოლის მერე მაშინვე რუსეთში წავა, პერსპექტივა არაა.“

უმაღლესი განათლება ყველაზე რთულად ხელმისაწვდომი მაინც გოგონებისთვისაა. სათემო ორგანიზაციის წევრი ლამარა მალხასიანი წარმოშობით სოფელ კუმურდოდანაა. ამ სოფელში 1900-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ლამარა კუმურდოში ხშირად ჩადის ნათესავებთან და მათგან იცის, რომ მთელი სოფლიდან მხოლოდ ერთადერთი გოგონაა სტუდენტი. „ეს ბოლო ორი წელია, ოჯახს სულ მცირე შესაძლებლობაც რომ ჰქონდეს, ცდილობს რომ შვილები თბილისში სასწავლებლად გაუშვას. გოგონების რიცხვი მათ შორის ნაკლებია. არ უშვებენ მხოლოდ გოგოს, ეშინიათ, როგორ უნდა იყო დიდ ქალაქში“, - ამბობს ლამარა და დასძენს, რომ ცოდნის ქართულად მიღება და ქართველებთან ყოველდღიური ურთიერთობა, ენის სასწავლად საუკეთესო საშუალებაა.

სათემო ორგანიზაციის წევრებს სურთ, განსაკუთრებით თანატოლები დაარწმუნონ, რომ ჯავახეთში ცხოვრება და განვითარება რუსული ფულის გარეშეც შეიძლება. ამისათვის, რეგიონში სახელმწიფოს და საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღების მიპყრობასაც ეცდებიან, აგრო და ეკოტურიზმის განვითარების მხარდასაჭერად: „ტურისტი რომ მოვა და დაგველაპარაკება, ენასაც მარტივად ვისწავლით და ინტეგრაციაც გაადვილდება. ბევრმა არც იცის, რა გვაქვს ჯავახეთში და აუცილებლად გავაცნობთ“.

ჯავახეთის სათემო ორგანიზაცია სამოქალაქო აქტივობების ცენტრის მხარდაჭერით დაფუძნდა. სამოქალაქო აქტივობების ცენტრი საქართველოში აშშ-ს საელჩოს დახმარებით ახორციელებს მთაში ახალგაზრდების გაძლიერების ხელშეწყობის პროექტს, რომლის მიზანია მაღალმთიან დასახლებებში მოსახლეობის პრობლემების გადაწყვეტის ხელშეწყობა.

ჯავახეთის სათემო ორგანიზაციაში გაწევრიანება შეუძლიათ დაინტერესებულ პირებს, რომლებიც ორგანიზაციის მიზნებს იზიარებენ. გასაწევრიანებლად უნდა შეავსოთ ანკეტა და გაგზავნოთ, ან მიწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში