საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

მე რო მარტუაი ვორ, გიჟად ნუ ჩამთვლით რა - მიხა პაპა გორშეღმადან

23:37 - 28 მაისი 2020 hits 14037

სამი კვირაა არ დაურეკავს. გზა გაიხსნა თუ არა, მიხა პაპას გორშეღმას დავადექით. ჯანმრთელადაა. ბარში მყოფებზე უფრო დარდობს, „ჭირი გაჩენილა და ხალხ როგორ არისო“.

- როგორ გამოიზამთრე?

- თოვლი იყო, ქარი იყო, ბუქვი იყო. ვიწე და მეწად ავდგებოდი, არ მეწად, არ ავდგებოდი. ხან წიგნ ვკითხულობდი, ხან იმას და... აი, ტელევიზორი მანერვიულებს. გოგოთურ იყო აქ, ეშმათ ხირჩლას შვილიშვილი, იმან ააჩქამა და წავიდა თუ არა, ჩავრთე ხუთ საათზე, გაიელვ კი და ჩაქრა მაშიავ.

თმა გამეზარდა, კაცი არავინაა თმის შამსწორებელ, ჩალხიას ველოდები. არც ის წინხადუელებ მამიდგნენ ამ ზამთარჩი ახლოს, აგრე გადაიარეს, აგე იქ დასხდეს. გამოდით, თმა შამკრიჭეთ მეთქი, არაო, არ შაიძლებაო, ავადმყოფობაიოა. რა ავადმოყოფობა, მე არაფერი მჭირს. რითაც სიკვდილ გიწერავ, ის მოგკლავს, არ გაგიშვებს, ექიმ კი არადა, თუნდა ცაში ახვიდ, იქაც მოგივა ის. ტელევიზორ რომ არ ჩქამობს, ეგ ყველაზე მეტ მაღონებს.

აი, სახლს ლაკი უნდა წავუსვ, შენ ლაკ მაიტანე და მასწავლე, გახსენი, ჩოტკები მაიტანე და თავოდ დავუსვამ ამას, რომ თოვლ როცა აწვებ, ზამთარჩი, არ დალპეს ფიცარი. ყველა ამას მეუბნების, რომ კოხტა სახლია, კოხტად იყურების. აგე, გაჰხედ, რასა ჰგავს ფინურები და იქით რომ გამაიხედავ, რა კოხტაა.

ამ ზამთარ, ჯოხით, ქარბუქჩი, ჯოხით ვედექი. დილასა სანამდინ წამავდგებოდი, ფეხშიშველ გამოვიდა გარეთ, რაკ-რუკ შამაედინის. გამოვიდ, გაფრინდის მეორე გვერდ. რავი, რას ეძებს, რა ოხრობას ეძებს, ბუზები იმალებოდეს სითბოჩი, იმათ ჭამდა თუ რას ეძებდ, ვერ გავიგ რა. ძაან კი შამაღონა კოდალამ, გააფუჭა ფიცარ, გახვრიტა.

- მაგას ვუშველით, არ იდარდო. ტელევიზორი ხომ ახალია, ასე ხშირად რატომ არ აჩვენებს?

- ხოდა რო არ მუშაობს ჯიგარო?

- იქნებ, არასწორად იყენებ.

- აბა რა ვიცი, რას ვურევ მე, ერთ პუტი აქ იმასა, იმას მივუჭერ და რო გაანათებს, ენა არა აქვ და ხმა არა აქვ. ირთვის, მაგრამ ხმა არა აქვ.

- ზამთარში ტელევიზორის გარეშე იყავი?

- მა რას ვიქმოდ რა.

რადიო გადმამიტანეთ რა, რო აი ემ კლდეებჩი, აი ემ დათვებჩი, აი ემ ხევებჩი მუშავობდეს წესივრა დღეს და ღამეს, ჰა? თუ იქ, იმ ქვეყანაჩი რა ხდების, ავადმყოფობაია, ომია, თუ ვერას გაიგებ, რა არის, რა გამადის კაცო? მეც ცოდო ვორ, მეც ადამიანი ვორ, განა გიჟი ვორ რა. მე რო მარტუაი ვორ, გიჟად ნუ ჩამთვლით რა.

მადლობელი ვარ რო მამეხმართ, ხოლოთ ამაზე გემდური, ვორ უბედური ამით რო, ცოტა რო მალგვარე შამოსულიყავი, მალე დაგევლ ჩემ ცხოვრებისა თვალი და დაგედგ ეს სახლი, აი, ესე მისუსტებულ, სიკვდილ მიჯრილ იქნებ არ ვყოფილიყავ. რო არ მასულიყავ, სადღაცა გავიყინებოდი.


თბილისში რომ ვიყავ, ექიმიც მიცნობდა, ექთანიც. ერთ ექთან მითხრა თბილისში რო, სუყველა რო შენივით სწორ ამბობდას, შეიძლების, საქართველო ესე დანგრეულ არ იქნებოდაო. შენ რა იცი, უთხრა, მე მართალ ვამბობ თუ ტყუილსო და ტელევიზორშიო და კომპიუტერში გიყურებთაო, მითხრა. არაბულ მიხასაო სახლს აუშენესაო. სამლოცველოშიც მითხრა ძმისწულის ქალმ, გნახეთაო, უჩვენესო. ეხლა რა, თბილად ვწევარ. შავალ, დავწვები, დავიძინებ. ვერ ტურაი შამოვა, ვერც დათვი.

წინხადუვლები, ჭალაიონები, მოვიდ უკვ მეზობლები, გაღმა სოფელჩი, ხმაურობენ. გავლ დილა, გავეხმაურებ, ისენი იქეთ მეხმაურებიან. აი, ჩალხიას ვუძახე რო, ჩამოდი ჩალხია, თმა შამისწორე, რო ბარისახოში მინდ წასვლა. აი, ოთხ დღეა, ხუთ დღეა გავა უკვე მაისი რა. ეს მთვარე მაისისაა გაიგე?

ამაღლება დღეა. როგორიც დაღამდების, ისეთა წავ ზაფხულ. ავდრით დაღამდების, ავდარი იქნების სრულ იმ წელს. დარ იქნების, დარით წავ. ილოცეთ და იდიდეთ ყველამ რა, მთელ საქართველოს, ამაღლების ძალამ მშვიდობის კალთ გადმაგაფარათ, ჩემ სალოცავმა. გააჩერას აი ხალხი, ომი, სხვა, რაც ცუდ არს.

საყვარელი საყვარელსა, ვით არ ნახავს, უძაგუნოს. ესეთი რო დამინახან, შაშინდებიან, სადღაცა გაიქცევიან. პირი უნდო გავიპარსა, გავლამაზდა, გავირაცხა, გავიჩოტკა, გავიპუდრა და წავ ბარისახოს. პენსიაი მაქვ ასაღებ.

- ბარისახოში როგორ ჩახვალ?

- მანქანას გამავიძახებ წინხადუს. გუდან გოგას არ იცნობ? იქიდან გამავიძახებ, ტელეფონ გამავართვი იმას. წინხადუმდე ფეხით ავალ, მაშ რა ვქნა, პენსიას აქ არავინ მამიტანს.

- ყველაზე მეტად რა გიჭირს ახლა?

- მზის პანელები მთავრობამ დამიდგ, მაგრამ გასწორებ უნდა. ეგაო, წყალსაც შააცხელებსაო. წყალი კი არაა და. ვირი რო გყვანდეს, შეჰკაზმავ, კანისტრებს დაჰკიდებ, მაატანიებ, დააქუჩებ წყალს, მაგრ რომ აღარც ვირია და აღარც მე შამიძლია, რა ვქნა. სად ვიჩივლო, რუსთაველი მკვდარია.

წვიმის წყალს ვხმარობ, ზამთარჩი თოვლს ვადნობ და იმას ვსომ, ვინახამ კიდეც. თავისთვის წვიმის წყალ ვაგროვებ, ტანისთვის ამას ვათბობ და კრუშკაით ვისხამ და ვიბანებ. რა ვქნა ძმაო, აქ ესეთი ცხოვრებაა და თბილისში, იქ რო გახვოლ, როგორ მამწონს, ყურძენი იქ არი, ხილი იქ არი, პამიდორი იქ არი, საზამთრო, მანდარინი, რაც გინდ იმას სჭამ და სვომ.

ზამთრის იქ სჯობის, ზაფხული აქ, ცხელა ქალაქჩი.

- რად არ წამოხვედი წელს ზამთარში, ნათლიაც (პატრიარქი) ხომ გეპატიჟებოდა თავისთან?

- იმიტომ არ წამოვედი გენაცვალე, რო მავკვდე, აქ ჩემს სახლჩი დავრჩები. ჩიტი საც დაიბადების, იმის ბაღდადი იქ არის.

მარტო ერთ თხოვნაი მაქვს, მაიტა, ერთ პატარა აბანო გამიკეთეთ. ზამთარჩი, როცა ცივა, წყალს ვათბობ და ფეჩის გვერდ ლახანკას დავიდგავ და ვისხამ თავზედა წყალს. ეხლა რო დეეყუდები და მაღლიდან რო გესხმის წყალი და იბანები, სხვა არი და ეს სხვა არი. ეჰ, კარგია.

- რას დაგვაბარებ თბილისში?

- მადლობა უთხარით იმ ხალხს, ეს თბილ სახლ რომ დაგედგ, ვინც მაგეხმარათ. ნათლია მამიკითხეთ.

78 წლის მიხა არაბული პირაქეთა ხევსურეთში, მთელს გორშეღმის ხეობაში ნოემბრიდან მაისამდე მარტოა. წლების განმავლობაში მიწაში გამოთხრილ უკარფანჯრო მიწურში ცხოვრობდა. 2018 წელს „მთის ამბების“ მაყურებლებმა მას ხის სახლი აუშენეს.

ავტორი: ლაშა ორჯონიკიძე

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში