საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

თავისუფალი ხალდეს ქუჩა - სვანეთის მოსახლეობის მოთხოვნა საკრებულოს

21:45 - 26 მაისი 2020 hits 7681

თორმეტი კოშკიდან ორმოცამდე შეიარაღებული კაცი ებრძოდა მეფის რუსეთის რაზმებს, 2000-მდე სამხედროსა და მილიციელს. რუს გენერალს სოფლის მოპირდაპირე მხარეს ქვემეხები განელაგებინა. უბრძანებია, მთელი სოფელი ალყაში მოექციათ და ცოცხალი არავინ გაეშვათ. გასვიანებს, ჯოხაძეებს, ჩოფლიანებსა და ჩეგიანებს ხატზე დაფიცება მოესწროთ - „თუ რუსეთმა ჩვენი მიწები დაბეგრა, მაშინ სიცოცხლის პირი არა გვაქვს და მუდამ წვალებას ის გვირჩევნია, ერთ დღეს გავთავდეთო“. ქვემეხების ცეცხლში გახვეულმა ხალდემ 7 დღე გაძლო. სოფელი მთლიანად გადაწვეს.

#თავისუფალიხალდე

ხალდეს აჯანყებიდან 144 წლის შემდეგ, 2020 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ზემო სვანეთის მოსახლეობამ პეტიციით მიმართა მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს - დაბაში ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩას თავისუფალი ხალდეს სახელი ეწოდოს. პეტიციის ინიციატორი ახალდაფუძნებული ზემო სვანეთის სათემო ორგანიზაციაა.

„ჩემთვის ხალდეს ისტორია თავისუფლებისთვის ბრძოლის ყველაზე ნათელი მაგალითია. ახლაც, როცა ჩვენ ისევ რუსულ იმპერიალიზმთან ბრძოლა გვიწევს, სვანეთში, რომლის მეზობელი კუთხე აფხაზეთი და კოდორის ხეობა რუსეთს აქვს ოკუპირებული, თავისუფლებისთვის, მეხსიერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მესტიაში თავისუფალი ხალდეს ქუჩა არსებობდეს.

მეც, ჩემმა თანატოლებმაც, ყველამ, აქაურმაც და სტუმარმაც კარგად უნდა ვიცოდეთ, არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, ერთმა პატარა სოფელმა როგორ იბრძოლა თავისუფლებისთვის“, - თემურ ფირცხელანი ზემო სვანეთის სათემო ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელია. პეტიცია მან და მისმა მეგობრებმა თამარ ნაკანმა, ნინო ფილფანმა, თემურ ქავთარაძემ, თამთა გირგვლიანმა, დავით ჩართოლანმა, თეა გვიჩიანმა, რუსლან გერლიანმა, ლალი პავლიაშვილმა და რაშიბ ნაკანმა მოამზადეს. ხელმოწერებიც მათ შეაგროვეს.

ციალა გულედანი, ლენჯერის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი: „მივესალმები ამ ინიციატივას. მე ილია ჭავჭავაძის სიტყვებს მოვიშველიებ - ერი, რომელიც თავის ისტორიას ივიწყებს, დასაღუპად განწირულია. ამიტომ, პირველ რიგში ქართველმა საქართველოს ისტორია უნდა იცოდეს. უნდა გაუხარდეთ საკრებულოში ეს იდეა“.

ზოია შამფრიანი, მასწავლებელი, ფილოლოგი: „სულ ვფიქრობ, ნუთუ ასე გვეშინოდა იმპერიის, არცერთ ისტორიაში არ იყო შეტანილი ხალდეს აჯანყება. შემრცხვება ახლა, თორემ შეიძლება ვიტირო სიხარულისგან იმიტომ, რომ ეს ქუჩა იქნება ჩვენს ქვეყანაში თავისუფლების სიმბოლო, თავისუფალი ხალდეს ქუჩა მესტიის რაიონში. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისათვის. სიხარული და ბედნიერებაა ეს თავისუფლების მოყვარე ადამიანებისთვის, ვისაც ეს ესმის“.

ციო წერედიანი, ლატალის სკოლის დირექტორი: „მე მეტსაც გეტყვით, ასეთი ქუჩა აუცილებელია არსებობდეს არამხოლოდ სვანეთში, არამედ საქართველოს ნებისმიერ კუთხეში. ის ადამიანები თავისუფლებას შეეწირნენ. საკრებულომ თვითონ უნდა აიტაცოს ეს ინიციატივა და თვითონ უნდა იყოს პირველი მედროშე, რომ სწორედ ეს სიცოცხლე და სიყვარული გააღვივოს სვანეთში. მე მჯერა, რომ ისინი აუცილებლად დაგვიჭერენ მხარს. თავისუფალი ხალდე, ეს თავისუფალი სვანეთია, თავისუფალი საქართველოა“.

ნარგიზ ნიგურიანი, ფილოლოგი: „საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოებში ეს თემა საერთოდ არ ფიგურირებდა.

შესაძლოა, ბევრმა არც იცის, რომ არსებობს ასეთი პატარა სოფელი ხალდე, გმირული სოფელი, რომელიც დაუპირისპირდა მეფის რუსეთის დამპყრობლურ კანონებსა და წესებს, როცა მუჭა ადამიანებისა ეწინააღმდეგება უსამართლობას. დღესაც, ჩვენ ვებრძვით რუსეთს, არა როგორც ერს, არამედ მათ დამპყრობლურ პოლიტიკას.

საქართველოს ისტორიიდან ამოგლეჯილი იყო ძალიან ბევრი ფურცელი. ახალგაზრდები, სტუმრები დაინტერესდებიან ხალდეს ისტორიით. ეს არამხოლოდ ხალდეს, არამედ სვანეთის, ჩვენი თვითმყოფადობის პოპულარიზაციასაც შეუწყობს ხელს“.

ვახტანგ ფილფანი, ანსამბლ „რიჰოს“ ხელმძღვანელი: „ძალიან კარგი იდეაა. ხალდეს ქუჩის და წარწერის გაჩენა გამოიწვევს შეკითხვას, რა არის ხალდე, რა სოფელია, რატომ ხალდე. ამ კითხვას მოჰყვება პასუხი და ამ პასუხში იმალება ის ოქროს ფურცლები, რომელსაც სამშობლოს გულისთვის თავის გაწირვის მაგალითი ჰქვია. ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს“.

სწორედ ანსამბლი „რიჰო“ ასრულებს საგმირო-ჰეროიკულ ფერხულს-სიმღერას „გაულ გავხე“, რომელიც ხალდეს აჯანყების დღეებში ხალხში ითქვა.

რამდენიმე წლის წინ, ჯოხაძეების ერთი და გასვიანების სამი ოჯახი დაუბრუნდა ხალდეს, ჯერ მხოლოდ ზაფხულობით. „მთის ამბებმა“ ხალდედან რეპორტაჟი გასულ წელს მოამზადა. ბევრს არაფერს ითხოვდნენ საქართველოს მთავრობისგან - შუქს და გზას. შუქი უკვე აქვთ, გზა გვიან შემოდგომაზე ისევ იკეტება ზაფხულამდე, რეაბილიტაცია სჭირდება.

ხალდესთვის ზემო სვანეთის სათემო ორგანიზაცია სხვა აქტივობებსაც გეგმავს. შესაძლოა, მთის ფესტივალი, რომელიც „მთის ამბებმა“ და მთის სათემო ორგანიზაციების ქსელმა, ფოლკლორისტებთან ერთად გასულ წელს დააფუძნეს, წელს ხალდეში ჩატარდეს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში