საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

„მთის ამბების“ მაყურებლები საბედა ბებოს ახალ სახლს აუშენებენ

00:01 - 15 აპრილი 2020 hits 10774

მარტოკაცების მხარდასაჭერად ყოველთვის ვგრძნობდით „მთის ამბების“ მკითხველისა და მაყურებლების თანადგომას, მაგრამ #საბედაბებოსთვის დაწყებული კამპანიის შედეგმა ჩვენს ყველა მოლოდინს გადააჭარბა. კამპანია #საბედაბებოსთვის ფარგლებში თანხის მიღება დასრულებულია.

საბედა ბებოსთან ინტენსიური კომუნიკაციის შედეგად გადაწყდება, მისთვის ხორხის ხეობაში ახალ სახლს სად ავაშენებთ.

ამასთან, „მთის ამბებთან“ არსებული მარტოკაცების ფონდი საბედა ბებოზე მზრუნველობას აიღებს.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 აპრილის საღამოს 9 საათიდან 10 დღის განმავლობაში თბილისიდან გასვლა და შემოსვლა იკრძალება, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა კი 10 მაისამდე უნდა გახანგრძლივდეს. იმის გამო, რომ ეს სამშენებლო სამუშაოების დაწყებას დროებით შეაფერხებს, ვეცდებით, საბედა ბებოსთან მივაღწიოთ შეთანხმებას და დროებით სახლი დავუქირავოთ საცხოვრებლად ნორმალური და უსაფრთხო პირობებით.

78 წლის საბედა წიკლაური დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხორხის ხეობაში, სოფელ ჭალაში, გომურში (ბოსელში) ძროხასთან ერთად ცხოვრობს. გაუსაძლის და ღირსების შემლახველ პირობებშია. მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. საბედა ბებოს შესახებ „მთის ამბების“ ვიდეოს 1.6 მილიონი ნახვა აქვს.

#საბედაბებოსთვის შეგროვილი თანხის, ისევე, როგორც მარტოკაცების ფონდის რესურსების მიზნობრივად ხარჯვაში, გამჭვირვალობაში, შემომწირველებისა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებაში, მთაში უსახლკარო ხანდაზმულებზე ზრუნვაში „მთის ამბებს“ მარტოკაცების ფონდის მრჩეველთა საბჭო დაეხმარება, რომელიც ჩვენი ინიციატივით დღეს შეიქმნა.

საბჭო „მთის ამბებს“ რეკომენდაციებსაც მისცემს. ამ ეტაპზე საბჭოს წევრები არიან:

  • ეთერ თათარაიძე - პოეტი, ფოლკლორისტი;
  • თამარ გურჩიანი - იურისტი;
  • გიორგი კეკელიძე - პოეტი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი;
  • ნატალია ბახტაძე - ეკოტურიზმის ასოციაციის კონსულტანტი;
  • ეთერ არსანიძე - რაჭის სათემო ორგანიზაციის ხელმძღვანელი;
  • გიგა ჩოხელი - მთიულეთის სათემო ორგანიზაციის ხელმძღვანელი;
  • ლევან ონიანი - მთის სათემო ორგანიზაციების კოორდინატორი;
  • ნინო ზაუტაშვილი - ჟურნალისტი, „რეალური სივრცის“ წამყვანი;
  • ზვიად ქორიძე - ჟურნალისტი;
  • ლაშა ორჯონიკიძე - „მთის ამბების“ რეპორტიორი;
  • ნანა ბაგალიშვილი - ცოდნის კაფეს დამფუძნებელი;

„მთის ამბებმა“, რომელიც საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედიაა, მარტოკაცების ფონდი გასული წლის ბოლოს შექმნა. ფონდში შემოწირულების განხორციელება ყველას შეუძლია, ვისაც მთის სოფლებში მარტოკაცების მხარდაჭერა სურს.

თუ მხარს უჭერთ მთაში მარტოკაცებს, შემოწირულება შეგიძლიათ გააკეთოთ საბანკო გადარიცხვით:

  • ანგარიშის ნომერი: GE51LB0115195065049003
  • მიმღები: ააიპ სამოქალაქო აქტივობების ცენტრი
  • დანიშნულება: #მარტოკაცებისთვის
Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში