საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ბლოელ გოგიას სახლი ვერ ექნება - შსს-მ ვერტმფრენით დახმარებაზე უარი თქვა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

18:34 - 14 ნოემბერი 2019 hits 35622

„მთის ამბებმა“ #ბლოელიგოგიასთვის დაწყებული კამპანიის შედეგად 9 339 ლარი შეაგროვა. შემოწირულება 400-ზე მეტმა ადამიანმა გაიღო. კომპანიაც შევარჩიეთ, რომელიც 11 ათას ლარად გოგიასთვის ბლოში 20 კვმ-ის ხის სახლს ხუთ დღეში ააშენებდა. სამუშაოები დიდთოვლობამდე უნდა მოგვესწრო, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარი გვითხრა, სახლისთვის მასალები ბარისახოდან ბლომდე სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენს გადაეტანა.

ვერტმფრენის გარეშე ბლოში მასალების ატანა შეუძლებელია. სოფლამდე სამანქანო გზა არ მიდის, არც არასდროს ყოფილა, როშკასთან წყდება. როშკიდან ბლომდე კი 5 კილომეტრიანი რთული საცალფეხო ბილიკია.

არაერთი მცდელობის მიუხედავად „მთის ამბებმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ამ დრომდე ვერ მიიღო განმარტება უარის თქმის მიზეზებზე.

ჩვენი ინფორმაციით, ხელისუფლებას დაახლოებით 2000 დოლარი დაუჯდებოდა ბლოელი გოგიას დახმარება. თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო სამშენებლო მასალების გადატანას ბარისახოდან ბლოში მესაზღვრეების როტაციას დაამთხვევდა, ბლოელი გოგიას დასახმარებლად საჭირო ხარჯი 600 დოლარსაც არ ასცდებოდა. კერძო ვერტმფრენის დაქირავების შემთხვევაში მომსახურების ღირებულება 7 ათას დოლარს აღწევს.

გოგია გიგაური ხევსურეთში, ბლოს ხეობის ერთადერთი მცხოვრებია. მეოთხე წელია რაც კარავში იზამთრებს. ძველი ხევსურული, ბანიანი სახლი ზვავმა 2015 წელს დაუნგრია.

„მთის ამბებმა“ ბლოელი გოგიას შესახებ რეპორტაჟი გაზაფხულზე მოამზადა.

„მთის ამბებს“ მკითხველს კარგად ახსოვს მიხა პაპას ამბავი, როდესაც სწორედ სასაზღვრო პოლიციის დახმარებით შევძელით მიწურში მცხოვრები ზეისტეჩოელი მარტოკაცისთვის ხის პატარა სახლის აშენება. სასაზღვრო პოლიცია აქტიურად იყო ჩართული ფშავ-ხევსურეთის ინტერნეტიზაციის პროექტის განხორციელებაშიც. სასაზღვრო პოლიციის მხარდაჭერას მთაში მუდმივი მცხოვრებლებისადმი „მთის ამბები“ ყოველთვის აღნიშნავდა. ბოლო პერიოდში კი ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკში სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელი პირებისა და ზოგიერთი მესაზღვრის ბრაკონიერობის შესახებ ფაქტების შეგროვება დავიწყეთ, რამაც უკმაყოფილება გამოიწვია. „მთის ამბები“ ვარაუდობს, რომ შსს-ს უარი შესაძლოა, ამას უკავშირდებოდეს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში