საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

კიჩხულდაში - ერთი ოჯახით გამაგრებული სვანური სოფელი

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:47 - 13 ნოემბერი 2019 hits 32434

„სულ ნანგრევებშია ეს სოფელი, იმიტომ რომ წავიდნენ, არ დარჩნენ და სახლებმა ვერ გაუძლეს. თოვლი ანგრევს აქანე, სხვა არაფერი...“ - სვანეთის სოფელ კიჩხულდაში თოვლს მხოლოდ ორმა სახლმა გაუძლო. ერთი ვალერი ვიბლიანისაა. ის და მისი მეუღლე, მარო ჯაჭვლიანი, აგერ უკვე მეორმოცე ზამთარს ხვდებიან ერთად. აქედან 18 წელი ცოლ-ქმარმა სოფლისთვის გზის შეკეთების მოლოდინში გაატარა.

წელს პირველად გაუჩნდათ იმედი, რომ მალე ახალი გზა ექნებათ. ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გზის სარეაბილიტაციოდ გამოგზავნილმა ტექნიკამ, გარკვეული სამუშაო უკვე შეასრულა და წლის ბოლომდე დარჩენილი მონაკვეთის დასრულებასაც დაპირდნენ. უგზოობაა სწორედ ის მთავარი მიზეზი, რის გამოც სოფელი დაიცალა - ხუთკილომეტრიანი გრუნტის გზის გავლა ცუდ ამინდში განსაკუთრებით სახიფათოა.

„ავარია მოუხდა და კინაღამ შვილი იმსხვერპლა, მის მერე დაიქნია ხელი და წავიდა, საქართველოშიც კი არ გაჩერდა“ - იხსენებს ვალერი მეზობლის, ხვიჩა ვიბლიანის ამბავს.

სოფლისკენ მიმავალი გზა ზამთარში მუდმივად იკეტება. ამ დროს 15 წლის წინ საკუთარი ხელით გამოთლილი ხის თხილამურები, ვალერი ვიბლიანისთვის უახლოეს დასახლებულ პუნქტამდე მისასვლელი ერთადერთი საშუალებაა. ლახამულაში ძირითადად რეგიონის ამბების გასაგებად ჩადის.

„ახალი ამბავი თუ არის რამე, უნდა გავიგო და მეუღლეს უნდა მოვახსენო“, - გვეუბნება ღიმილით. 

სპეციალობით ბიბლიოთეკარი და სოფლის ყოფილი პედაგოგი მარო ჯაჭვლიანი იმ დროს იხსენებს, როდესაც სოფელს სკოლა ჰქონდა, - „ბევრი ბავშვიც სწავლობდა და ლიტერატურის ნაკლებობასაც არ განვიცდიდით, მაგრამ უგზოობამ დიდი დაღი დაასვა ჩვენს სოფელს...“ 

ახლა მარო ჯაჭვლიანი ტრადიციული სვანური კერძებით უმასპინძლდება მათთან იშვიათად მისულ სტუმარებს, ძირითადად უცხოელებს, რომლებშიც მისი სვანური ყველი, „ნარჩვი“ განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ყველი ამოყვანის შემდეგ 15 დღე სპეციალურ ხის სათავსოში ქვების მეშვეობით იწნიხება და სითხისგან ბოლომდე დაცლილი გამორჩეულ გემოს იძენს. 

როგორ ძლებენ ასეთ რთულ პირობებში? - ამბობენ, რომ სვანეთისა და საკუთარი სოფლის სიყვარული აძლებინებთ. ცოლ-ქმარმა სახლიც გაამაგრა და მორიგი ზამთრის ერთად გატარებისთვის მზად არიან.

„სვანური სახლი გავამაგრე, ჩემს შვილთაშვილებს, ღმერთმა მიმრავლოს, არა აქვთ სოფელზე საფიქრალი, მოვლენ და იქნებიან, თუ არ მოვლენ და ეს სახლი სახლად დარჩება, ათასი წელი ასე იქნება, თოვლი ვერას უზამს, ნანგრევები არ დაერქმევა“ 

68 წლის ვალერი ვიბლიანი თავის ყველაზე დიდ გულისტკივილსაც გვიმხელს - „სოფელი დაიცალა, სოფელი სოფლად არ არის... ერთი ოჯახი ვართ მარტო. ახლა მე რომ წავიდე აქედან, სოფელს ნასოფლარი დაერქმევა, დროთა განმავლობაში სახელიც დაეკარგება და სოფელიც გაქრება... ამას კი ვერ ავიტან ჩემს ცხოვრებაში.“ 

ჯერ ნოემბერია, თუმცა კიჩხულდაშის მთებზე უკვე ჩამოთოვა. ვიბლიანების ოჯახი ამ ზამთარსაც ერთადერთი იქნება კიჩხულდაში. იმედი აქვთ, რომ თუ სოფლისკენ მიმავალი გზა გაკეთდება, გაისად, ამ დროს, უფრო მეტი სახლიდან ამოვა კვამლი.  

ავტორი - ლაშა ორჯონიკიძე

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში