საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ქისტ და ხევსურ ახალგაზრდებს შორის ძმად გაფიცვის უძველესი ტრადიცია აღდგა

20:36 - 05 სექტემბერი 2019 hits 13443

„ეს ჩვეულობა ხალხისა, ანუ ძმობილობა სასარგებლო და გამოსადეგია. მოსახლეთა შორის აჩერებს მტრობას და იწვევს ერთმანეთში მტკიცე დანდობას. ძმობილი და მთელი მისი საგვარეულო ანუ ნათესაობა, რომელსაც ქისტები შორიდამ ეკიდებიან, ყველა ისე უყურებს და მიღებული ჰყავთ, როგორც სხვა თავიანთი სისხლის ნათესავი“, - ძმობილობის მნიშვნელობას 100 წლის წინ ასე აღწერს ქისტი განმანათლებელი და სასულიერო მოღვაწე მათე ალბუთაშვილი.

საქართველოს მთიანეთში დაძმობილების რამდენიმე წესი არსებობდა: საკლავით დაძმობილებისას ძმად გაფიცვის მსურველები რომელიმე დღეობაზე ხატში (სალოცავში) გავიდოდნენ, მათ ხევისბერი დალოცავდა და ორივეს საკლავის სისხლს აპკურებდა; სისხლის გაზიარებით დაძმობილებისას შინ ან რომელიმე დღეობაზე ძმად გაფიცვის მსურველები თითებს გადაიჭრიდნენ და ერთმანეთზე მიადებდნენ; არსებობდა ფიცვერცხლის ჭამით დაძმობილებაც - არყით ან ღვინით სავსე თასებში ვერცხლს ჩაფხეკდნენ, თასებს გაცვლიდნენ და გამოცლიდნენ. დაძმობილების ყველა ამ წესის შესრულებისას აუცილებელი იყო ერთგულების ფიცის დადება.

„ძმადგაფიცვის ისტორია კავკასიაში უძველესი პერიოდიდან იღებს სათავეს. ეს არ იყო უბრალოდ ნათქვამი სიტყვები „ჩვენ ძმები ვართ“.

ეს არის დიდი ტვირთი, რომელიც კაცმა მთელი სიცოცხლის მანძილზე უნდა ატაროს. შვიდ თაობას გადაეცემოდა ეს ტრადიცია. ხალხთაშორის ძმობისა და მეგობრობის განმტკიცების საუკეთესო საშუალებაა.

უკანასაკნელ პერიოდში, სამწუხაროდ, დავიწყებას მიეცა ეს ტრადიცია. ამ მძიმე ტვირთის ზიდვას ყველა ერიდება, მაგრამ უნდა ვიტვირთოთ“, - ისტორიკოსის და პანკისის უხუცესთა კავშირის თავმჯდომარის, ზაურ გუმაშვილის თქმით, ძმად გაფიცვის რიტუალი სულ მცირე 50 წელია აღარ ჩატარებულა.

ამ ტრადიციის აღდგენას საფუძველი არხოტში, მთის ფესტივალზე ჩაეყარა, 2019 წლის 31 აგვისტოს. პანკისის უხუცესთა კავშირის წევრმა ზელიმხან წუწაშვილმა არხოტიონი იმედა ნაროზაული და ქისტი ომარ ხანგოშვილი ფიცვერცხლის ჭამით დააძმობილა.

ძმად გაფიცვის რიტუალს ქისტი, ხევსური და ინგუში უხუცესები ესწრებოდნენ, მათ შორის ფესტივალზე საპატიო სტუმრის სტატუსით იყო მოწვეული ცნობილი ინგუში მწერალი და საქართველოს დიდი მეგობარი, ისა კაძოევი.

მათე ალბუთაშვილი ფიცხვერცხლის ჭამით დაძმობილებაზეც მოგვითხრობს:

„ერთ ვაჟკაცს როცა მეორე მოეწონება ბიჭობით, ყოჩაღობით და შეუყვარდება, სთხოვს ძმობილობას. თუ არ დაეთანხმება, მოიწვევს სახლში ერთ საღამოს, სწორებს დაპატიჟებს, საკლავს დაჰკლავს, სასმელს გააჩენს და იმ ღამეს კაი დროებას გაატარებენ.

მეორე დღეს სუფრას გაახლებენ და მსურველი სასმელიანს ჭიქაში ვერცხლს ჩაფხეკს, ან ვერცხლის ფულს პირდაპირ შიგ ჩააგდებს, დაილოცება და იტყვის:

შენ უფროსი ჩემი ღვიძლი ძმა, მე უმცროსი, შენი დედ-მამა - ჩემიც, შენი და-ძმანი - ჩემიც. შენი კეთილის მდომი ნათესავი - ჩემიც ის არი, შენი მტერი ჩემიც მტერია, შენს მომკლავს მოვკლავ, კბილით დავგლეჯავ, იმის სისხლს შევსვამ, როგორც ამ ჭიქით სასმელს. შენს მოღალატეს შუა წყალში ხიდი ჩაუტყდეს, ცხენი კლდეს გადაუვარდეს და თან გადაჰყვეს. დღეის იქით ჩემი ძმა ხარ, თუ გიღალატო, ძმობა არ გაგიწიო, ფიცი გავტეხო, მე უარესი მომივიდეს და ეს ფიცი ჩემზე არამი იყოს“.

31 აგვისტოს ნამდვილი ზეიმი იყო არხოტში, ზეიმი - ხევსურების, ქისტების, მთიულების, თუშების, ინგუშების, ფშავლების, მოხევეების, რაჭველებისა და სვანების მეგობრობისა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში