საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

რატომ დარჩა თუშეთი ივნისშიც იზოლირებული?

23:16 - 08 ივნისი 2026 hits 357

ქვემო ალვანში თუშები გუშინ მეორედ შეიკრიბნენ. მოთხოვნა უცვლელია - თუშეთის ერთადერთი სამანქანო გზის გახსნის სამუშაოების დაჩქარება. თუმცა, ადგილობრივების პროტესტს ახმეტის მუნიციპალიტეტიდან რეაგირება არ მოჰყოლია: მოსასმენად არც მერი მივიდა, არც საკრებულოს თავმჯდომარე და არც რომელიმე სხვა ხელმძღვანელი პირი.

ჩინოვნიკების ნაცვლად, თუშებს მერის კაბინეტში გიორგი გოგოთიძე ეპატიჟებოდა - ქვემო ალვანში მერის ყოფილი წარმომადგენელი და ამჟამად შპს „ასიანის“ დირექტორი. აღნიშნული კომპანია მუნიციპალიტეტისა და სხვა სახელმწიფო უწყებების ტენდერებს იგებს. „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით,

გოგოთიძე ფულის გათეთრებაში მსჯავრდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახთან დაახლოებული პირი და მისი ბიძის, ზურაბ გონაშვილის („კაკაშა“) ბიზნესპარტნიორია.

თუშეთისთვის ყოველი დაკარგული კვირა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ბუნებრივი პირობების გამო, რეგიონი დანარჩენ საქართველოს 7 თვის განმავლობაში ისედაც მოწყვეტილია აბანოს უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო.

თუშები მომთაბარე ცხოვრებით ცხოვრობენ: ოქტომბერ-ნოემბრიდან მაისამდე ბარში არიან, მაისიდან კი საქონელი და ცხვარი მთაში, საზაფხულო ალპურ საძოვრებზე გადაჰყავთ. წესით, თუშეთთან დამაკავშირებელი გზა მაისში უკვე ღია უნდა იყოს, თუმცა პროცესი წელსაც კრიტიკულად გაჭიანურდა.

თუშებმა ცხვარი კი გადაიყვანეს შირაქის ზამთრის საძოვრებიდან თუშეთის საზაფხულო საძოვრებზე, მაგრამ მთაში ამ დრომდე ვერ გადაჰყავთ მსხვილფეხა საქონელი. ბარში საქონლის გამოკვება ჭირს, რის გამოც წველადობა მნიშვნელოვნად შემცირდა. ამასთანავე, მეცხვარეებმა მთაში მარილი ვერ გადაიტანეს, რაც აუცილებელია თუშური ცხვრის ყველის მოსამზადებლად. მთაში მყოფებს არც საკმარისი პროდუქტი აქვთ.

თუშეთში ტურისტული სეზონი მხოლოდ 4, მაქსიმუმ 5 თვეს გრძელდება და ის ადგილობრივების შემოსავლის მთავარი წყაროა. გზის ჩაკეტვის გამო, სასტუმროებს ივნისის ჯავშნები სრულად გაუუქმდათ.

შემომყვანმა ტურისტულმა კომპანიებმა კი თუშეთი ხევსურეთითა და სვანეთით ჩაანაცვლეს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც გზის დაგვიანებით გახსნა პრობლემებს ქმნის. 2024 წელსაც, როდესაც გზის გაწმენდა ანალოგიურად დაგვიანდა, 20 წლის ბიჭს ბრმანაწლავი გაუსკდა. სახელმწიფო უწყებებმა მის გადმოსაყვანად სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი არ გაგზავნეს.

ახალგაზრდა სიკვდილს იმით გადაურჩა, რომ თუშებმა კერძო ვერტმფრენი საკუთარი სახსრებით დაიქირავეს და ის თელავის საავადმყოფოში გადააფრინეს.

 

მილიონები ქაღალდზე

თუშეთის გზის მოვლა-პატრონობა საავტომობილო გზების დეპარტამენტის მოვალეობაა, რომელიც შემსრულებელს ტენდერით არჩევს. 2026-2027 წლებში გზის მოვლაზე, ღირებულებით 1,300,000 ლარი, ტენდერი თებერვალში გამოცხადდა. ერთადერთი მონაწილე შპს „სვისსკო“ იყო, თუმცა ის დისკვალიფიცირებულ იქნა ხარჯთაღრიცხვაში არსებული შეცდომების გამო.

მეორედ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა ორმა კომპანიამ მიიღო. მათგან პირველი, შპს „ენერჯი გრუპი“, თიანეთის მერის, გიორგი წიკლაურის ძმას - ლევან წიკლაურს ეკუთვნის. ეს კომპანია წინა წლებშიც იგებდა მილიონიან ტენდერებს ამ გზის მოვლაზე, თუმცა ამჯერად ტექნიკური დოკუმენტაციის წარუდგენლობის გამო დისკვალიფიცირდა. მას შემდეგ, რაც კონკურენტი ჩამოცილდა, გამარჯვებული კვლავ შპს „სვისსკო“ გახდა.

საგულისხმოა, რომ ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, შპს „სვისსკო“ ტენდერში გამარჯვებულად მხოლოდ 4 ივნისს გამოვლინდა, თუმცა კომპანიას თუშეთის გზის გაწმენდითი სამუშაოები მანამდეც ჰქონდა დაწყებული.

იასობ ბახტურიძის ეს კომპანია (ყოფილი „ჯემინ ჯორჯია“) სახელმწიფოსგან განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობს - მას გამარტივებული (პირდაპირი) წესით გაფორმებული ორი კონტრაქტით 45 მილიონ ლარზე მეტი აქვს მიღებული.

 

საბჭოთა ტრაქტორები უღელტეხილზე

მიუხედავად იმისა, რომ ბახტურიძის კომპანია ტენდერებში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით უზარმაზარ ტექნიკურ რესურსს ფლობს და ერთდროულად მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს,

კრიტიკულად რთულ თუშეთის გზაზე ის მხოლოდ 2-3 ერთეულ, მათ შორის საბჭოთა პერიოდის ძველ ტრაქტორს ამუშავებს.

კომპანიის ასეთი მომჭირნეობა თუშეთის მიმართულებით კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს იმ ფონზე, როდესაც „სვისსკო“ პარალელურად მთელი ქვეყნის მასშტაბით იგებს ტენდერებს და საკუთარ ტექნიკას აქირავებს კიდეც. კერძოდ, იასობ ბახტურიძის კომპანიას ერთდროულად აქვს აღებული შემდეგი ვალდებულებები: ლაგოდეხის სოფელ ცოდნისკარში, მდინარე ნინოსხევზე გაბიონების მოწყობა და ხიდის რეაბილიტაცია. მასვე აბარია მცხეთის სოფელ მუხრანში მდინარე ქსნის კალაპოტის ნაპირსამაგრი სამუშაოები და ახმეტის მუნიციპალიტეტში მდინარე ორვილის კალაპოტის გაწმენდა და დამცავი გაბიონების მშენებლობა. კომპანია მუშაობს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში (თურდოს ხევის სასმელი წყლის მაგისტრალის შეცვლა), ახმეტის სოფელ საკობიანოში („მაჩუთახევზე“ რკინა-ბეტონის მილხიდის მოწყობა), ზემო ალაზნის სათავე ნაგებობის დაზიანებული ფერდის რეაბილიტაციასა და ქალაქ თელავისა (დავით რექტორის ქუჩა) და ქალაქ ახმეტის წყალარინების გამყვანი კოლექტორების პროექტირება-მშენებლობაზე.

ამდენი პარალელური სამუშაოს ფონზე, კომპანია კახეთის რეგიონში სპეცტექნიკით მომსახურების (დაქირავების) რამდენიმე სახელმწიფო შესყიდვაში ფიგურირებს და საგზაო ბალასტის ტრანსპორტირებასაც უზრუნველყოფს.

გზის „მოვლა-პატრონობის“ 1.3-მილიონიანი ბიუჯეტის მიღმა, სახელმწიფო თუშეთის გზის კაპიტალურ რეაბილიტაციაზე ასტრონომიულ თანხებს ხარჯავს.

პროექტი 8 ლოტადაა დაყოფილი და საერთო ღირებულება ამ დროისთვის 60 მილიონამდე ლარს შეადგენს. წესით, ფშაველი-აბანო-ომალოს გზის კაპიტალური რეაბილიტაცია მთლიანად 2025 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, პროექტი მკვეთრად გაჭიანურდა.

 

ბუნება ბიუროკრატიის წინააღმდეგ 

საავტომობილო გზების დეპარტამენტი შექმნილ ვითარებას ფორსმაჟორული და ექსტრემალური კლიმატური პირობებით ხსნის. უწყების ოფიციალური განცხადების თანახმად, გაწმენდითი სამუშაოები გეგმის მიხედვით 1-ელ აპრილს დაიწყო, თუმცა აპრილის შუა რიცხვებში ჩამოსულმა ზვავებმა და ჩამონაშალებმა სპეციალური ტექნიკა დააზიანა, რის გამოც უკვე გაწმენდილ მონაკვეთებზე მოძრაობა კვლავ შეიზღუდა. კონტრაქტორმა კომპანიამ დამატებითი ტექნიკა მობილიზა ზვავსაშიშ უბნებზე და ხელმეორედ წმენდა დაიწყო.

უწყების განმარტებით, წელს საუღელტეხილო მონაკვეთზე თოვლის უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა, ზოგიერთ ადგილას 15 მეტრზე მეტი სიმაღლის თოვლის მასა დაფიქსირდა. ამჟამად სამუშაოები ექსკავატორებით, დამტვირთველებითა და ბულდოზერებით აბანოს უღელტეხილის მიმდებარედ, 42-ე კილომეტრზე მიმდინარეობს. რელიეფის სირთულის გამო სხვა მძიმე ტექნიკის გამოყენება შეუძლებელია.

დეპარტამენტი შეახსენებს საზოგადოებას, რომ ფშაველი-აბანო-ომალოს გზა ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ მაღალმთიან საავტომობილო მარშრუტად მიიჩნევა, სადაც ზამთარში გადაადგილება სრულად აკრძალულია, ხოლო წლის დანარჩენ პერიოდში გზით სარგებლობა მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისთვისაა დაშვებული.

გეოგრაფიული სირთულეების მიუხედავად, ადგილობრივი მოსახლეობისთვის გაურკვეველი რჩება, რატომ ერთვის სტიქიით გამოწვეულ პრობლემებს ყოველწლიურად ბიუროკრატიული ჩავარდნები და დაგვიანებული ტენდერები, რის გამოც თუშეთი მიმდინარე წლის ივნისშიც სრულ იზოლაციაშია დარჩენილი.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საქართველოს ამბები.

საქართველოს ამბები

თავში