ანდრიამ 5 თვეა საფეხბურთო პოზიცია იძულებით შეიცვალა და ამიტომ ყოფილი ფორვარდი სამეგობროს გუნდს ახლა სავარძლიდან მსაჯობს. სიარულის შეწყვეტასთან ერთად, ის სკოლაშიც ვეღარ დადის.
გასულ კვირას წარმოუდგენელი რამ მოხდა. ილიაუნის სტუდენტებმა დიუშენის ბავშვებისთვის მილიონ ცხრაასი ათასზე მეტი ლარი შეაგროვეს. ამ უპრეცედენტო ერთიანობამ პროპაგანდა წყობილებიდან გამოიყვანა. „წამალი არ ვარგა“ - 40 დღიანი კამპანია სახელისუფლებო არხებზე ახალი მესიჯით გაგრძელდა - თითქოს დიუშენის დიაგნოზის მქონე 100-მდე ბავშვს სახელმწიფო აქამდეც ყველა საჭიროებას უფინანსებდა.
მაშინ, რატომ ზის ანდრია ნათხოვარ ეტლში? რატომ მიუბრუნეს უკან ელექტროეტლის მოთხოვნა, როდესაც ბავშვს ხელებში ძალა აღარ აქვს? რატომ არ ჰყავს სპეცმასწავლებელი ან პირადი ასისტენტი? რატომ ვერ გაიარა სავალდებულო კვლევა უკვე წელიწადზე მეტია? რატომ ვერ დადის 10 წლის ბიჭი მეხუთე თვეა სკოლაში? ნახეთ, როგორ გამოიყურება ჩვენი დროის საქართველო ანდრიას ეტლიდან.
„ჩვენ ყოველდღე გვიწევს სიკვდილს თვალებში ჩავხედოთ და ამასთან ერთად ცხოვრება საშინელებაა. უკვე შიში მიპყრობს, რომ რაც წლები ემატება, ვუახლოვდებით იმ ნაბიჯებს, როცა შეიძლება ფატალურად დავასრულოთ სიცოცხლე“
ანდრია 2 ივნისს 11 წლის ხდება.