„მთის ამბები“ ითხოვს, სასამართლომ ბათილად ცნოს მთავრობის გადაწყვეტილება დოკუმენტების სრულად გასაიდუმლოების შესახებ და ეკონომიკის სამინისტროს დაავალოს, საზოგადოებას წარუდგინოს ყველა დოკუმენტი, რომელიც კრწანისის ტყე-პარკისა და გონიოში ჭოროხის დელტის ეკოლოგიურ მდგომარეობასა და მომავალს ეხება.
არაბულ საინვესტიციო კომპანია „Eagle Hills“-სა და მთავრობას შორის მიღწეული შეთანხმებით, თბილისსა და ბათუმში გიგანტური დეველოპერული პროექტების განხორციელება იგეგმება. საუბარია 876 ჰექტარ მიწაზე, მათ შორის კრწანისის უნიკალურ ჭალის ტყეზე, რომელიც დედაქალაქის ჰაერის აერაციის ერთადერთი არტერიაა და გონიოს „ზურმუხტის ქსელის“ დაცულ ტერიტორიაზე.
სარჩელის ავტორები - გელა მთივლიშვილი და ვლადიმერ ქუთათელაძე მიუთითებენ, რომ გარემოსდაცვითი ინფორმაციის გასაიდუმლოება კანონით კატეგორიულად აკრძალულია.
საქართველოს კანონმდებლობა და ორჰუსის კონვენცია პირდაპირ ადგენს, რომ ინფორმაცია, რომელიც ეხება ჰაერს, წყალს, ტყესა და ადამიანის ჯანმრთელობას, ვერ იქნება დახურული.
მაშინაც კი, თუ ხელშეკრულებები შეიცავს ფინანსურ დეტალებს, სამინისტრო ვალდებული იყო, დაეშტრიხა მხოლოდ საიდუმლო ნაწილი, ხოლო გარემოსდაცვითი ინფორმაცია საჯარო გაეხადა.
სარჩელი ეყრდნობა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლს, რომლის თანახმად, ყველას აქვს უფლება, ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი გარემოთი და დროულად მიიღოს სრული ინფორმაცია მისი მდგომარეობის შესახებ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 42-ე მუხლი პირდაპირ კრძალავს გარემოს შესახებ იმ ინფორმაციის გასაიდუმლოებას, რომელიც ადამიანების სიცოცხლესა თუ ჯანმრთელობას ეხება.
ორჰუსის კონვენციის 1-ელი მუხლი სახელმწიფოს ავალდებულებს, გარემოსდაცვით საკითხებზე საზოგადოებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გარანტია გასცეს. კონვენციის მე-6 და მე-8 მუხლები კი ხაზს უსვამს, რომ საზოგადოება პროცესებში ადრეულ ეტაპზევე უნდა ჩაერთოს და მათი აზრი ჯეროვნად იქნეს გათვალისწინებული.
სარჩელში გამოყენებულია უზენაესი სასამართლოს პრეცედენტული განმარტებებიც:
- „ინფორმაცია გარემოზე მოსალოდნელი ზემოქმედების შესახებ აღემატება ნებისმიერ კერძო კომერციულ ინტერესს.“
- „უზენაესი სასამართლო მიუთითებს, რომ ინფორმაციის ბლანკეტური დახურვა დაუშვებელია. მაშინაც კი, თუ დოკუმენტი შეიცავს კომერციულ საიდუმლოებას, უპირატესობა ენიჭება საჯარო ინტერესს.“
„Eagle Hills“ კრწანისის ტყე-პარკის 626 ჰექტარზე და გონიოს 250 ჰექტარზე მრავალფუნქციური კომპლექსების, მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების, ვილებისა და იახტ-კლუბების მშენებლობას გეგმავს. გარემოსდამცველების შეფასებით, მსგავსი ინტენსივობის განაშენიანება პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჭალის ტყის ბუნებრივ ბუფერებს, რაც თბილისისა და რუსთავის ისედაც დეფიციტური ეკოლოგიური ბალანსის რღვევას გამოიწვევს. ურბანული ჩარევა გამოიწვევს უნიკალური ჰაბიტატების დეგრადაციას და შეუქცევად ზიანს მიაყენებს ფრინველთა და ცხოველთა პოპულაციებს. პროექტის განხორციელება საზოგადოებას სამუდამოდ ართმევს უფლებას, ისარგებლოს ბოლო ხელუხლებელი სარეკრეაციო სივრცეებით.