საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

მე ვიქნები ის ადამიანი, ვინც ნამახვანჰესის პროექტს დააბრუნებს - ქვრივიშვილი

15:53 - 08 მარტი 2026 hits 12273
მარიამ ქვრივიშვილი
ახალი ამბები
მარიამ ქვრივიშვილი

მე ძალიან კარგად ვიცი იმ ჰესის შესახებ და მე ვიქნები ის ადამიანი, ვინც ამ ჰესის პროექტს დააბრუნებს“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, რომელიც დიდი ბრიტანეთის მიერ, რუსული დეზინფორმაციის გავრცელებისთვის არის სანქცირებული.

ქვრივიშვილმა მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრს, ლევან ლორთქიფანიძეს მიმართა: „თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ჩვენს საზოგადოებას ახსოვს, რომ აკრიტიკებდა უმნიშვნელოვანესი ჰესის მშენებლობას და იგივე ადამიანი დღეს გვაკრიტიკებს, რატომ არ არის ქვეყანაში იაფი ენერგორესურსები“.

ლორთქიფანიძემ ქვრივიშვილს პროექტის მართვის სტილი შეახსენა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ხალხს ინფორმაცია დაუმალა, პროტესტის ჩასახშობად კი ძალა გამოიყენა:

„ნამახვანჰესზე გააფორმეს ხელშეკრულება, არავის არაფერი უთხრეს, მოგვიანებით მოსახლეობამ პროტესტი რომ გამოთქვა, ორჯერ სპეცრაზმი მიაგზავნეს, ცემეს ხალხი, მერე გამოცხადდა იქ თქვენი კოლეგა, ნამდვილი დიფსთეითი ვინც არის, ქალბატონი თურნავა. ყველაფერი დაგეგმილი რომ ჰქონდათ, მერე დაუწყო ადამიანებს საუბარი ამ პროექტის ავზე და კარგზე. საკუთარ თავს მოსთხოვეთ პასუხი, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.

ნამახვანჰესის გარდა, ირაკლი კობახიძეს „ინტენსიური სამუშაოების დაწყება“ კიდევ ორ შეჩერებულ პროექტზე, ხუდონჰესსა და ნენსკრაჰესზე აქვს დაანონსებული. სამივე გიგანტური ჰესის მშენებლობა წლების წინ, ადგილობრივი მოსახლეობის მძაფრი წინააღმდეგობის გამო შეწყდა. კობახიძე პროექტების ჩავარდნას არასამთავრობო ორგანიზაციებს აბრალებს და ამტკიცებს, რომ „სტრატეგიული ენერგოპროექტების შეფერხებაში მთელი აგენტურა იყო ჩართული“.

ამ რიტორიკის ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ რეპრესიული კანონები მიიღო, რამაც არასამთავრობო ორგანიზაციები უკიდურესად დაასუსტა - ბევრმა მათგანმა ფუნქციონირება საერთოდ შეწყვიტა.

ნამახვანი ჰესების კასკადი მდინარე რიონზე, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში უნდა აშენებულიყო. პროექტი ორ ჰესს მოიცავდა (ზემო ნამახვანი – 100 მგვტ და ქვემო ნამახვანი – 333 მგვტ). ჯამური სიმძლავრე 433 მგვტ უნდა ყოფილიყო. მშენებლობას თურქული კომპანია „ენკა“ (Enka Renewables) აწარმოებდა.

ადგილობრივი მოსახლეობის უწყვეტი პროტესტი, რომელიც მოგვიანებით მასშტაბურ მოძრაობაში გადაიზარდა, 600 დღე გრძელდებოდა. აქტივისტები თავდაპირველად კარვებში სოფელ ნამოხვანში, მოგვიანებით კი გუმათში იყვნენ დაბანაკებულნი. პროტესტის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი იყო ის, რომ მშენებლობა დაიწყო სრულყოფილი გეოლოგიური, სეისმური და გარემოსდაცვითი კვლევების გარეშე.

განსაკუთრებული რეზონანსი მოჰყვა „მთის ამბების“ მიერ მოპოვებულ და გასაჯაროებულ იუსტიციის სამინისტროს სკანდალურ დასკვნას.

დოკუმენტი, რომელიც მანამდე გასაიდუმლოებული იყო, ადასტურებდა, რომ სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება იყო კაბალური;

კონტრაქტი შეიცავდა რისკებს, რომ სახელმწიფო პრაქტიკულად უსასყიდლოდ გადასცემდა კომპანიას უზარმაზარ მიწის რესურსს; სახელმწიფო იღებდა ვალდებულებას, ათწლეულების განმავლობაში გარანტირებულად შეესყიდა ელექტროენერგია მაღალ ფასში; ხელშეკრულების ნებისმიერი მიზეზით შეწყვეტის შემთხვევაში, ფინანსური პასუხისმგებლობა და კომპენსაციის გადახდა სრულად და უპირობოდ სახელმწიფოს ეკისრებოდა, რაც ბიუჯეტისთვის მძიმე ტვირთს წარმოადგენდა.

წინააღმდეგობისა და ექსპერტული კრიტიკის ფონზე, 2021 წლის სექტემბერში კომპანია „ენკამ“ ცალმხრივად გაწყვიტა საქართველოს მთავრობასთან დადებული ხელშეკრულება და პროექტი დატოვა. კომპანიამ ქვეყნიდან გასვლის მიზეზად ხელშეკრულების პირობების დარღვევა და ფორსმაჟორული გარემოებები დაასახელა.

„ენკამ“ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში იჩივლა. საქართველოს 400 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა. ამ გადაწყვეტილების აღსრულება პარიზის სააპელაციო სასამართლომ შეაჩერა. საქართველოს მთავრობა ამტკიცებდა, რომ 400 მილიონი დოლარი სახელმწიფო ბიუჯეტისთვის კრიტიკული ტვირთია - ეს თანხა თავდაცვის წლიური ბიუჯეტის 60%-ს შეადგენს და 2.5-ჯერ აღემატება იუსტიციის სამინისტროს წლიურ ასიგნებებს. სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ მასშტაბის თანხის დაუყოვნებლივი ამოღება სახელმწიფო ფუნქციების შესრულებას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნიდა.

ამ თემაზე ნახეთ - ენერგოდამოუკიდებლობის ბლეფი - ინტერვიუ დავით ჭიპაშვილთან

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საქართველოს ამბები.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში