სარალიძეს და ნეფარიძეს „ჯორჯიან მანგანეზის“ ერთ-ერთი მაღაროს დირექტორზე ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას, გველესიანსა და ჭუმბურიძეს კი ამ „ორგანიზებულ ძალადობაში“ მონაწილეობას ედავებოდნენ.
ბოლო საპროტესტო ტალღა ჭიათურაში ზუსტად 1 წლის წინ, 2025 წლის თებერვალში დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ჯორჯიან მანგანეზმა“ მაღაროები გააჩერა და ათასობით ადამიანი უმუშევრად დატოვა. ამ საპროტესტო კერის მიღმა, ჭიათურაში დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა შუქრუთელების პროტესტიც. მათ მანგანუმის მოპოვებამ სახლები დაუნგრია, ადეკვატურ კომპენსაციას კი ვერა და ვერ მიაღწიეს.
განაჩენმა ჭიათურაში პროტესტის კერა დროებით ჩააქრო, თუმცა ბრძოლა მსჯავრდებულთა ოჯახებში გრძელდება.
„ჩემმა შვილმა მინდა დამაყაროს მიწა“ - ოჯახების მონათხრობი
ლია ნეფარიძე, გიორგი ნეფარიძის დედა: „ჩემი შვილი სიმართლისთვის ისჯება. სოფელს გვინგრევენ, სახლები დაგვიბზარეს, მიწა დაგვიყადაღეს. პარლამენტთან 42 დღე შიმშილობდნენ წვიმაში და ცელოფნის გადაფარებასაც კი უშლიდნენ. ახლა, როცა გიორგი ციხეშია, ერთი მტკაველი მიწა არ მაქვს, რომ ბანკში ჩავდო და შვილს მივხედო. ყველაფერი დაყადაღებული აქვთ კომპანიის მოთხოვნით.
ერთადერთი იმედი სტრასბურგია. იქნება დავხვდეთ და ჩავაბარო ეს დანგრეული სახლ-კარი. ჩემმა გიორგიმ მინდა დამაყაროს მიწა“.
ჟანა გოგატიშვილი, მერაბ სარალიძის მეუღლე: „ჩემი შვილები ყოველდღე მამას კითხულობენ. ლიზის ჯანმრთელობის პრობლემები გაურთულდა. მერაბი მძიმე პირობებში მუშაობდა, გვირაბგამყვანი იყო, არაერთხელ მიიღო ტრავმა... ეს ყველაფერი იმიტომ მოუწყვეს, რომ აქციები შეწყვეტილიყო და ხალხი გაჩუმებულიყო. ნამდვილად არ ველოდი 6 წელსა და 3 თვეს - კაცისმკვლელებს არ უსჯიან ამდენს.“
თეკლა დათუნაშვილი, თენგიზ გველესიანის მეუღლე: „ველოდებოდით, რომ ბავშვის დაბადებისთვის გამოუშვებდნენ, მაგრამ ერთი თვის იყო ჩვილი, მამას პირველად ციხეში რომ ვანახე. თენგო საერთოდ არ იმყოფებოდა იმ ადგილას, სადაც ინციდენტი მოხდა. ის მაღაროელიც კი არ იყო, უბრალოდ გვერდით ედგა ხალხს, რადგან უკეთეს ქალაქში ცხოვრება უნდოდა. ვერ გააჩუმეს და საქმე ცრუ ჩვენებებით შეუკერეს.“
ნინო ჭუმბურიძე, არჩილ ჭუმბურიძის მეუღლე: „17 წელი იმუშავა აჩიკომ „ჯორჯიან მანგანეზში“. სულ მაღაროელების გვერდით იდგა და სწორედ ამიტომ მიაწერეს ეს ძალადობა. ამით გარეთ ხალხი დააშინეს, ახლა ყველა თავჩაღუნული დადის, სოლიდარობის გამოცხადებისაც კი ეშინიათ.
მინდა, ვკითხო ე.წ. დაზარალებულს და ცრუ მოწმეებს: სინდისი არ გაწუხებთ, როგორ გძინავთ, როცა შვილებს უდანაშაულო მამა წაართვით?“
შუქრუთის პროტესტი
შუქრუთელების მრავალწლიანი დავა „ჯორჯიან მანგანეზთან“ 2024 წელს უკიდურესად გამწვავდა. მიზეზი კომპანიის მიერ 2021 წლის შეთანხმების დარღვევა და სოფლის ფიზიკური განადგურება გახდა - მანგანუმის მოპოვებამ სახლები დაანგრია, სოფლის შუაგულში კი ორკილომეტრიანი ნაპრალი გაჩნდა. პროტესტის ტალღა მეზობელ სოფელ ითხვისში დატრიალებულმა კატასტროფამაც გაამძაფრა. იქ მიწის ჩაქცევის შედეგად რამდენიმე სახლი მთლიანად დაინგრა, ათობით საცხოვრებელი კი ავარიულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
რეპრესიების ქრონიკა
პროტესტის განახლებისთანავე „ჯორჯიან მანგანეზმა“ აქციის მონაწილეები „რადიკალურ ჯგუფად“ მოიხსენია და პოლიციაში უჩივლა. კომპანია მათ მაღაროს განიავების სისტემის გათიშვას ედავებოდა, რასაც, მათი მტკიცებით, დასაქმებულთა ჯანმრთელობისთვის საფრთხე უნდა შეექმნა. პროტესტის მონაწილეები ბრალდებას უარყოფდნენ და აცხადებდნენ, რომ სისტემის გათიშვის მომენტში მაღაროში არავინ იმყოფებოდა.
პოლიციაში ჩივილის პარალელურად, შუქრუთის პროტესტის მონაწილე ყველა ის პირი, ვინც „ჯორჯიან მანგანეზში“ ან მის მიერ დაფუძნებულ და კონტრაქტორ კომპანიებში მუშაობდა, სამსახურიდან დაითხოვეს.
პროტესტის აკრძალვის მოთხოვნა
2024 წლის 21 მაისს დავა კიდევ უფრო გამწვავდა. შპს „მაღაროელმა“ („ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორმა) საჩხერის რაიონულ სასამართლოს მიმართა. სარჩელი 14 პირის წინააღმდეგ იყო მიმართული (რომელთაგან ორი იმ დროისთვის გარდაცვლილი აღმოჩნდა).
კომპანია სასამართლოსგან არა მხოლოდ პროტესტის აკრძალვას, არამედ პრეცედენტულ შეზღუდვებს ითხოვდა:
- მოსახლეობას ხელი არ უნდა შეეშალა კომპანიისთვის, თუ ის მუშაობას მათი სახლების ქვეშ გააგრძელებდა;
- „პირველი მოთხოვნისთანავე“, ოთხი წლის ვადით, აქციის მონაწილეებს კერძო საკუთრებაში არსებული სახლები და მიწები უნდა ჩამორთმეოდათ და კომპანიას გადასცემოდა წიაღის მოსაპოვებლად;
- მესაკუთრეებს საკუთარი ხარჯით უნდა დაენგრიათ და გაესუფთავებინათ ნაკვეთები მათზე მდგარი ნაგებობებისგან, რათა კომპანიას იქ მანგანუმი შეუფერხებლად მოეპოვებინა.
საჩხერის რაიონულმა სასამართლომ შუქრუთის მცხოვრებლებს მაღაროებთან პროტესტი აუკრძალა და გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიაქცია, თუმცა აქცია არ შეწყვეტილა.
სისხლისსამართლებრივი დევნა
31 ივლისს, პროკურატურამ პროტესტის სამი ორგანიზატორი - გიორგი ნეფარიძე, რომან მეგრელიშვილი და მალხაზ ლაბაძე პასუხისგებაში მისცა. მათ ბრალი დასდეს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებით საწარმოს მუშაობის შეფერხებაში (სსკ-ის 226-ე მუხლი). საჩხერის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით 1000-1000 ლარიანი გირაო შეუფარდა.
ფინანსური წნეხი: 5.5 მილიონი ლარი და დაყადაღებული ქონება
8 აგვისტოს, შპს „მაღაროელმა“ სასამართლოში მეორე სარჩელი შეიტანა, რომლითაც 20 პირისგან, მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოტივით, 5.5 მილიონი ლარი მოითხოვა.
მოპასუხეთა სიაში არა მხოლოდ აქტივისტები, არამედ მათი ის ოჯახის წევრები და ახლო ნათესავებიც მოხვდნენ, რომლებიც პროტესტში უშუალოდ არ მონაწილეობდნენ. მოსამართლე ივანე ყიფიანმა ოცივე პირის ქონება დააყადაღა.
20 აგვისტოსთვის მოპასუხეთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა, რის შემდეგაც სასამართლომ მათ უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვაც აუკრძალა.
ჭორვილადან თბილისამდე
24 აგვისტოს შუქრუთელებმა პროტესტის ადგილი შეიცვალეს და ბიძინა ივანიშვილის მშობლიურ სოფელში, ჭორვილაში სცადეს შესვლა. თუმცა, სოფლის შესასვლელები პოლიციის მიერ ბლოკირებული იყო. აქციის მონაწილეებს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მობილიზებული ჯგუფები დახვდნენ. პოლიცია სათითაოდ ამოწმებდა ყველა ავტომობილს. სამართალდამცველების თვალწინ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „TV პირველის“ ოპერატორს, სხვა კრიტიკულ მედიასაშუალებებს კი პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეეშალათ.
პროტესტის უკიდურესი ფორმა: ამოკერილი პირი
ჭორვილაში ჩაშლილი აქციის შემდეგ, 2 სექტემბერს, პროტესტმა კიდევ უფრო მძიმე ხასიათი მიიღო. სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებმა უკიდურეს ზომას მიმართეს - აქციის სამმა მონაწილემ პირი ამოიკერა, ოთხმა კი უვადო შიმშილობა დაიწყო.
ბრძოლა ღია ცის ქვეშ პარლამენტთან
11 სექტემბერს პროტესტმა დედაქალაქში, პარლამენტის შენობის წინ გადაინაცვლა. იქ აქციის მონაწილეები სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან ახალი ტიპის წინააღმდეგობას წააწყდნენ.
პოლიციამ მათ არა მხოლოდ კარვის დადგმა, არამედ ბეტონზე დასაფენი ძირსაგებებისა და თბილი ტანსაცმლის შეტანაც კი აუკრძალა.
შუქრუთელებმა პოლიციის უკანონო აკრძალვა სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა კარვის დადგმის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ამ გადაწყვეტილებით მოსამართლემ შეცვალა მანამდე დამკვიდრებული პრაქტიკა შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებასთან დაკავშირებით. აქტივისტები იძულებულნი გახდნენ, შიმშილობა ღია ცის ქვეშ გაეგრძელებინათ.
შეტევა პროპაგანდისტული მედიით
პროტესტის თბილისში გადმოტანის შემდეგ, „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“ აქტიური დისკრედიტაციის კამპანია დაიწყო. პროსამთავრობო მედიასაშუალებებით გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს აქციის მონაწილეებს კომპენსაციები სრულად ჰქონდათ მიღებული და ისინი კომპანიის „დაშანტაჟებას“ ცდილობდნენ.
კომპანიის მიერ კანონის დარღვევით გავრცელებული დოკუმენტების მიღმა განსხვავებული რეალობა იკვეთებოდა:
- 18 ოჯახს 33-დან არცერთი თეთრი არ მიუღია;
- უმრავლესობას მხოლოდ მიზერული თანხა ჰქონდა ჩარიცხული;
- მხოლოდ 6 პირს ჰქონდა მიღებული შედარებით სოლიდური ავანსი;
საბოლოო ანაზღაურება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაზე იყო დამოკიდებული, თუმცა კომპანიას ექსპერტიზა არ ჩაუტარებია.
საინფორმაციო შეტევას თან ახლდა ორკესტრირებული ბულინგი სოციალურ ქსელებში, სადაც დაზარალებულებს „გაუმაძღრებს“ და „რადიკალებს“ უწოდებდნენ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა კომპანია საბანკო ინფორმაციის უკანონო გავრცელებისთვის 6000 ლარით დააჯარიმა, თუმცა გადაწყვეტილება არ აღსრულებულა.
ქალების შიმშილობა და ბრალის დამძიმება
29 სექტემბერს, პარლამენტის წინ შიმშილობა დაიწყეს შუქრუთელმა ქალებმაც - ვერა კუპატაძემ, ეთერი გაფრინდაშვილმა, ასმათ ნეფარიძემ და დალი კუპატაძემ.
სახელმწიფო რეპრესიული აპარატი კიდევ უფრო გააქტიურდა - მას შემდეგ, რაც აქტივისტებმა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აქცია დააანონსეს, მომდევნო დღესვე, ერთ-ერთ ორგანიზატორს, გიორგი ნეფარიძეს, პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა.
ხელისუფლების რეაქცია
პარლამენტის წინ 32-დღიანი უწყვეტი შიმშილობის შემდეგ, პრემიერ-მინისტრი შუქრუთელების პროტესტს პირველად გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძის პირველი საჯარო კომენტარი კომპანიის ნარატივის იდენტური აღმოჩნდა: პრემიერმა განაცხადა, რომ აქციის მონაწილეებს კომპენსაციები უკვე მიღებული ჰქონდათ, თავად პროტესტი კი „წინასაარჩევნო პროცესებს“ დაუკავშირა.
ფასადური მოლაპარაკებები
13 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც მოშიმშილეებთან დეპუტატი რატი იონათამიშვილი მივიდა და „ჯორჯიან მანგანეზთან“ შუამავლობა აღუთქვა, შუქრუთელებმა პროტესტის უკიდურესი ფორმა შეწყვიტეს. 43-დღიანი შიმშილობის შემდეგ, აქტივისტების ნაწილს გადაუდებელი სამედიცინო რეაბილიტაცია დასჭირდა. დაპირების მიუხედავად მედიაცია უშედეგოდ დასრულდა. 24 ოქტომბერს პროტესტის მონაწილეები თბილისიდან ჭიათურაში დაბრუნდნენ, არჩევნების დასრულებისთანავე კი მათთან ყოველგვარი კომუნიკაცია გაწყდა.
მაღაროების გაჩერება
1-ელი ნოემბრიდან ჭიათურაში კრიზისი ახალ ფაზაში შევიდა - „ჯორჯიან მანგანეზმა“ ყველა მაღაროსა და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მუშაობა შეაჩერა. კომპანიამ ამის მიზეზად შუქრუთელების პროტესტით გამოწვეული „ფინანსური კრიზისი“ და მსოფლიო ბაზარზე ფასების კლება დაასახელა. 5000-მდე დასაქმებულს ხელფასის 60%-ის შენარჩუნება შესთავაზეს, რაც მაღაროელებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, განსაკუთრებით საბანკო ვალდებულებების ფონზე. კომპანიამ ე.წ. „სპეციალური რეჟიმი“ 2025 წლის მარტამდე გამოაცხადა, რამაც რეგიონში სოციალური მუხტი კიდევ უფრო გაამწვავა.
„გაკოტრება“ და რუსული მენეჯმენტი
2025 წლის დასაწყისში „ჯორჯიან მანგანეზმა“ უარი თქვა დაპირებული 60%-იანი ხელფასის გადახდაზე, რამაც მაღაროელების მასშტაბური გამოსვლები გამოიწვია. მათი მოთხოვნა რადიკალურად შეიცვალა - ლიცენზიის ჩამორთმევა ინვესტორისთვის და საწარმოს სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლა.
მიწისქვეშა სამუშაოების „დასასრული“
მარტის დასაწყისში კომპანიამ განაცხადა, რომ მიწისქვეშა მოპოვება აღარასოდეს განახლდებოდა, რასაც გერმანული კომპანია DMT-ის დასკვნით ასაბუთებდა. თუმცა, პარალელურად, კომპანია წიაღის მოპოვებას ღია კარიერული წესით მაინც აგრძელებდა.
გაკოტრების პროცესი
14 მარტს CMC-მ და მასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა სასამართლოს გაკოტრების საქმის დაწყების მოთხოვნით მიმართეს, რაც ბუნდოვანს ხდიდა დასაქმებულთა მომავალს.
რეორგანიზაცია და რუსი ხელმძღვანელი
აპრილში, სამმხრივი კომისიის ფარგლებში, მიღწეულ იქნა შეთანხმება წარმოების აღდგენაზე, თუმცა „სრული რეორგანიზაციის“ პირობით. ამ პროცესის ხელმძღვანელად რუსეთის მოქალაქე, მიხეილ სოცკი დაინიშნა.
მასობრივი დათხოვნის ულტიმატუმი
24 აპრილს, კომპანიამ მაღაროელებს შესთავაზა დოკუმენტი, რომელზე ხელმოწერაც სავალდებულო იყო. ეს დოკუმენტი თანამშრომლებს რეორგანიზაციისა და მასობრივი დათხოვნის პროცესში მონაწილეობაზე თანხმობას ავალდებულებდა, რათა მათი კანდიდატურა ახალ სტრუქტურაში საერთოდ განხილულიყო.
დაკავებები
კრიზისმა კულმინაციას 2025 წლის 28 აპრილს მიაღწია, როდესაც პოლიციამ დააკავა მაღაროელების საპროტესტო გამოსვლების ოთხი მონაწილე - მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, არჩილ ჭუმბურიძე და თენგიზ გველესიანი. თავდაპირველად მათ მაღაროს დირექტორის, თენგიზ კობერიძის ჯანმრთელობის დაზიანებას ედავებოდნენ, თუმცა ბრალდება მალევე დამძიმდა. სარალიძესა და ნეფარიძეს ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის (სსკ-ის 225-ე მუხლი) წაუყენეს. ჭუმბურიძესა და გველესიანს - იმავე ძალადობაში მონაწილეობისთვის. სასამართლომ ოთხივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მასობრივი დათხოვნა
პარალელურად, კომპანიამ საბოლოოდ გაწყვიტა კავშირი პროტესტის სხვა მონაწილეებთანაც. ფორმალური მიზეზით - „ვისთანაც ვერ მოხერხდა შრომითი ურთიერთობის გაგრძელება“, მაღაროელები სამსახურიდან დაითხოვეს და მხოლოდ ერთთვიანი კომპენსაცია შესთავაზეს.
მაისში კომპანიამ მიწისქვეშა მოპოვება ეტაპობრივად განაახლა.
მაისი-ივლისის პერიოდში სასამართლომ შუქრუთის პროტესტის სხვა მონაწილეების (მეგრელიშვილი, ლაბაძე და სხვები) გათავისუფლება უკანონოდ ცნო, თუმცა, ამ გადაწყვეტილებას პროცესების საერთო ფონი არ შეუცვლია.