საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

სასამართლომ ხუთი მაღაროელის სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოდ ცნო

11:03 - 02 ივნისი 2025 hits 3251

საჩხერის რაიონულმა სასამართლომ უკანონოდ ცნო „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი კომპანიებიდან - შპს „მაღაროელიდან“ და „ჯმ ტექნიკასერვისიდან“ შუქრუთის პროტესტის მონაწილეების - რომან მეგრელიშვილის, მალხაზ ლაბაძის, გიორგი ცარციძის, გიორგი ბიწაძის და ჯუმბერ ცუცქირიძის გათავისუფლება. მათ უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ადვოკატირების ცენტრის“ იურისტი ვლადიმერ ქუთათელაძე იცავდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, კომპანიებს დაევალათ გათავისუფლებული თანამშრომლების სასარგებლოდ იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ასევე, მიუღებელი ხელფასისა და კომპენსაციის გადახდა.

რომან მეგრელიშვილი და მალხაზ ლაბაძე შპს „მაღაროელში“ 2022 წლიდან მუშაობდნენ, მეგრელიშვილი მებიგის, ხოლო ლაბაძე რკინიგზელის პოზიციაზე. ისინი სამსახურიდან 2024 წლის 2 სექტემბერს დაითხოვეს „კომპანიის სამუშაო პროცესის შეფერხებისა და ზიანის მიყენებისკენ მიმართული ქმედებების“ მიზეზით.

2 სექტემბერს გაათავისუფლეს გიორგი ბიწაძეც, რომელიც შპს „ჯმ-ტექნიკასერვისში“ მტვირთავის ოპერატორად მუშაობდა. ბიწაძემ მხოლოდ გათავისუფლების შემდეგ შეიტყო, რომ მანამდე მისთვის საყვედურიც ჰქონდათ გამოცხადებული - არასამუშაო დროს პროტესტში მონაწილეობისთვის, თითქოს ამით ხელი შეუშალა შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობას.

გიორგი ცარციძე შპს „მაღაროელში“ 2020 წლიდან იყო დასაქმებული, ჯერ სამთო მუშად, მერე მიწისქვეშა ცვლის უფროსად. სამსახურიდან 2024 წლის 5 სექტემბერს დაითხოვეს.

ჯუმბერ ცუცქირიძეც შპს „ჯმ-ტექნიკასერვისის“ თანამშრომელი იყო - ექსკავატორის ოპერატორი. სამსახურიდან 2024 წლის 19 ივნისს გაათავისუფლეს. მას სამსახურიდან 4 საათით ადრე წასვლას ედავებოდნენ.

სინამდვილეში, ხუთივე მაღაროელი შუქრუთის პროტესტში აქტიურად მონაწილეობდა და სამსახურიდან ამიტომ გაათავისუფლეს. შუქრუთის მცხოვრებლები, ჭიათურაში, კოროხნალის და შუქრუთის მაღაროებთან უწყვეტ საპროტესტო აქციას, გასული წლის 13 მარტიდან მართავენ. მიწისქვეშა მოპოვების გამო მათი საცხოვრებელი სახლები ინგრევა, „ჯორჯიან მანგანეზი“ კი, რომელიც ლიცენზიას ფლობს, დაზარალებული მოსახლეობის უმეტეს ნაწილს კომპენსაციას არ უხდის. პროტესტი გამო ორივე მაღარო პარალიზებული იყო 13 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში. პოლიციის ძალით მაღაროები მხოლოდ მას შემდეგ გახსნეს, რაც 29 აპრილს შუქრუთის პროტესტის ორგანიზატორი გიორგი ნეფარიძე დააკავეს შუქრუთის მაღაროს დირექტორზე თავდასხმის ორგანიზების ბრალდებით. ნეფარიძე ბრალს არ აღიარებს. მასთან ერთად, თავდასხმის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, დაკავებულია ჭიათურაში მაღაროელების პროტესტის კიდევ სამი მონაწილე - მერაბ სარალიძე, არჩილ ჭუმბურიძე და თენგიზ გველესიანი.

ჭიათურაში მაღაროელები საპროტესტო აქციებს მართავენ 2025 წლის მარტიდან, როცა „ჯორჯიან მანგანეზმა“ 3500 მაღაროელი სამსახურიდან ერთდროულად დაითხოვა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში