საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

გამოფხიზლება ყაზბეგიდან - ხალხი ბუნებრივი რესურსების მართვის უფლების დაბრუნებას ითხოვს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

20:16 - 06 სექტემბერი 2024 hits 23451

შენთვის რაი მნიშვნელობა აქვს, ყაზბეგის წყალი ვის საკუთრებაში იქნება?

- აქვს. ყაზბეგის წყალი უნდა იყოს ყაზბეგის საკუთრება!

- რაისთვის?

- იმისთვის. რაისთვის არ უნდა იყოს? შენთვის რომ არ აქვს მნიშვნელობა, ჩემთვის აქვს და ჩემი შვილებისთვის.

ეს ფრაგმენტია ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, თავმჯდომარესა და აქტიურ მოქალაქე თემურ ქირიკაშვილს შორის გამართული ხმაურიანი დიალოგიდან. 1000-ზე მეტმა ადგილობრივმა მოაწერა ხელი პეტიციას, რომლითაც ყაზბეგის საკრებულოსგან ითხოვენ, დაბა სტეფანწმინდის და სოფელ გერგეტის წყალმომარაგების სისტემა საკუთრებაში და სამართავადაც ცენტრალური ხელისუფლებიდან მუნიციპალიტეტს დაუბრუნდეს.

საკრებულო მთავრობაში წერილსაც ვერ აგზავნის. მოხევეები ამიტომაც მივიდნენ სხდომაზე და დეპუტატებს პასუხი სათითაოდ მოსთხოვეს.

„მერიის პოზიცია თქვენთვის ხომ ცნობილია? მისაღები რომ არაა, მე როგორ დავაძალო მერიას. შეძლებს 25 მილიონიანი პროექტის გაკეთებას“, - „ქართული ოცნებიდან“ ყაზბეგის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით ქირიკაშვილს ამ კითხვებზე პეტიციის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ვასო თექთურმანიძემ უთხრა, რომ

„უნდა შაძლას! თუ არ შაუძლია, დაიხურან ქუდები და წავიდნენ. ვისაც შაუძლია, ის მოვა“.

„ყაზბეგის მერიას არ აქვს უარყოფითი დამოკიდებულება, გათვალისწინებული იქნეს მოსახლეობის მოთხოვნა არსებული ქონების მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადმოცემაზე, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ მერიას არ გააჩნია წყლის ლიცენზია, არ აქვს ბილინგის სისტემა და სპეციალური სამსახური, რომელიც აწარმოებს აღრიცხვა-რეალიზაციას, ასევე, არ გააჩნია რეაბილიტაციისთვის საჭირო რესურსი. აქვე გაცნობებთ, რომ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას გამოცხადებული აქვს ტენდერი სათავე ნაგებობის და სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგებისთვის საჭირო სამუშაოებზე“, - ყაზბეგის მერმა ბაკურ ავსაჯანიშვილმა ხალხს არა, მაგრამ გუბერნატორის ადმინისტრაციას უპასუხა. მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა კი მერის ამ წერილზე დაყრდნობით მთავრობის ადმინისტრაციას აცნობა, რომ მიზანშეწონილად არ მიაჩნია დაბა სტეფანწმინდის და სოფელ გერგეტის წყალმომარაგების სისტემის ყაზბეგის მუნიციპალიტეტისთვის სამართავად გადაცემა.

ადგილობრივი მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსების, მათ შორის, წყლის, ტყის, მიწის მართვა, თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლით, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებაა. 

მაგრამ, მთელი საქართველოს მასშტაბით, ძირითადად, ქალაქებისა და დაბების წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელით მომსახურებას შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ახორციელებს. გამონაკლისი მხოლოდ ქალაქი თბილისი, მცხეთა, რუსთავი, გარდაბნის მუნიციპალიტეტი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა. წყალმომარაგების კომპანია 2010 წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დააფუძნა და 100% წილის მფლობელი სახელმწიფოა. მანამდე წყალმომარაგების სისტემებს მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული ორგანიზაციები მართავდნენ.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში დაბა სტეფანწმინდისა და გერგეტის გარდა, კიდევ 19 სოფელია,.ცალკეა სამთო-სათხილამურო კურორტი გუდაური. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას ხევიდან მხოლოდ გუდაურის, დაბა სტეფანწმინდისა და გერგეტის წყალმომარაგება აქვს წაღებული. ყაზბეგის მაგალითზე, სასტუმროები, კვების თუ სხვა ტურისტული ობიექტები, სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციების ოფისები სწორედ ამ სამ დასახლებაშია თავმოყრილი. დანარჩენი სოფლები, სადაც არც ეკონომიკაა განვითარებული და ხალხიც ნაკლებად გადამხდელუნარიანია, ყაზბეგს დაუტოვეს. ასეა სხვა რეგიონებშიც.

2022 წლის დოკუმენტის თანახმად, დაბა სტეფანწმინდის და გერგეტის წყალმომარაგების ქსელი, რომელიც 60-70-იან წლებში გააკეთეს, თითქმის სრულად ამორტიზებული იყო. იმ პერიოდისთვის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას, დაბა სტეფანწმინდაში ჰყავდა 19 გამრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო და 66 იურიდიული აბონენტი. დანარჩენი მოსახლეობა გაუმრიცხველიანებელია. წყალმომარაგების სისტემის პროექტირებისთვის 3,3 მილიონი ლარი გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (KFW) გამოყო. იგივე ბანკმა ითავა 25 მილიონის გამოყოფაც დაბა სტეფანწმინდისა და გერგეტის წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაციითვის. პროექტი ამჟამად ხორციელდება და ყველა მომხმარებლის გამრიცხველიანებას ითვალისწინებს.

წყალმომარაგების სისტემის მართვის უფლების დაბრუნების მოთხოვნას რამდენიმე მიზეზი აქვს:

დავით გიგაური, ადგილობრივი მკვიდრი - „გვიმტკიცებენ, რომ ადგილობრივი ვერ მოუვლის და ცენტრალიზებული მოუვლის. სათავე ნაგებობა რომ დაზიანდება, როდის მოიცლის გორის ფილიალი, როდის ჩამოვლენ, როდის ნახავენ ტრაქტორს, როდის გააფორმებენ ხელშეკრულებას და მერე როდის გააკეთებენ. ამასობაში 2 კვირა ვართ წყლის გარეშე. როცა შეიძლება რომ ადგილზე იყოს ეს ყველაფერი და პრობლემა მაშინვე მოგვარდეს. ახლა მილი რომ გასკდება, იმის უფლებაც არ გვაქვს, რომ მივხედოთ, სხვისი ქონებაა და ნუ ეხებითო“.

დათო წიკლაური, ადგილობრივი მკვიდრი - „ვერ მოუვლითო. რატომ ვერ მოვუვლით? თუ ადგილობრივი ხელისუფლება წყალს ვერ მოუვლის, მაშინ რას უნდა მოუაროს?“

ილია კაზალიკაშვილი, ადგილობრივი მკვიდრი - „წყალმომარაგების ცენტრალიზებული მართვა არაეფექტურია. არ ხდება ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების დანახვა და რეაგირება. ადგილობრივი თვითმმართველობა რომ მართავდეს, ანგარიშვალდებულება უფრო პირდაპირია.

რა ტვირთის აღებაც შეუძლია თვითმმართველობას, ის ტვირთი უნდა იკისროს. ახლა ხევის მოსახლეობას წართმეული აქვს წყლის, როგორც ადგილობრივი რესურსის მართვის უფლება“.

ვასო თექთურმანიძე, ადგილობრივი მკვიდრი - „ტურისტს აბრალებენ, წყალი ამიტომ აღარ გყოფნითო. არაა ეგრე. სახლებში ახლაღა შევიყვანეთ წყალი, ონკანი ყველას ეზოში გვქონდა. ზამთარში რომ არ გაეყინა, მოშვებული იყო. დაკეტავდი, გაყინავდა და უწყლოდ დარჩებოდი. თითქმის ყველა ოჯახს სათბურები გვქონდა. ძალიან ბევრი წყალი უნდა სათბურს, რომ მორწყა. მაშინ 24 საათი იყო წყალი, გვყოფნიდა და ახლა აღარ არის საკმარისი?

სადაც შეიძლება რომ ამ წყლით ფული ამოეღოთ, თავი ერთ კომპანიაში მოუყარეს, რომ მერე გაეყიდათ, როგორც სინათლის ქსელი გაყიდეს, გაზის. წინა ხელისუფლებამ ეგ ვეღარ მოასწრო. ეს მთავრობა იმ პირობით მოვიდა, რომ წართმეულ ქონებას დაგვიბრუნებდა. დაგვიბრუნონ ჩვენი წყალი, სხვისას კი არ ვითხოვთ რამეს.

გადმოგვეცი და ჩვენ მოვუვლით. სამსახური შეიქმნება და მიხედავს. თუ გამრიცხველიანება იქნება, გადავიხდით და რაიონის ბიუჯეტში შევიდეს. მაგრამ, ვიღაცას ხარკი ვუხადოთ, მაგის წინააღმდეგი ვართ. სად გაყიდიან და ვის მიყიდიან წყალს, რატომ? ჩვენი წყალი, ხარჯიც არ აქვთ, ბუნებრივად, თავისი ნებით მოდის მთიდან“.

„ადგილობრივი მნიშვნელობის პრობლემები უნდა გადაწყვიტოს თვითმმართველობამ. ეს არის ძირითადი მოტივაცია“, - ადგილობრივი მკვიდრი და სამოქალაქო აქტივისტი შოთა ბუჩუკური მიიჩნევს, რომ მერის წერილში ჩამოთვლილი მიზეზები, რომ არ აქვთ წყლის ლიცენზია, აღრიცხვის სისტემა და ა.შ., ტექნიკური საკითხებია და მათი გადაწყვეტა მოკლე დროში შეიძლება, თუ პოლიტიკური ნება იქნება.

„ვიდრე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითადი შემოსავლები არ იქნება ადგილიდან და გადაწყვეტილებების მიღება არ მოხდება ადგილზე, ვერც რეგიონები და შესაბამისად, ვერც ქვეყანა წინ ვერ წავა და ვერ განვითარდება. არ შეიძლება 21-ე საუკუნეში ცენტრალიზებულად მართავდე ქვეყანას და რომელიმე სოფელს წყალთან დაკავშირებული პრობლემა რომ აქვს, თბილისში მიიღო გადაწყვეტილებები“.

მოხევეების პეტიცია სულ მცირე ბოლო 20 წელში ერთადერთი პრეცედენტია, როცა ხალხი ცენტრალური ხელისუფლების მიერ თვითმმართველობისთვის წართმეული უფლების დაბრუნებას ითხოვს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში