საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ჭუბერის გადასახვევთან მოსახლეობამ სვანეთის გზა გადაკეტა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

15:25 - 02 სექტემბერი 2024 hits 999

ზემო სვანეთში, სოფელ ჭუბერის გადასახვევთან მოსახლეობამ ზუგდიდი-მესტიის საავტომობილო გზა გადაკეტა. ჭუბერის მოსახლეობა სოფლებამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციას ითხოვს.

ჭუბერის სოფლებისკენ გზა მდინარე ნენსკრას მიუყვება, ვიწროა, გრუნტის, ორმოებითაა სავსე, არ აქვს გვერდულები და ხრეშზე მოცურების შემთხვევაში, მდინარეში გადავარდნის დიდი საფრთხეა.

„ისეთ გზას ვითხოვთ, რომ სოფელში დარჩენა და ცხოვრება ღირდეს. 21-ე საუკუნეში გზა აღარ უნდა იყოს ისეთი პრობლემა, სოფელში ცხოვრება შეგზიზღდეს. რამდენი წელია გზის გაკეთებას გვპირდებიან, მაგრამ საშველი არ დაადგა“, - ამბობს აქციის მონაწილე გიორგი, ჭუბერიდან.

ჭუბერის თემში 10 სოფელია - დევრა, ზემო მარღი, ლარილარი, ლახამი, ლეკულმახა, ლეწფერი, სგურიში, ტიტა, ქვემო მარღი, ყარი. ჭუბერის თემში ათასამდე ადამიანი ცხოვრობს, დაახლოებით 300 ოჯახი.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ერთი თვის წინ გააფორმა ხელშეკრულება შპს „ცეკურთან“ (დირექტორი ბექა ხაბულიანი), 6 244 716 ლარზე. ამ თანხით გათვალისწინებულია ხაიში-საკენი-ომარიშარას საავტომობილო გზის კმ0+000-კმ2+200 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები, კერძოდ, მიწის ვაკისის მოწყობა, ლითონის წყალგამტარი მილის მოწყობა, რკინაბეტონის მილების შეკეთება, რკინაბეტონის საყრდენი კედლის მოწყობა, არსებული საყრდენი კედლის შეკეთება, მდიარე ნენსკრაზე სახიდე გადასასვლელის მოწყობა, მიერთებების და ეზოში შესასვლელების შეკეთება, საგზაო სამოსის მოწყობა. სარებილიტაციო სამუშაოები 2025 წლის 5 ნოემბრამდე უნდა დასრულდეს.

ჭუბერის თემში მესტიის მერის წარმომადგენელმა გიორგი ჩხეტიანმა „მთის ამბებს“ უთხრა, სწორედ ეს პროექტი ითვალისწინებს ჭუბერის გადმოსახვევიდან ლახამამდე გრუნტის გზის რეაბილიტაციას.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში