საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ჭიათურაში პროტესტის სამმა მონაწილემ პირი ამოიკერა, 7 ადამიანი შიმშილობს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:07 - 02 სექტემბერი 2024 hits 1279

სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებმა, რომლებიც 174 დღეა ჭიათურაში, კოროხნალის მაღაროსთან უწყვეტ აქციას მართავენ, პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართეს. ამირან შეყილაძემ, გიორგი ბიწაძემ და ჯუმბერ ცუცქირიძემ პირი ამოიკერეს. მათთან ერთად, ამ დროისთვის კიდევ ოთხი ადამიანი შიმშილობს - ჯანიკო ლაბაძე, ლევან კუპატაძე, ზვიად პაპიძე და ლელა გოცაძე.

შუქრუთის მცხოვრებლებმა, რომლებსაც კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობის შედეგად საცხოვრებელი სახლები ენგრევათ, 24 აგვისტოს სცადეს საპროტესტო მსვლელობა მოეწყოთ ჭორვილაში, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარისა და ქვეყნის არაფორმალური მმართველის მშობლიურ სოფელში. მათ სურდათ, ბიძინა ივანიშვილისთვის ხმა მიეწვდინათ, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული კომპანია ჩაგრავთ და სისტემა ებრძვით. პროტესტის მონაწილეებს ჭორვილას შესასვლელთან საგანგებოდ მობილიზებული პირები და ასობით პოლიციელი დახვდათ. ისინი ივანიშვილის სოფელში არ შეუშვეს.

შუქრუთში მცხოვრებთაგან 30 ოჯახი, რომელთა სახლების ქვეშ მაღარო გადის და „ჯორჯიან მანგანეზი“ მანგანუმს მოიპოვებდა, თითქმის 6 თვეა აქციას მართავს. სახლები და ეზოები ინგრევა. სოფელში თითქმის 2 კილომეტრის სიგრძეზე ღრმულებია გაჩენილი. დაზარალებული ხალხი კომპანიისგან ზარალის ობიექტურად შეფასებას და ადეკვატური კომპენსაციის გადახდას ითხოვს. საპროტესტო ქციის დაწყების შემდეგ, დღემდე, შუქრუთის მაღაროს მუშაობა გაჩერებულია. კომპანიამ ფიზიკური ძალის გამოყენებით და პოლიციის დახმარებით არაერთხელ სცადა სამუშაო პროცესის აღდგენა, მაგრამ ვერ შეძლო.

კომპანიის მოთხოვნით აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოძიებაც დაიწყეს და სამი მათგანი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. სამსახურიდან გაათავისუფლეს აქციის 2 მონაწილე. „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორმა შუქრუთელებს სასამართლოშიც უჩივლა და მაღაროსთან პროტესტის აკრძალვა მოითხოვა, რაც საჩხერის სასამართლომ დააკმაყოფილა. ამის მიუხედავად, აქცია არ შეწყდა. რამდენიმე დღის წინ, სასამართლოში წარდგენილი ახალი სარჩელით კომპანია აქციის ყველა მონაწილის საკუთრების დაყადაღებას და მათგან 5 მილიონ ლარზე მეტის გადახდას ითხოვს. კომპანია ირწმუნება, რომ ვიდრე მაღარო გაჩერებულია, ის თანამშრომლებს ხელფასს უხდის და ამ ზიანის ანაზღაურება პროტესტის მონაწილეებს უნდა დაეკისროთ. საჩხერის სასამართლოს საჩივრით მიმართეს დაზარალებულმა შუქრუთელებმაც. ისინი მოსამართლე ივანე ყიფიანის მიერ, მათ წინააღმდეგ მიღებული ზომების გაუქმებას ითხოვენ, თუმცა კანონით დადგენილი ყველა ვადის გასვლის მიუხედავად, სასამართლოდან პასუხი ვერ მიიღეს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში