საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

კორუფცია და რუსული ინტერესები დაცულ ტერიტორიებში [ჟურნალისტური გამოძიება]

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:50 - 30 მარტი 2024 hits 14908
ლევან დავითაშვილი და ვალერიან მჭედლიძე
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი და ვალერიან მჭედლიძე

პრომეთეს მღვიმე, მარტვილის, ოკაცეს და ბალდის კანიონები, სათაფლიის ნაკრძალი - ბუნების უნიკალური ძეგლები, მთელი საქართველო რომ ვამაყობთ, ათობით წლით ხელში ერთმა ჯგუფმა ჩაიგდო. ამ ჯგუფის სათავეში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები დგანან: დაცული ტერიტორიების სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძე და რუსეთში საქართველოს სექციის ხელმძღვანელად ახლახან დანიშნული მამუკა მერკვილაძე„მთის ამბებმა“ გამოიძია, რომ გადაწყვეტილებები, რომლითაც საბოლოოდ, 20, 35 და 40 წლით დაცულ ტერიტორიებს ეს ჯგუფი დაეპატრონა, სწორედ ვალერიან მჭედლიძის მიერ, მისი თავმჯდომარეობისას არის მიღებული. თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, მჭედლიძეს და მისი ოჯახის წევრებს მსხვილი წილები უმეტესად აჩუქეს, ნაწილი კი სიმბოლურ და შეღავათიან ფასებში გამოისყიდა. თანხა, რომელიც ზოგიერთ კომპანიაში გადაიხადა, ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მას არ უნდა ჰქონოდა. მთელი ამ კორუფციული სქემის შემდეგ, ვალერიან მჭედლიძე, გერმანიის სახელმწიფოს მიერ, საქართველოში დაცული ტერიტორიების განვითარებისთვის დაფინანსებულ ყველაზე მსხვილ პროექტს ხელმძღვანელობს, რომლის ბიუჯეტიც 16 მილიონ ევროზე მეტია.

ვალერიან მჭედლიძე დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარედ 2018 წლის მაისში დაინიშნა. მჭედლიძე გარემოს დაცვის მაშინდელი მინისტრის, ლევან დავითაშვილის კადრი და მისი ნდობით აღჭურვილი პირია. მანამდე, მჭედლიძე სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციის დეპარტამენტის უფროსი იყო, დავითაშვილი კი სოფლის მეურნეობის მინისტრი.

2021 წლის მაისში ვალერიან მჭედლიძე  შიდა ქართლის გუბერნატორად გადაიყვანეს, სადაც ერთი წელი იმუშავა. გუბერნატორის თანამდებობიდან გათავისუფლების დღესვე, 2022 წლის 19 მაისს, ვალერიან მჭედლიძე უსამსახუროდ რომ არ დარჩენილიყო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში კოორდინატორის თანამდებობაზე გააფორმეს, სადაც ხუთ თვეში, ხელფასის სახით, 17 ათას ლარზე მეტი მიიღო. 2023 წლიდან ვალერიან მჭედლიძე საჯარო სამსახურში აღარ არის. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება მისი აღზევების ხანა.

 

მჭედლიძე და კომპანიები

დღეისათვის ვალერიან მჭედლიძე წილებს ფლობს 7 კომპანიაში, კიდევ სამში წილის მესაკუთრე დედამისი ანი გიუნაშვილია, ორში მისი ცოლი, სოფო ნადირაძე.

მჭედლიძეს ორ კომპანიაში წილი საჯარო სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ აჩუქეს, ყველაზე მსხვილში, წილის 50% 100 ლარად იყიდა, კიდევ სამში წილების სანაცვლოდ, პარტნიორთან ერთად, 2 170 000 ლარი გადაიხადა. ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, მჭედლიძეს ამ თანხის ნაწილიც არ უნდა ჰქონოდა. 2023 წლის თებერვალში მას და მის ცოლს, დანაზოგის ჩათვლით, სულ 34853 ლარი ჰქონდათ. მჭედლიძის დედას, ანი გიუნაშვილს წილები აჩუქეს 2 კომპანიაში, მესამეში 80 ათასი ლარი გადაიხადა. ანი გიუნაშვილი გორის ცენტრალური საავადმყოფოს „გორმედის“ რიგითი თანამშრომელია.

 

ბალდის კანიონი - შპს „კანიონი 350“ და მჭედლიძის დედა

უკვე ხუთი თვეა, მარტვილში, სოფელ მეორე ბალდაში ადგილობრივი მცხოვრებლები უწყვეტ აქციას მართავენ. ხალხი აპროტესტებს დაცული ტერიტორიების სააგენტოს გადაწყვეტილებას, რომლითაც ბალდის კანიონი, კერძო კომპანიას, 40 წლით, ხალხისგან ფარულად და ბიომრავალფეროვნებაზე ზეგავლენის შეფასების გარეშე გადაეცა. მეპატრონემ კანიონი შემოღობა და იქ შესვლა ბალდელებსაც აუკრძალა. პირვანდელი სახით ბუნების ძეგლის შესანარჩუნებლად მოსახლეობამ შეაჩერა ბეტონის ბილიკების, ხიდებისა და „როლერის“ ატრაქციის მოწყობის სამუშაოები, რომელსაც კომპანია პოლიციის დაცვით ახორციელებდა.

დაცული ტერიტორიების სააგენტომ ბალდის კანიონის იჯარით გაცემის გადაწყვეტილება საეჭვოდ მოკლე დროში, დაჩქარებული წესით მიიღო.

„მთის ამბების“ მიერ, სააგენტოდან გამოთხოვილი დოკუმენტების მიხედვით, საქმისწარმოება 2022 წლის აგვისტოში, შპს „მ და ს ჯგუფის“ დირექტორის, ირაკლი კაკალიას განცხადების საფუძველზე დაიწყო.

სააგენტომ კერძო საშემფასებლო, კონტრაქტორ კომპანია „ეისიდის“ ბალდის კანიონის მიწის ნაკვეთების შეფასება იქამდე დაავალა, ვიდრე სამინისტროს და სახელმწიფო ქონების სააგენტოს საერთოდ აცნობებდა, რომ ტერიტორიის იჯარით გაცემას გეგმავდა და ამ უწყებებიდან თანხმობას ან უარს მიიღებდა.

აუდიტმა ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე 1 კვმ მიწის ნაკვეთი, myhome.ge-ის ფასებზე მითითებით, 5,51 ლარად შეაფასა. „მთის ამბებმა“ გამოარკვია, რომ მიწის ნაკვეთის შეფასებისას შესადარებელ ობიექტად აუდიტმა მარტვილის საელიოს უბანში, სოფლებში წინაკვერკვესა და აბედათიში მდებარე მიწის ნაკვეთები გამოიყენა, რომლებიც ბალდის კანიონიდან დაახლოებით 10, 19, 21 კილომეტრით არის დაშორებული, არცერთს არ აქვს ბუნების ძეგლის სტატუსი და ის ღირებულება, რითაც ბალდის კანიონია გამორჩეული.

20 ოქტომბერს, სააგენტოს თავმჯდომარემ უკვე ბრძანება გამოსცა ბალდის კანიონში 24 130 კვმ მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემაზე და იქ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად (ვიზიტორთა ცენტრი, 350 მეტრი სიგრძის საფეხმავლო და კიდულ ბილიკი ხიდებითა და გადასახედებით, ამდენივე სიგრძის როლერის ატრაქცია). აუქციონი 5 ნოემბერს გამოცხადდა.

სამ დღეში, 8 ნოემბერს, გიორგი მერკვილაძემ დაარეგისტრირა შპს „კანიონი 350“, რომელიც აუქციონის ერთადერთი მონაწილე იყო და 15 ნოემბერს გამარჯვებულადაც იქნა ცნობილი. კომპანიას ბიუჯეტში ბალდის კანიონიდან წლიური ერთობლივი შემოსავლის მხოლოდ 6%-ის გადახდა დაევალა.

სააგენტომ შპს „კანიონი 350“-თან ხელშეკრულება 29 ნოემბერს გააფორმა. ერთ თვეში, იმავე წლის 29 დეკემბერს, გიორგი მერკვილაძემ წილის 40% ანი გიუნაშვილს აჩუქა, 5-5% კი ლევან ციცქიშვილსა და ქეთევან მოწონელიძეს.

  • ანი გიუნაშვილი დაცული ტერიტორიების სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარის, ვალერიან მჭედლიძის დედაა.
  • ლევან ციცქიშვილი „ლინკდინზე“ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, KFW-ში (გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი) მუშაობს პროექტის უფროს კოორდინატორად.
  • ქეთევან მოწონელიძე სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარის, ჯონი კაპანაძის ცოლის, ანი მოწონელიძის დაა.

გიორგი მერკვილაძემ არ უპასუხა „მთის ამბების“ კითხვას, რატომ გააჩუქა წილი ბალდის კანიონის აუქციონის მოგების შემდეგ ანი გიუნაშვილზე, ლევან ციცქიშვილსა და ქეთევან მოწონელიძეზე.

2023 წლის 23 იანვარს, გიორგი მერკვილაძემ, შპს „კანიონი 350“-ში დარჩენილი 50%-იანი წილიდან 35% აჩუქა მამუკა მერკვილაძეს, რომელიც რუსეთში ქართული დიასპორების ვიცეპრეზიდენტია, ხელმძღვანელობს „სრულიად რუსულ საზოგადოებრივ ორგანიზაციას - „ქართული ფედერალური ეროვნულ-კულტურული ავტონომია რუსეთში“ და ახლო ურთიერთობები აქვს რუსეთის ხელისუფლებასთან. 2021 წელს, ის მონაწილეობდა მისივე ორგანიზაციის ინიციატივით, მოსკოვში გამართულ შეხვედრაში, სადაც საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის განახლებისა და უვიზო მიმოსვლის საკითხები განიხილებოდა. მამუკა მერკვილაძის ცოლი თამარ დუდუნია პუტინის ადმინისტრაციის ბიუჯეტით განათლებამიღებული ექიმი და მომღერალია. ვოკალურ კონკურსში გამარჯვებულ დუდუნიას პრიზი რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ გადასცა. რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მამუკა მერკვილაძე, რუსეთში, შვეიცარიის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის ხელმძღვანელად დანიშნა.

გიორგი მერკვილაძეს ვკითხეთ, რა ნათესაური ურთიერთობა აქვთ მას და მამუკა მერკვილაძეს.

გიორგი მერკვილაძე: ჩემი ძმაა.

მთის ამბები: ბილოგიური ძმები ხართ?

გიორგი მერკვილაძე: არა, ბიძაშვილია, მაგრამ ძმები ვართ.

გიორგი მერკვილაძეს ახლო მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა აქვს შპს „მ და ს ჯგუფის“ დირექტორთან, ირაკლი კაკალიასთან. ბალდის კანიონის გაიჯარების მოთხოვნით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს სწორედ კაკალიამ მიმართა. მერკვილაძე და კაკალია, 2021 წლის ნოემბერში, ერთად იმყოფებოდნენ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ, ქალაქ სოხუმში. გიორგი მერკვილაძის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული ფოტომასალისა და ჩვენს მიერ, მასთან დაკავშირებული პირებისგან მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, მერკვილაძე ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდა 2022 წლის მაისში (რიწა), ივლისსა და დეკემბერშიც (რიწა). ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ტურიზმის სამინისტრომ რიწის დაცულ ტერიტორიაზე 2023 წლის 2 იანვარს გახსნა ზიპლაინის ატრაქცია, რომელზეც 2 წლის განმავლობაში მუშაობდნენ.

გიორგი მერკვილაძე საქართველოს მოქალაქეა და რეგისტრირებულია ქალაქ თბილისში, ივან ტურგენევის ქუჩა N 4-ში. ის დაცულ ტერიტორიებზე ზიპლაინის, როლერის და სხვა ატრაქციებს აწყობს და ფულს შოულობს.

მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს მოქალაქეს ოკუპირებულ აფხაზეთში შესვლა მხოლოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან შეუძლია. ასეთ შემთხვევაში მერკვილაძეს ოკუპირებული აფხაზეთიდან უსაფრთხოების გარანტია უნდა ჰქონოდა და მისი გადასვლა, გაშვება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთანაც ყოფილიყო შეთანხმებული. თუ მერკვილაძე აფხაზეთში რუსეთიდან შევიდა ან ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნებისმიერ ეკონომიკურ საქმიანობაში მონაწილეობდა, ამით მან კანონი დაარღვია და მის წინააღმდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება უნდა დაეწყო.

გიორგი მერკვილაძემ უპასუხოდ დატოვა „მთის ამბების“ კითხვები, როგორ, საიდან გადავიდა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე; დე ფაქტო ხელისუფლების ნებართვა ჰქონდა თუ ოკუპანტი ქვეყნიდან მისცეს თანხმობა; რიწაში ზიპლაინის მოწყობაში ვისი ნებართვით მონაწილეობდა. „არცერთი ჩემი საქმიანობით კანონი არ დამირღვევია, მათ შორის, არც დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ყოფნით“, - მოგვწერა მერკვილაძემ.

„მთის ამბებმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსაც მიმართა წერილობით იმის დასაზუსტებლად, გიორგი მერკვილაძის და ირაკლი კაკალიას მიერ, კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაძლო დარღვევაზე არის თუ არა გამოძიება დაწყებული. ინფორმაცია არცერთმა უწყებამ არ მოგვაწოდა.

 

„დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდი“ - მჭედლიძის ცოლი და მამა-შვილი ღვინიაშვილები

„მთის ამბების“ მიერ მოპოვებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ბალდის კანიონში ფულის შოვნით ჯერ კიდევ 2021 წელს დაინტერესდნენ. შპს „ექსტრიმლაინმა“ შპს „კ.მ.ბ გრუპს“ შეუკვეთა ჰიდროლოგიური კვლევა და საინჟინრო გეოლოგიური შეფასება. 2022 წლის თებერვალში კი, ააიპ „საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდმა“ გამოაცხადა ტენდერი ბალდის კანიონში წრიული ბილიკისა და ე.წ. „როლერის“ ატრაქციის მოსაწყობად საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაზე.

„საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდი“ 2019 წლამდე „კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის“ სახელით არსებობდა. ფონდის დამფუძნებლები არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო და შპს „შავი ზღვის ტერმინალი“. ფონდი 2009 წელს კოლხეთის ეროვნული პარკის განვითარების მიზნით დაარსდა.

ფონდს დაცული ტერიტორიების სააგენტო კოორდინირებს, დირექტორს კი მინისტრი და „შავი ზღვის ტერმინალი“ ერთობლივად ნიშნავენ.

მას შემდეგ, რაც ვალერიან მჭედლიძე დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე გახდა, სამ თვეში, 2018 წლის 6 სექტემბერს, ფონდის დირექტორად პაატა ღვინიაშვილი დაინიშნა. 2021 წლის 18 მაისს, ვიდრე მჭედლიძეს შიდა ქართლის გუბერნატორად გადაიყვანდნენ, ფონდის დირექტორის თანამდებობა ნიკა ღვინიშვილმა დაიკავა. პაატა და ნიკა ღვინიაშვილები მამა-შვილი არიან.

ორივე ერთ მისამართზე, ქარელის სოფელ რუისშია რეგისტრირებული. პაატა ღვინიაშვილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი (გელა) ხანიშვილის დეიდაშვილია. გიორგი ხანიშვილი მინისტრის მოადგილე იყო 2017-2022 წლებში.  

გიორგი ხანიშვილი: პაატა ღვინიაშვილი ჩემი ნათესავია და მისი სამსახურებრივი კარიერა მის ცოდნასა და გამოცდილებაზეა დაფუძნებული.

მთის ამბები: მამის შემდეგ, დირექტორად მისი შვილის დანიშვნაც ცოდნაზე და გამოცდილებაზეა დაფუძნებული? მამა-შვილის გარდა ცოდნა და გამოცდილება სხვას არავის აქვს?

გიორგი ხანიშვილი: კი და ცოდნაც ბევრს აქვს და წარმატებითაც მუშაობენ. ნამდვილად ჩემი ფაქტორის გარეშე დაინიშნა.

ამ ფონდში, 2020 წლის 11 ივნისიდან, ადმინისტრატორად მუშაობს ვალერიან მჭედლიძის ცოლი, სოფო ნადირაძე. ნიკა ღვინიაშვილი და სოფო ნადირაძე წილებს ფლობენ (34-33%) შპს „ნჯსპრომეთეში“. კომპანია 2022 წელს არის რეგისტრირებული და 2023 წლის მარტიდან, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, პრომეთეს მღვიმესთან 1039 კვმ მიწა, 10 წლით იჯარით აქვს აღებული. 

 

ოკაცეს კანიონი - შპს „220“ და მჭედლიძის დედა

ბალდის კანიონი ბუნების ერთადერთი ძეგლი არ არის, რომელსაც ფულის საკეთებლად მჭედლიძე და მისი თანამზრახველები დაეპატრონნენ.

დაცული ტერიტორიების სააგენტომ დაჩქარებულად წარმართა ახალდაფუძნებული კომპანიისთვის ოკაცეს კანიონის გადაცემის პროცესიც. შპს „220“ რეგისტრირებულია 2020 წლის 24 ივნისს. ორ თვეში, კომპანიამ 35 წლით მიიღო 42 272 კვმ ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდში, ოკაცეს კანიონის ბუნების ძეგლზე ტურისტული მომსახურების გაწევის, იქ საფეხმავლო ბილიკების, 4 გადასახედის, 3 ფანჩატურის, პარკინგისა და ზიპლაინის მოწყობის პირობით. ადგილობრივმა მოსახლეობამ ამ შემთხვევაშიც არაფერი იცოდა, ყველაფერი პოსტფაქტუმ გაიგეს.

ოკაცეს კანიონში სტანდარტული შესასვლელი ბილეთი 17.25 ლარი ღირს. დაცული ტერიტორიების სააგენტომ კომპანიას ბიუჯეტში მხოლოდ ტურისტული მომსახურების გაწევისას ყოველწლიური ბრუნვის 9%-ის გადახდის ვალდებულება დააკისრა. ამ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძე იყო.

შპს „220“-ის ერთადერთმა დამფუძნებელმა და მესაკუთრემ ნოდარ ჩილინგარაშვილმა 2023 წლის 13 მარტს წილი სრულად გაასხვისა, 80% მამუკა მერკვილაძეს გადასცა, 20% ანი გიუნაშვილს. დოკუმენტში 80% წილის ნასყიდობის ფასი 320 ათას ლარად არის შეფასებული, 20% 80 ათას ლარად. კომპანიის ერთპიროვნული მმართველი გიორგი მერკვილაძეა.

ანი გიუნაშვილს ვკითხეთ, რატომ აჩუქეს მას შპს „კანიონი 350“-ში 40% და საიდან ჰქონდა გორის ცენტრალური საავადმყოფოს რიგით თანამშრომელს 80 ათასი ლარი შპს „220“-ში წილის შესაძენად.

ანი გიუნაშვილი: „არავინ არაფერს არ მჩუქნის.

მთის ამბები: დოკუმენტის მიხედვით, ბალდის კანიონთან დაკავშირებულ კომპანიაში წილი გაჩუქეს.

ანი გიუნაშვილი: აბსოლუტურად არავინ არაფერს მჩუქნის.

მთის ამბები: რისი გადახდაც ნაჩვენები გაქვთ, ოკაცეს კანიონის შემთხვევაში, ამას რა შემოსავლებით ასაბუთებთ? ამის შემდეგ ანი გიუნაშვილმა უარი თქვა ჩვენთან სატელეფონო ინტერვიუზეც და შეხვედრაზეც.

ანი გიუნაშვილი და ვალერიან მჭედლიძე ერთ მისამართზე არიან რეგისტრირებულნი - ქალაქი გორი, პეტრიაშვილის ქუჩა 39. შიდა ქართლის გუბერნატორად მუშაობისას, 2021 წლის 1-ელი ივნისიდან 2022 წლის 20 მაისამდე პერიოდში, მჭედლიძე ძირითადად ამ მისამართზე მდებარე კერძო სახლში, დედასთან ერთად ცხოვრობდა. ეს მეზობლებმაც დაგვიდასტურეს, თუმცა არც 2021-ის და არც 2022 წლის ქონებრივ დეკლარაციებში, მჭედლიძე დედას ოჯახის წევრად არ უთითებს და არ ამჟღავნებს ინფორმაციას მისი შემოსავლების შესახებ.

ოკაცეს ჩანჩქერის ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე დაცული ტერიტორიების სააგენტოს კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი აქვს გაიჯარებული - 12412 კვმ 20 წლით, ზიპლაინის ატრაქციონის მოსაწყობად. შპს „ზიპინ კინჩხას“ დირექტორი და 22.5% წილის მესაკუთრე აქაც გიორგი მერკვილაძეა. ეს გადაწყვეტილება სააგენტოს 2019 წლის 12 აპრილს აქვს მიღებული, როცა სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძე იყო. კომპანიას საფასურად ყოველწლიური ერთობლივი შემოსავლის მხოლოდ 6% განუსაზღვრეს.

 

შპს „ვიზიტორი 1“ და მონოპოლია დაცულ ტერიტორიებზე

შპს „ვიზიტორი 1“ გიორგი და მამუკა მერკვილაძეებთან ერთად ვალერიან მჭედლიძის თანასაკურებაში არსებული კომპანიებიდან ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და შემოსავლიანი ორგანიზაციაა. „ვიზიტორი 1“ ფლობს ორ კომპანიას - შპს „გურუს“ და შპს „ექსტრიმლაინს“. 

„გურუ“ ექვს დაცულ ტერიტორიაზე - მარტვილისა და ოკაცეს კანიონებში, სათაფლიის ნაკრძალში, ნავენახევისა და პრომეთეს მღვიმეებში, კინჩხას ჩანჩქერზე ელექტრონული ბილეთების გაყიდვის სერვისს ახორციელებს 2019 წლის 1-ელი აპრილიდან. ამ კომპანიამ ეს ექსკლუზიური უფლება, 10 წლით, მაშინ მიიღო, როცა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძე იყო.

მარტვილის კანიონი, პრომეთეს მღვიმე და სათაფლია, გასულ წელს, ვიზიტორთა რაოდენობით პირველ სამეულშია. მეექვსე ადგილზეა ოკაცეს კანიონი. „მთის ამბებმა“ დაცული ტერიტორიების სააგენტოდან მოწოდებული მონაცემები დაითვალა. ბუნების ამ ოთხ ძეგლს, შარშან, ჯამურად 485 207 ვიზიტორი ეწვია. მარტვილის კანიონში სტანდარტული შესასვლელი ბილეთის ღირებულება 17.25 ლარი იყო, პრომეთეს მღვიმეში 23 ლარი. მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლებზე და იმერეთის მღვიმეების დაცულ ტერიტორიებზე, ტურისტულმა შემოსავალმა 8 895 946 ლარი შეადგინა. ხელშეკრულების მიხედვით, „გურუ“ ბილეთების დადგენილ ღირებულებაზე ფასნამატს აკეთებს, არაუმეტეს 15%-ის ოდენობით. დაცული ტერიტორიების სააგენტო კომერციულ, არასაჯარო ინფორმაციად მიიჩნევს, რა თანხა რჩება „გურუს“ ბილეთების რეალიზაციიდან, თუმცა წლიურად ეს დაახლოებით 1,5 მილიონია.

შპს „ექსტრიმლაინმაც“ დაცული ტერიტორიების სააგენტოდან სარგებელი მაშინ მიიღო, როცა სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძე იყო.

კომპანია რეგისტრირებულია 2020 წლის 30 იანვარს, სამი დღის შემდეგ, რაც დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ მარტვილის კანიონში ზიპლაინის ატრაქციონის მოსაწყობად აუქციონის გამოცხადებაზე ბრძანება გამოსცა. „ექსტრიმლაინი“ აუქციონის ერთადერთი მონაწილე იყო და გამარჯვებულიც ის გახდა. მარტვილის კანიონში მას 2441 კვმ მიწის ნაკვეთი აქვს გადაცემული 20 წლით. კომპანიამ დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ატრაქციონის მუშაობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავლის მხოლოდ 6% უნდა გადაუხადოს. ზიპლაინის ბილეთის ფასი 60-70 ლარია.

შპს „ვიზიტორი 1“-მა კომპანიები „გურუ“ და „ექსტრიმლაინი“ ერთსა და იმავე დღეს, 2023 წლის 21 დეკემბერს შეიძინა. ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, „გურუში“ 950 ათასი ლარი გადაიხადეს, არადა, კომპანიას მხოლოდ გასულ წელს, დაახლოებით 1.5 მილიონი ლარის შემოსავალი ჰქონდა. ოფიციალურად 950 ათასი ლარია გადახდილი შპს „ექსტრიმლაინშიც“.

საიდან ჰქონდა ახალდაფუძნებულ „ვიზიტორი 1“-ს (რეგისტრირებულია 2023 წლის 24 ნოემბერს) 1,9 მილიონი ლარი „გურუს“ და „ექსტრიმლაინის“ შესაძენად, რომლის ნახევარიც ვალერიან მჭედლიძეს უნდა გადაეხადა, რადგან თავდაპირველად სწორედ ის ფლობდა „ვიზიტორი 1“-ის 50%-ს. მჭედლიძესთან არაერთი მცდელობის მიუხედავად კომუნიკაცია არ შედგა. ის არ პასუხობს სატელეფონო ზარებს, წერილობით შეტყობინებებს, კონტაქტზე არც საერთო ნაცნობების მეშვეობით გამოვიდა. ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, მას ამდენი ფული ლეგალურად ვერაფრით ექნებოდა. „ვიზიტორი 1“-ის წილის შეძენის დროისათვის მის პარტნიორს თემურ კვიკვინიას ვკითხეთ, მთელი თანხა მან ხომ არ გადაიხადა. კვიკვინიამ მიგვითითა, რომ ფული იმ პირებმა გადაიხადეს, ვინც ბოლო ამონაწერში გამოჩნდნენ. შპს „ვიზიტორი 1“-ის უკანასკნელი ამონაწერი 2023 წლის 26 დეკემბრით თარიღდება. პარტნიორებს შორის წილების გადანაწილების შედეგად, 33%-ის მესაკუთრე მამუკა მერკვილაძე გახდა, 10%-ის გიორგი მერკვილაძე. ვალერიან მჭედლიძეს 21% აქვს დარჩენილი.

 

შპს „პრომეთე 250“

შპს „პრომეთე 250“ გიორგი და მამუკა მერკვილაძეებმა 2023 წლის 18 აპრილს დააფუძნეს, ზუსტად იმ დღეს, როცა დაცული ტერიტორიების სააგენტომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, პრომეთეს მღვიმის ტერიტორიაზე „როლერის“ ატრაქციონის მოსაწყობად აუქციონი გამოაცხადა. კონკურსს ამ შემთხვევაშიც ერთადერთი მონაწილე ჰყავდა და გამარჯვებულიც ის გახდა. კომპანიამ ატრაქციონი ორ წელში უნდა მოაწყოს. ხელშეკრულების მოქმედების ვადა 20 წელია და შპს „პრომეთე 250“-ს, დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის, ტურისტული მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლის მხოლოდ 6%-ის გადახდის ვალდებულება აქვს.

პრომეთეს მღვიმეში ტურისტული მომსახურების გაწევის უფლების მიღებიდან ორ კვირაში, გიორგი მერკვილაძემ თავისი 65% წილიდან 35% ვალერიან მჭედლიძეს აჩუქა, 5% ავთანდილ მჭედლიძეს (ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ყოფილ დირექტორს), 5% ნიკა ღვინიაშვილს - ააიპ „საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის“ დირექტორს და ამდენივე ვაჟა ბიბიჩაძეს. კომპანიის დირექტორი გიორგი მერკვილაძეა.

„მთის ამბებმა“ სააგენტოს მიერ დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული მომსახურების გაწევისა და ქონების იჯარით გადაცემის შესახებ გაფორმებული 45 ხელშეკრულება შეისწავლა. საწყის სააუქციონო ღირებულებას მთავრობა ადგენს. 2016 წლამდე ეს საფასური არ შეიძლებოდა ყოფილიყო ტურისტული მომსახურებიდან ყოველწლიური ბრუნვის 10%-ზე ნაკლები, თუმცა მთავრობამ ის 5%-მდე შეამცირა. ამ ცვლილების შემდეგ სააგენტოს 19 კონტრაქტი აქვს დადებული, სადაც საფასური ყოველწლიური ბრუნვის პროცენტით არის განსაზღვრული.

იმ აუქციონებში, სადაც მჭედლიძესთან დაკავშირებული კომპანიები მონაწილეობდნენ, კონტრაქტები გაფორმებულია 6%-ზე, მხოლოდ ერთ შემთხვევაშია 9%-ზე. სხვა პირებთან ვხვდებით კონტრაქტებს, სადაც გადასახდელი თანხა 9-დან 30% მდე მერყეობს.

 

შპს „დაშბაში“

შპს „დაშბაში“ 2021 წლის 21 იანვარს, ვალერიან მჭედლიძის დედამ ანი გიუნაშვილმა, ვალერიან ლაზარაიამ და სანდრო სოსიაშვილმა დააფუძნეს. წილებსაც თანაბრად ინაწილებენ. დაშბაში სოფელია წალკის რაონში და ცნობილია წალკის კანიონით, რომელსაც მხოლოდ 2023 წელს, ოფიციალური მონაცემებით, 65943 ვიზიტორი ეწვია.

წალკის კანიონიდან სამას მეტრშია 5500 კვმ მიწის ნაკვეთი, რომელიც შპს „დაშბაშის“ საკუთრება გახდა - სახელმწიფომ 2020 წლის 04 მარტს ნაკვეთს ჯერ მიზნობრივი დანიშნულება შეუცვალა. იყო სასოფლო-სამეურნეო, გახდა არასასოფლო-სამეურნეო. იმავე წლის ნოემბერში კი უპირობო აუქციონის ფორმით გაყიდა. მყიდველი სანდრო სოსიაშვილია, შპს „დაშბაშის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი. 2021 წლის 21 იანვარს, სანდრო სოსიაშვილმა, ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკვეთის მესაკუთრეებად გააფორმა ანი გიუნაშვილი და ვალერიან ლაზარაიაც.

 

 „მწვანე კაპანი“ და მჭედლიძის სიმამრი

შპს „მწვანე კაპანი“ რეგისტრირებულია 2021 წლის 2 ნოემბერს. წილის 100%-ის მესაკუთრე თამარ ჩადუნელი იყო. დაფუძნებიდან სამ თვეში, თამარ ჩადუნელმა „მწვანე კაპანის“ 50% უსასყიდლოდ გადასცა გორში, დუშეთის 5-ში მცხოვრებ, 1958 წელს დაბადებულ გიორგი ნადირაძეს. ჩადუნელმა პირადი გადაწყვეტილება კრების ოქმში ასე ახსნა: „რადგან შპს-ს აქვს საჭიროება მიიღოს გიორგი ნადირაძის ინტელექტუალური შრომა, აღნიშნული ინტელექტუალური ღირებულების წილი განისაზღვროს 50%-ის მფლობელობად“. გიორგი ნადირაძე დაცული ტერიტორიების სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარის ვალერიან მჭედლიძის სიმამრია.

2022 წლის 26 დეკემბერს, გიორგი ნადირაძემ, თამარ ჩადუნელის მიერ ინტელექტუალური შრომის საბაბით უსასყიდლოდ მიღებული 50%, სიძეს, ვალერიან მჭედლიძეს აჩუქა. ამ დროისთვის მჭედლიძეს უკვე დატოვებული აქვს შიდა ქართლის გუბერნატორის თანამდებობაც.

2023 წლის 2 მაისს, თამარ ჩადუნელმა თავისი 50%-იანი წილი უსასყიდლოდ გადასცა ჯონი კაპანაძეს. შპს „მწვანე კაპანის“ მფლობელები ამჟამად ჯონი კაპანაძე და ვალერიან მჭედლიძე არიან.

ეს არ არის ერთადერთი კომპანია, სადაც წილებს ვალერიან მჭედლიძე და ჯონი კაპანაძე ინაწილებენ.

 

ვალერიან მჭედლიძე და ჯონი კაპანაძე

შპს „ვალნუთ“-ში ვალერიან მჭედლიძე წილის 34%-ს ფლობს, ჯონი კაპანაძე 33%-ს. მათ ეს წილები კომპანიის ერთადერთი დამფუძნებლისგან, ავთანდილ მაისურაძისგან 2023 წლის 5 აპრილს შეიძინეს - მჭედლიძემ 270 ათას ლარად, კაპანაძემ 265 ათას ლარად. „ვალნუთის“ დირექტორი და 33%-ის მესაკუთრე, გორის პოლიციის ყოფილი გამომძიებელი ავთანდილ მაისურაძეა. „ვალნუთი“ ქარელის სოფელ რუისში ფლობს მიწის ნაკვეთებს და უძრავ ქონებას თბილისში, ვალენტინ თოფურიძის ქუჩაზე. ავთანდილ მაისურაძე ვალერიან მჭედლიძესთან ერთად 5%-იან წილს ფლობს შპს „ვიზიტორი 1“-შიც.

შპს „ტი ენ დიმ“ 2022 წლის 26 დეკემბერს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ აუქციონში გაიმარჯვა და მარტვილის კანიონის და ოკაცეს (კინჩხას) ჩანჩქერის მიმდებარედ 828 კვმ მიწის ნაკვეთი გადაეცა, სადაც 2 წელში საზოგადოებრივი კვების ობიექტები უნდა ააშენოს. კომპანიას სააგენტოსთვის წლიურად მხოლოდ 2000 ლარის გადახდა ევალება. „ტი ენ დის“ ერთადერთი მესაკუთრე დავით კოკაია იყო. 2023 წლის 3 აპრილს, მან წილის 35% ვალერიან მჭედლიძეს აჩუქა, 15% ჯონი კაპანაძეს. დავით კოკაიამ „მთის ამბებს“ უთხრა, რომ ვალერიან მჭედლიძესთან დიდი ხანია მეგობრობს.

კიდევ ერთ კომპანიაში ჯონი კაპანაძის ბიზნესპარტნიორი ვალერიან მჭედლიძის ცოლი, სოფო ნადირაძეა. შპს „გეო ფრი“ - ეს კომპანია 2023 წლის აპრილში ავთანდილ მაისურაძემ დააფუძნა, ოქტომბერში კი წილის 60% სოფო ნადირაძეს აჩუქა, 20% ჯონი კაპანაძეს და ამდენივე საკუთარ მეუღლეს, ანა მოსიაშვილს.

„მწვანე ალტერნატივას“ გარემოსდაცვითი მართლმსაჯულების პროგრამის კოორდინატორის ნინო გუჯარაიძის შეფასებით, „როდესაც წილებს იღებ სიმბოლურ ფასად, როდესაც გჩუქნიან წილებს ასეთ კომპანიებში, ეს არის უკვე ცხადი ინდიკატორი იმისა, რომ დიდი ალბათობით, იქ არის კორუფცია“.

„ნათელია, რომ როდესაც ეს ადამიანი იმყოფებოდა თანამდებობაზე, მისი დედის, ანუ უახლოესი ნათესავის საკუთრებაში ჩნდება ქონება, რომელიც დაკავშირებულია ვალერიან მჭედლიძის საქმიანობასთან. ფაქტობრივად მან გამოიყენა შიდა ინფორმაცია იმისათვის, რომ გამდიდრებულიყო თავად ან მისი უახლოესი ნათესავი.

სამწუხაროდ, საკმაოდ დიდი დროა გასული მას შემდეგ, რაც ამ ადამიანმა საჯარო სამსახური დატოვა და ფაქტობრივად, გადაინაცვლა მის მიერ მანამდე რეგულირებად ბიზნესში და მისი საქმიანობით დღემდე არავინ დაინტერესებულა“, - ამბობს გუჯარაიძე.

 

მჭედლიძე და ჯონი კაპანაძის ორგანიზაცია ორ წელში 18 მილიონიანი შემოსავლით

ჯონი კაპანაძე სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარეა. ეს ორგანიზაცია დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. მხოლოდ ორ წელში, 2020 წლის მარტიდან 2022 წლის მარტის ჩათვლით, სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების ასოციაციამ სააგენტოს ტენდერებიდან 18 მილიონ ლარზე მეტი მიიღო საფეხმავლო ბილიკებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად.

სააგენტოს 9 ტენდერიდან პირველ სამ ტენდერში ჯონი კაპანაძის ორგანიზაცია, ზედიზედ, სხვა მონაწილეების დისკვალიფიკაციის ხარჯზე გამოცხადდა გამარჯვებულად.

იმის მიუხედავად, რომ მისი სატენდერო შეთავაზებები ყოველთვის ბევრად აღემატებოდა კონკურენტების წინადადებებს და საწყის ეტაპზე მის ორგანიზაციას მსგავსი სამუშაოს შესრულების გამოცდილებაც არ ჰქონდა.

მომდევნო 6 ყველაზე მაღალბიუჯეტიან ტენდერში უკვე ერთადერთი მონაწილე იყო და კონკურენტი აღარ ჰყავდა.

მსგავსი ტიპის საქმიანობას, როგორიცაა ეკოტურისტული საფეხმავლო ბილიკების, ინფრასტრუქტურის მოწყობა, შესაბამისი კვლევების ჩატარება, ეწევა საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციაც. თუმცა 2021 წელს, დაცული ტერიტორების სააგენტოს თავმჯდომარის, ვალერიან მჭედლიძის მოთხოვნით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ეკოტურიზმის ასოციაცია შავ სიაში შეიყვანა, რის შედეგადაც ერთი წლის განმავლობაში ტენდერებში მონაწილეობის მიღება და სახელმწიფო ორგანიზაციებთან ხელშეკრულებების დადება აეკრძალა. დაცული ტერიტორიების სააგენტო ეკოტურიზმის ასოციაციას ედავებოდა, რომ ლაგოდეხის და მტირალას დაცულ ტერიტორიებზე საფეხმავლო ბილიკების მოწყობის შესაძლებლობების კვლევისა და სრული საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია სრულყოფილი, გამოსაყენებლად ვარგისი სახით არ წარადგინა, რის გამოც სააგენტომ ეკოტურიზმის ასოციაციას 28 ათასი ლარი არ გადაუხადა. სააგენტოს განმარტებით, უწყება იძულებული გახდა დამატებითი ხარჯები გაეწია და ხელშეკრულება გაეფორმებინა შპს „თრეილ ქონსთრაქშენთან“, იმავე სამუშაოს ხელახლა შესასრულებლად.

ეკოტურიზმის ასოციაციამ 28 ათასი ლარის გადახდის დაკისრების მოთხოვნით, სასამართლოს მიმართა და საქმე მოიგო. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მხრიდან არაჯეროვან შესრულებას ადგილი არ ჰქონია.

მოსამართლე თავის გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ წარდგენილმა ხელშეკრულებებმა, რომლითაც ამ სამუშაოების შესრულების ვალდებულება სხვა კომპანიას გადაეცა, გამოიწვია მოსარჩელის ეჭვი და სინანული იმის თაობაზე, რომ მას შეგნებულად არ აუნაზღაურეს გაწეული მომსახურების ღირებულება და სახეზეა გარკვეული პირების მხრიდან დაინტერესება.

სასამართლოს გადაწყვეტილება დაცული ტერიტორიების სააგენტომ ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა და მის გაუქმებას ითხოვს. ეკოტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელები ამ საქმეზე კომენტარს არ აკეთებენ.

2022 წლის მაისიდან, მას შემდეგ, რაც ვალერიან მჭედლიძე აღარც დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარეა და აღარც გუბერნატორი, „სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების ასოციაციამ“ მონაწილეობა მიიღო სააგენტოს 2 ტენდერში. ორივე შემთხვევაში მას არაერთი კონკურენტი ჰყავდა. ეროვნული პარკებისთვის ეკოტურიზმის მდგრადი განვითარების გენერალური გეგმების მოსამზადებლად ჯონი კაპანაძის ორგანიზაციამ 1 440 000 ლარი მოითხოვა, შპს „ჯეონეიჩარ კორპორაციამ“ კი იგივე სამუშაოს შესრულების მზაობა, ნახევარი მილიონით იაფად, 898 800 ლარად გამოთქვა და ტენდერში გამარჯვებულიც გახდა. ბოლო ორი წარუმატებლობის შემდეგ, კაპანაძემ თავისი ორგანიზაციის სახელით სააგენტოს ტენდერებში მონაწილეობის მიღება შეწყვიტა.

 

„თრეილ ქონსთრაქშენი“ - „შეთანხმებული კონკურენცია“

ჯონი კაპანაძესთან არის დაკავშირებული შპს „თრეილ ქონსთრაქშენი“. კომპანია რეგისტრირებულია 2020 წელს და მისი ერთადერთი მესაკუთრე თორნიკე მოსიაშვილია, კაპანაძის მეგობარი.

2021-2024 წლებში მას დაცული ტერიტორიების სააგენტოს 8 ტენდერი აქვს მოგებული, ჯამური თანხით 27 826 177 ლარი. რვიდან ექვს ტენდერში „თრეილ ქონსთრაქშენს“ კონკურენტი არ ჰყავდა, ორში კი სხვა კომპანიის დისკვალიფიკაციის ხარჯზე გახდა გამარჯვებული.

2020 წელს კაპანაძის და მოსიაშვილის ორგანიზაციები ფორმალურად კონკურენტები იყვნენ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ერთ-ერთ ტენდერში, რომელიც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, დაბა აბასთუმნის ტერიტორიაზე საფეხმავლო ბილიკებისა და მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებდა. სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების ასოციაციის მიერ სატენდერო თანხად შეთავაზებულ იქნა 1 970 000 ლარი ხოლო „თრეილ ქონსთრაქშენის“ მიერ 20 ათასი ლარით მეტი. სწორედ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ამ კომპანიებმა მონაწილეობა მიიღეს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტენდერში, რომლის ღირებულება 1 მილიონ ლარს აღემატებოდა.

გამარჯვებული ჯონი კაპანაძის ორგანიზაცია გახდა. ტენდერის მოგების შემდეგ კაპანაძემ ქვეკონტრაქტი მეგობრის, თორნიკე მოსიაშვილის კომპანიას გაუფორმა და მთელი სამუშაო მას შეასრულებინა, რაშიც 1 804 050 ლარი გადაუხადა. სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების ასოციაციას სახელმწიფოსგან თითქმის 166 000 ლარი დარჩა.

2021 წელს, როცა ზაფხულის ერთ თვეში, სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების ასოციაციამ, ზედიზედ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს 5 ტენდერი მოიგო და რესურსი აღარ ჰქონდა, ყველა ვალდებულება პირადად შეესრულებინა, ქვეკონტრაქტი ისევ შპს „თრეილ ქონსთრაქშენთან“ გააფორმა. დოკუმენტების მიხედვით მარიამჯვრის ნაკრძალში საფეხმავლო ბილიკების ქსელისა და მცირე ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები „თრეილ ქონსთრაქშენმა“ შეასრულა, რაშიც ასოციაციისგან 1 277 997 ლარი მიიღო. დაახლოებით 109 000 ლარი კი ჯონი კაპანაძის ორგანიზაციას დარჩა.

2021 წლის მარტი-ივლისის პერიოდში შპს „თრეილ ქონსთრაქშენმა“ მონაწილეობა მიიღო დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ 7 ტენდერში და ყველა მოიგო. არცერთ ამ ტენდერში მისი კონკურენტი არ ყოფილა სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების ასოციაცია.

ვალერიან მჭედლიძის მიერ თანამდებობების დატოვების შემდეგ, სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების ასოციაციის მსგავსად, თითქმის ორი წლის განმავლობაში, სააგენტოს ტენდერებში მონაწილეობა არ მიუღია „თრეილ ქონსთრაქშენსაც“. რამდენიმე კვირის წინ, 2024 წლის თებერვალში მან სააგენტოს ტენდერი მოიგო თბილისის ეროვნულ პარკში (საბადურის და ზედაზენის უბნები) საფეხმავლო ბილიკების ქსელის, ტურისტულ-რეკრეაციული და ადმინისტრაციული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. ტენდერის ბიუჯეტი 7 200 000 ლარია. მას არც ამ კონკურსში ჰყავდა კონკურენტი.

იურისტი ვლადიმერ ქუთათელაძე, რომელმაც კაპანაძისა და მოსიაშვილის ორგანიზაციების სატენდერო დოკუმენტაცია შეისწავლა, მიიჩნევს, რომ მოცემული შემთხვევების განხილვისას იკვეთება შესაძლო სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ნიშნები, კერძოდ, კომპანიების მიერ შეთანხმებული მოქმედება, რაც ფაქტობრივად გამორიცხავს კონკურენციას, იწვევს შესასყიდი, საქონლის/მომსახურების ფასების ზრდას და მნიშნელოვან ზიანს აყენებს სახელმწიფოს.

თრეილ ქონსთრაქშენიერთდროულად რამდენიმე ფუნქცია ითავსებდა: საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობდა ტენდერში კონკურენციის იმიტაციის შესაქმნელად და ფასის ფიქსაციისთვის; უშუალოდ სრულად აკეთებდა კაპანაძის კომპანიის გასაკეთებელ საქმეს, თვითონაც იღებდა მოგებას და კაპანაძესაც სოლიდური შემოსავლებით უზრუნველყოფდა. ხმარებოდა კაპანაძის კომპანიას გამოცდილების დაგროვებაში, რათა უფრო დიდ ტენდერებში, გამარჯვების იმიტირებული საფუძვლები შეექმნათ; კაპანაძესთან შეთანხმებით და მფარველობით დამოუკიდებლად მონაწილეობდა სხვა ტენდერებში, საჭიროების გარეშე არ უქმნიდა მას დამატებით კონკურენციას, - იურისტის შეფასებით, შესაძლო დანაშაულს წარმოადგენს იმ თანამდებობის პირების მოქმედებაც, რომლებმაც იცოდნენ აღნიშნულის შესახებ, უშუალოდ მონაწილეობდნენ და ღებულობდნენ სარგებელს ან სხვაგვარად ხელს უწყობდნენ შესაძლო დანაშაულის ჩადენას.

ჯონი კაპანაძის თქმით, ის საქართველოში სამთო საფეხმავლო ბილიკების განვითარების „უბადლო მცოდნეა“ და ამიტომაც არაერთ პროექტში მიუღია მონაწილეობა.

ჯონი კაპანაძე: „საჯარო ინფორმაციის იქით მე არაფრის გაცემას და თქმას არ ვაპირებ იმიტომ, რომ ამის ვალდებულება უბრალოდ არ მაქვს. როგორ და რატომ გავხდი მჭედლიძის პარტნიორი, არ ვარ ვალდებული საქმის კურსში ჩაგაყენოთ. ...მისმინე, ფსიქოთერაპევტი ვარ და ახლა ნუ მაწვებით ჟურნალისტურად. გეუბნებით, რომ არ გიპასუხებთ, არანაირად არ ვარ ვალდებული.

მთის ამბები: როგორ ახსნით, რომ ხან ვითომ ერთმანეთის კონკურენტები ხართ თქვენ და  „თრეილ ქონსთრაქშენი“ და მერე ერთმანეთის საქმესაც აკეთებთ.

ჯონი კაპანაძე: მე ყველაფერს ვერ ვწევ ერთდროულად, ბილიკების მშენებლობასაც და ინფრასტრუქტურასაც.

მთის ამბები: მოჩვენებით კონკურენტებად იმიტომ ფიქსირდებით, რომ სატენდერო თანხა არ შემცირდეს?

ჯონი კაპანაძე: ნახეთ ტენდერების საიტი, ხომ მანდ არის. რამდენი კითხვაც არ უნდა დამისვა, მე მაინც ჩემს მონოლოგს გავაგრძელებ. არ გიპასუხებთ“.

„მთის ამბები“ აგრძელებს ამ თემაზე მუშაობას.

ავტორი: ვლადიმერ ქუთათელაძე

რეპორტიორი: ქრისტინე ქათამაძე

რედაქტორი: გელა მთივლიშვილი

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში