საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

მარიტა გუტაშვილი მერიის შენობის დარბევაზე და ონში საახალწლო კონცერტის ჩაშლაზე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

19:40 - 30 დეკემბერი 2023 hits 3185
რადიო „თავისუფლების“ ფოტო
ახალი ამბები
რადიო „თავისუფლების“ ფოტო

მარიტა გუტაშვილ, რომლის და-ძმაც და ოჯახის კიდევ 7 წევრი შოვში სტიქიურ უბედურებას ემსხვერპლა, განმარტებას აკეთებს ონის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში 7 დეკემბერს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით მარიტა ასევე უარყოფს ინფორმაციას, თითქოს, 27 დეკემბერს, ონში საახალწლო კონცერტი მისი ოჯახის მოთხოვნით ჩაიშალა.

„მინდა გამოვეხმაურო ორ საკითხს - „მერიის დარბევას“ და ონში ჩაშლილ საახალწლო ღონისძიებას, რომლის გაუქმებაც ჩვენს ოჯახს დაუკავშირეს.

სამწუხაროდ, ონის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობა გამიუარესდა, ქირურგიული ჩარევა დამჭირდა და საჯაროდ განმარტების გაკეთება აქამდე ვერ შევძელი.

მომხდარს ძალიან განვიცდი და ვწუხვარ. ონის მერიაში მისული ვიყავი ჩემი გარდაცვლილი დის, მეგის მიერ დაწყებული პროექტის გამო, რომლის მიზანიც რაჭაში მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტაში მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდაა.

მერიის ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელიც პროექტის განხილვისას დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებით გამოირჩეოდა, შეხვედრის დასრულების შემდეგ მოვთხოვე, შეეწყვიტა მსგავსი ქცევა, რაზეც მიპასუხა, რომ შემეძლო მერიაში აღარ მივსულიყავი და სხვა გამეგზავნა.

მსგავსმა დამამცირებელმა დამოკიდებულებამ ჩამაგდო აფექტის მდგომარეობაში, რის შემდეგაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება დამჭირდა.

ადგილობრივი თვითმმართველობა ერთ რომელიმე საჯარო მოხელეს ან გადაწყვეტილების მიმღებ პირებს არ ეკუთვნით, ყველა მოქალაქეს გვაქვს უფლება მონაწილეობა მივიღოთ სახელმწიფო საქმეების წარმართვაში იმის მიუხედავად, როგორია ჩვენი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხთან მიმართებით.

რაც შეეხება ონის მუნიციპალიტეტის მერს, ვადასტურებ, რომ ინციდენტის დროს, როცა მძიმე მდგომარეობაში ვიყავი, ის ნამდვილად მიღებდა ვიდეოს, რასაც ახლა უარყოფს. ამ ფაქტს არაერთი თვითმხილველი ჰყავს. მერის ამ არაადეკვატურმა ქმედებამ ჩემი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.

არ მსურს ვინმე შევაწუხო იმ ტრავმით, რომლითაც მე და ჩემი ოჯახის წევრები შოვის ტრაგედიის შემდეგ ვარსებობთ. არავის მიმართ მტრულად არ ვარ განწყობილი, მე გადარჩენას ვცდილობ მშობლების, ბიძების, ახლო ნათესავების სანუგეშებლად და მხარდასაჭერად - სიმართლის საპოვნელად გამოძიებას ბოლომდე მივყვები!

ონის მერიაში მომხდარ ინციდენტს წინასაახალწლოდ არც მივუბრუნდებოდი, რომ არა 27 დეკემბერს საახალწლო ღონისძიების ჩაშლა, რაც ჩემს ოჯახს და შოვის ტრაგედიას დაუკავშირეს. ჩვენ არაფერ კავშირში ვართ ზეიმის ჩაშლასთან. პირიქით, მე თავად ვარ ჩართული ღონისძიებების ორგანიზებაში, რომლითაც ახალი წლის დღეებში განსაკუთრებით ბავშვებს გავახარებთ.

მადლობა საზოგადოებას სოლიდარობისთვის. დამდეგს გილოცავთ და მშვიდობიან წელს გისურვებთ!“

„მთის ამბებმა“ 17 დეკემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მარიტა გუტაშვილმა ონის მერიის შენობაში საკონფერენციო დარბაზი დაარბია და ინვენტარი დააზიანა. ინციდენტს ონის მერი სერგი ხიდეშელი საკუთარი ტელეფონით იღებდა. გამოძიება ონის პოლიციამ სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, გამასწორებელ სამუშაოს, შინაპატიმრობას ან თავისუფლების აღკვეთას ერთიდან ხუთ წლამდე ვადით.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში