საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

სასამართლომ ჭიათურის საკრებულოს მოქალაქეთა პეტიციების განხილვა დაავალა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:57 - 22 ნოემბერი 2023 hits 1654

საჩხერის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ივანე ყიფიანმა ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაავალა, კანონით დადგენილი წესით და ვადაში განიხილოს ელენე აბდუშელიშვილისა და ვალერი ჭიტაძის მიერ წარდგენილი პეტიციები. ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტები სოფლებში - ვაჭევსა და ზედა ჭალოვანში საბავშვო ბაღების გახსნას ითხოვენ. სკოლამდელი განათლების გარეშე 100-ზე მეტი ბავშვია დარჩენილი.

ვაჭევის თემში შემავალ არცერთ სოფელში (ვაჭევი, მელუშეეთი, ღვითორი, ჯოლხეეთი) საბავშვო ბაღი არ არის. ამ სოფელში მცხოვრებ 6 წლამდე ასაკის 70-მდე ბავშვს სკოლამდელ განათლებაზე ხელი არ მიუწვდება.

უახლოეს საბავშვო ბაღებამდე მანძილი 6-10 კილომეტრია, ორივე გზა 12-20 კილომეტრი.

ხვაშითის თემი, რომლის ნაწილიც არის ზედა ჭალოვანი, კიდევ 4 სოფელს მოიცავს: ხვაშითი, ვაკევისა, ვანი, კვახაჯელეთი. საბავშვო ბაღი თემის არცერთ სოფელში არ არის და 6 წლამდე ასაკის 45-ზე მეტი ბავშვი ბაღში ვერ დადის. ზედა ჭალოვანიდან უახლოესი საბავშო ბაღი სოფელ წირქვალშია, მანძილი 8-10 კილომეტრია, ორივე გზა 16-20 კილომეტრი.

ადგილობრივ ხელისუფლებას მშობლებისთვის ტრანსპორტით უზრუნველყოფაც კი არ შეუთავაზებია.

გასულ წელს „მთის ამბები“ და სამოქალაქო აქტივობების ცენტრი USAID სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, ახორციელებდნენ ადვოკატირების კამპანიას, სოფლად მცხოვრები ბავშვებისთვის სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობისთვის.

ელენე აბდუშელიშვილმა და ვალერი ჭიტაძემ ჭიათურის საკრებულოს პეტიციებით 2022 წლის დეკემბერში მიმართეს. საკრებულომ ორივე პეტიცია მერს, გივი მოდებაძეს გაუგზავნა, რის შემდეგაც რეაგირება აღარ ყოფილა. საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებდა, რომ პრობლემის გადაწყვეტა მერის კომპეტენცია იყო.

პეტიციის წარმდგენებმა 2023 წლის მაისში სარჩელით რაიონულ სასამართლოს მიმართეს. ისინი ითხოვდნენ მოსამართლეს ჭიათურის საკრებულოსთვის პეტიციების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება დაევალებინა. მოსარჩელეთა ინტერესებს სამოქალაქო აქტივობების ცენტრი იცავდა.

მოსამართლე ივანე ყიფიანმა სარჩელი დააკმაყოფილა. გადაწყვეტილებაში ის უთითებს: „მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტის მერიიდან პასუხი არ იყო მიღებული, საკრებულოს სრული უფლებამოსილება ჰქონდა გაეგრძელებინა ადმინისტრაციული წარმოება და მიეღო საბოლოო გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ საკრებულოს ვირტუალური უარი დაუსაბუთებელია, რადგან სრულიად გაურკვეველია უარის საფუძველი და მიზეზი. სასამართლო ასკვნის, რომ ფაქტობრივად ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არ შეუსწავლია პეტიციის ავტორთა საჭიროებები და არ შეუფასებია ის“.

სამოქალაქო აქტივობების ცენტრის ადვოკატის ვლადიმერ ქუთათელაძის თქმით, ეს საქმე და საჩხერის სასამართლოს გადაწყვეტილება იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ მანამდე პეტიციის განუხილველობა მსგავს საკითხზე სასამართლოში არავის გაუსაჩივრებია. ამასთან, არსებული პრაქტიკის მიხედვით, საკრებულოები ხშირად ირიდებენ პასუხისმგებლობას მიიღონ გადაწყვეტილება პეტიციაში დასმულ საკითხებზე. საკრებულო ხშირად აპელირებს, რომ პეტიცია განსახილველად მერს გაუგზავნა და სხვა ვალდებულება არ აკისრია.

„სასამართლომ განმარტა ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის მუხლი, რომელიც ბუნდოვანი იყო და რომლის არასწორი განმარტებითაც, საკრებულო ვალდებულების თავიდან არიდებას ცდილობდა. სასამართლომ მიუთითა, რომ პეტიციაზე საბოლოო გადაწყვეტილებას საკრებულო იღებს და არა მერია. მერია საკრებულოს მხოლოდ საკუთარ პოზიციას წარუდგენს“, - აღნიშნავს ადვოკატი.

სამოქალაქო აქტივობების ცენტრი ლაშა ჩხვიმიანის და რუსლან ომაროვის სახელით ედავებოდა დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსაც, რომელმაც არ დააკმაყოფილა პეტიციები დმანისის სოფლებში ირგანჩაისა და ამამლოში საბავშვო ბაღების გახსნაზე. საქმეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნინო გიორგაძე იხილავდა. დავის პერიოდში საკრებულომ ორივე სოფელში ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა, რის გამოც მოსარჩელებმა სარჩელი უკან გაიხმეს.

ამ თემაზე - ცვლილებები ადვოკატირების შემდეგ - 25 მლნ გამოიყო საბავშვო ბაღების მშენებლობისთვის

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში