საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

არსებობს ყველა წინაპირობა, ლიცენზია თვის ბოლომდე ძალადაკარგულად გამოცხადდეს - მინისტრი

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

22:15 - 20 ნოემბერი 2023 hits 2123

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, გარემოს ეროვნული სააგენტო რაჭისა და ქვემო სვანეთის ტყეებში სამონადირეო მეურნეობის მოწყობის ლიცენზიის გაუქმებაზე გადაწყვეტილებას თვის ბოლომდე მიიღებს. მინისტრის თქმით, სამინისტროსთან მიმდინარე საპროტესტო აქცია უსაფუძვლოა და ამის საჭიროება არ არსებობს.

„ჯერ კიდევ მაისში განვაცხადეთ, რომ კომპანიას - „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“ ერთი წლის განმავლობაში უნდა წარმოედგინა მართვის გეგმა და სხვა კვლევებზე ინფორმაცია. გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტმა გააკეთა რეაგირება და განცხადებაც გავრცელდა, რომ ეს გეგმა არ იყო წარმოდგენილი. ოქმიც იქნა შედგენილი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ. მას შემდეგ კიდევ არაერთი განცხადება გაკეთდა სააგენტოს, სამინისტროს, ჩემი მხრიდან.

ოფიციალურად განვაცხადეთ, რომ ვიწყებთ ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადებასთან დაკავშირებით პროცედურას და გარემოს ეროვნულ სააგენტოს დაწყებული აქვს ეს პროცედურა.

ყველა შესაბამის უწყებას გაგზავნილი აქვს წერილები, გამოთხოვილია ინფორმაცია. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ძალიან მალე,

უმოკლეს დროში, არაუგვიანეს თვის ბოლოსი, მე ვფიქრობ, იქნება მიღებული გადაწყვეტილება გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ამ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში და ვფიქრობ, არსებობს ყველა წინაპირობა, იმის გათვალისწინებით, რაზეც მე ახლა ვისაუბრე, რომ ლიცენცია გამოცხადდეს ძალადაკარგულად.

თუმცა, ეს არის ადმინისტრაციული წარმოება, რომელსაც ახორციელებს გარემოს ეროვნული სააგენტო და მას უნდა მივცეთ საშუალება, პროცესი ბოლომდე მიიყვანოს“, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, ამ პროცესების შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდეს პროტესტის მონაწილეებს ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე ისინი ამბროლაურიდან თბილისში, სამინისტროს წინ გადმოინაცვლებდნენ.

„ეს პროტესტი, როგორც ჩემთვის ცნობილია, დაიწყო თვენახევრის წინ და ამაზე საუბარი ჩვენ მაისიდან დავიწყეთ, რომ ვალდებულებები არ სრულდება, რომ ჩვენ აქ დაცული ტერიტორიის შექმნაზე ვფიქრობთ. შვიდსაათიანი შეხვედრა შედგა ამბროლაურში, სადაც პროტესტის მონაწილეებს დეტალურად განუმარტეს, რა პროცესებთან გვქონდა საქმე, რას ვგეგმავდით ჩვენ და მოვუწოდეთ მათ, ჩართულიყვნენ ახალი დაცული ტერიტორიის შექმნასთან დაკავშირებულ პროცესში.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ ვხედავთ ესკალაციას სამინისტროსთან, რაც არავისთვის არ არის სასურველი, მითუმეტეს ჩემთვის. ვხედავთ ადამიანები ამ ამინდში, სიცივეში ღამეს ათენებენ კარავში, როცა ამის არანაირი საჭიროება არ არსებობს.

მინდა მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს, ვინც დღეს პროტესტის მონაწილეები არიან, ქალბატონებს, ბატონებს, რომ თავიანთ ოჯახებს დაუბრუნდნენ, დაველოდოთ გარემოს ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებას, რომელიც სამართლებრივი პროცესია და პირობას გაძლევთ, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება ძალიან სწრაფად, არაუგვიანეს თვის ბოლოსი და ყველანაირი წინაპირობაა, რომ ეს ლიცენზია გამოცხადდეს ძალადაკარგულად.

გაუგებარია რა მიზანს ემსახურება ეს. ალბათ, გარკვეული ქულების დაწერაა მიზანი, სხვას ვერაფერს ვხედავ. დღესაც შევთავაზეთ მათ ამ საკითხებთან მიმართებაში შეხვედრა შესაბამის პასუხისმგებელ პირებთან, თუმცა მათი მხრიდან შეხვედრაზე არ იყო კონკრეტული პასუხი და თქვეს, რომ მათი პირველი მიზანია შენობის ტერიტორიაზე განათავსონ კარავი, იქ იყვნენ და მერე ვისაუბროთ შეხვედრაზე“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“ მფლობელის დავით ხიდაშელის განცხადებაზე, რომ მან კომპანია და შესაბამისად, ლიცენზიაც გაყიდა, მინისტრი იწრმუნება, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს თანხმობის გარეშე ლიცენზიის გაყიდვა ან გაჩუქება ვერცერთ შემთხვევაში ვერ მოხდება.

„ჩვენ დღეს ვსაუბრობთ, განვიხილავთ და მიდის პროცესი ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადებაზე და როგორ შეიძლება ახლა სააგენტომ იმსჯელოს ამ ლიცენზიის სხვაზე გადაცემასთან დაკავშირებით, ეს არალოგიკურია“, - თქვა მინისტრმა.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტები 18 ნოემბრიდან საპროტესტო აქციას მართავენ თბილისში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შენობასთან, რაჭისა და ქვემო სვანეთის ტყეებში გაცემული ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით. ლიცენზიის ფარგლებში საქართველოს მთავრობას რუსეთის ხელისუფლებასთან მჭიდროდ დაკავშირებული დავით ხიდაშელისთვის 104 712 ჰექტარი ტყე 49 წლით აქვს გადაცემული. ეს გადაწყვეტილება „მწვანე ალტერნატივას“ და რაჭის სათემო ორგანიზაციას სასამართლოში აქვთ გასაჩივრებული, მრავალი კანონდარღვევის გამო, რაზეც „მთის ამბების“ ჟურნალისტური გამოძიება მოგითხრობთ.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში